Accessibility links

logo-print

პოლიტიკურ ძალებს შორის მსხვილი კაპიტალის მოსაზიდად მწვავე კონკურენცია გაჩაღდა


აქტიური საგარეო თუ სამხედრო პოლიტიკის წარმოებასთან ერთად, რომელიც ერაყში მიმდინარე ომითაა გამოწვეული, საქართველოს ხელისუფლება შიდაპოლიტიკაზეც ფიქრობს და ცდილობს,

პოზიციები არც წინასაარჩევნო ბრძოლაში დათმოს. საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სავარაუდო თარიღის გამოცხადებასთან ერთად, მსხვილმა ბიზნეს დაჯგუფებებმა თავიანთი პოლიტიკური ამბიციები გამოააშკარავეს, რამაც სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა აიძულა წინასაარჩევნო მარათონში ჩართულიყო და დასაყრდენი ბიზნესი გამოეძებნა.

მსხვილი ბიზნესის სწრაფვას საკუთარი კაპიტალი პოლიტიკაში მოსვლით დაიცვას, ექსპერტები ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევენ. სოციოლოგ გოჩა ცქიტიშვილის განმარტებით:

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა] „ეს ისეთივე ჩვეულებრივი პროცესია, როგორც დილით ჩაის სმა, ასე რომ, აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება".

მისივე თქმით, რადგან ბიზნესი მთელ მსოფლიოში რისკთან დაკავშირებული საქმიანობაა, ის ყოველთვის ცდილობს თავის დაცვას ან არასამართლებრივი მეთოდებით, ან კიდევ სამართლებრივი გზით.

ასეთი მცდელობა უკვე ჰქონდა საქართველოში ერთ-ერთ მსხვილ მეწარმეს გოგი თოფაძე. მან პარლამენტში მოსვლით ბიზნესისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო გარემოს შექმნა გადაწყვიტა, თუმცა ამ ჩანაფიქრის რეალიზება გასული 4 წლის მანძილზე ვერანაირად ვერ მოახერხა.

თოფაძის ორგანიზაციას, მრეწველთა პარტიას, თავისი მთავარი მიზნის განხორციელების შანსი ეძლევა მხოლოდ ახლა, როდესაც სახელისუფლებო პოლიტიკური ძალა მრეწველთა არა პოლიტიკური, არამედ ფინანსური რესურსით დაინტერესდა.

მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე და სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ბოლო დრომდე მრეწველთა კავშირთან აქტიურ თანამშრომლობას ერიდებოდა. უფრო მეტიც, ჯორბენაძის პარტიის საპარლამენტო ფრაქციამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს მრეწველთა საგადასახადო კოდექსის პროექტს, რომელიც გადასახადების გამარტივებას ისახავს მიზნად. თუმცა მოქალაქეთა კავშირის კონკურენტი პოლიტიკური ძალების ბიზნეს პარტნიორების გამჟღავნების შემდეგ ჯორბენაძე იძულებული გახდა საპასუხო ნაბიჯი გადაედგა. იგი 4 აპრილს მრეწველთა ოფისს საგადასახადო კოდექსის პროექტის მხარდასაჭერად ესტუმრა და რამდენიმე საშუალო და უფრო მეტი წვრილი ბიზნესმენის გულის მონადირებას შეეცადა.

[ჯორბენაძის ხმა] „ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ სერიოზულად დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ ხელისუფლება ბიზნესს უშლის ხელს, მაგრამ ხელისუფლება ვერანაირად ვერ შეურიგდება იმ კატეგორიის ადამიანებს, ვინც მიჩვეული იყო სხვისი შრომით ან სხვის ხარჯზე გამდიდრებას და რომელთაც თავიანთი მდგომარეობით შეიქმნეს დღევანდელი ფინანსური რესურსები, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელი შეეშალოს და ეგ კატეგორია ხალხისა დღეს ფიქრობს არაწესიერი გზით პოლიტიკაში მოვიდეს."

ამას წინ უსწრებდა გადამხდელთა კავშირში 2 აპრილს გამართული შეხვედრა. მასზე მსხვილ ბიზნესმენებთან ერთად, რომელთა შორისაც იყო პრეზიდენტ შევარდნაძის ნათესავი გურამ ახვლედიანი და მედიამაგნატი ბადრი პატარკაციშვილი, ბიზნესმენების უფლებების დაცვაზე იმსჯელეს და ამ მიზნის მიღწევა პოლიტიკაში მოსვლით გადაწყვიტეს. შეხვედრის დამთავრების შემდეგ ბადრი პატარკაციშვილმა ღიად გამოაცხადა, რომ მომავალ არჩევნებში მხარს დაუჭერს ახალ მემარჯვენეებსა და გაერთიანებულ დემოკრატებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თოფაძის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდა კომპანია „აირზენას" წარმომადგენელი მაკა ასათიანი. მისი ოჯახიც ეჭვს გამოთქვამს, რომ კახი ასათიანის მკვლელობა ახვლედიანთა კლანის ორგანიზებულია. ეს კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მიუხედავად თოფაძის მცდელობისა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, წინასაარჩევნოდ გამორიცხული არ არის ბიზნესის, ისევე როგორც პოლიტიკური ძალების, უკიდურესი პოლარიზაცია.

რამდენად იმოქმედებს არჩევნების შედეგებზე პოლიტიკაში საქმოსანთა ასეთი ჩართვა თუ პოლიტიკის ბიზნესში გადანაცვლება, სოციოლოგ გოჩა ცქიტიშვილის განმარტებიდან ჩანს:

[გოჩა ცქიტიშვილის ხმა] „გადამწყვეტი ის არ შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც გავლენის ფაქტორი, მძლავრად იმუშავებს. იმუშავებს იმ ხარისხით, რა ხარისხითაც მიიღებს ამ ფულს თავად მოსახლეობა. ფული იმდენად იქნება მისაღები, რამდენად გადამწყვეტადაც ჩათვლის მას ამომრჩეველი."

საქართველოს ამომრჩევლის პოლიტიკური კულტურის ხარისხიდან გამომდინარე კი, ძნელი სავარაუდოა, თუ რომელ გზას აირჩევს მისი უმრავლესობა შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში.
XS
SM
MD
LG