Accessibility links

logo-print

აშშ არმიის ნაწილებმა ბაღდადში პირველი სვლა განახორციელეს


შაბათს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ აშშ-ის არმიის პირველმა ნაწილებმა ერაყის დედაქალაქში შეაღწიეს. მოელოდნენ რომ, ბრძოლა ბაღდადისთვის, ამ ხუთმილიონიანი ქალაქისთვის,

მძიმე იქნებოდა. მასალა ერაყში მყოფი ჩვენი რადიოს კორესპონდენტის რონ სინოვიცის რეპორტაჟს ეფუძნება.

სანამ ბაღდადის ამბებს გაგაცნობდეთ, ერაყის ტელევიზიის მიერ ნაჩვენები ერთი ფირის შესახებ გეტყვით მოკლედ. უჩვენეს დაბომბილი ბაღდადის ქუჩებში გასული სადამ ჰუსეინი, რომელიც მოქალაქეებს ეკითხება, როგორ ხართო. ისინი, ამით გაკვირვებულები, მას გარს ეხვევიან და ხელებსა და ლოყებს უკოცნიან. ქუჩაში სადამის ეს გასვლა, თუკი, მართლაც, თვითონ იყო, მოჰყვა ხალხისადმი ტელევიზიით მისსავე მიმართვას, რომელშიც ღმერთის დახმარებით მტერზე გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა. საქმე ის არის, რომ არავინ უწყის, რამდენი ორეული ჰყავს ერაყის პრეზიდენტს, რომელიც ორი წელიწადია საზოგადოებაში გასული არავის უნახავს. თეთრი სახლის წარმომადგენლის არი ფლაიშერის ეჭვს, რომ ეს ფირი ადრეა ჩაწერილი, შემდეგი დეტალი აღძრავს: ფირზე სადამი ამბობს, აშშ-ის არმიამ გვერდი აუარა ბაღდადის დაცვასო, რაც არ შეეფერება სინამდვილეს, თქვა ფლაიშერმა. ფაქტი ის არის, რომ ამერიკის არმიის ნაწილებმა შეუტიეს ბაღდადის დამცველებს და მათი გარღვევა ძალის გამოყენებით მოხდაო.
როგორც გითხარით, ერაყშია რონ სინოვიცი, ჩვენი თანამშრომელი, რომელიც აშშ-ის ქვეითთა მესამე დივიზიის მეორე მებრძოლი ბრიგადის ტაქტიკურ საოპერაციო ცენტრში, ბაღდადის მისადგომებთან იმყოფება. სინოვიცი იუწყებოდა: [სინოვიცის ხმა] "ათეულობით ამერიკულმა ტანკმა ბაღდადის ცენტრისკენ გაბედული სვლა განახორციელა, რათა შეემოწმებინა იყო თუ არა ქალაქის შიგნით დაცვა, და, ავიაციის თანხლებით, შეუტია ერაყის არმიის ნაწილებს".
როგორც ამერიკელმა მაიორმა ჯოფერი უატსონმა, ქვეითთა მესამე არმიის მეორე საბრძოლო ბრიგადის დაზვერვის ოფიცერმა, რონ სინოვიცს უთხრა, ამ რეიდმა გამოავლინა, რომ ერაყის რესპუბლიკური გვარდიის ნაწილში ბრძოლისუნარიანობა სუსტია. მისივე ცნობით, - მაიორი ამ შეტევაში მონაწილეობდა, - სადამის სამეთაურო ინფრასტრუქტურა, ჩანს, ასევე დარღვეულია და ქალაქის ორგანიზებულად დაცვა გაუჭირდებათ. ბაღდადში შეჭრილი ტანკები მიემართებოდნენ სამხრეთიდან, მერვე მაგისტრალის გასწვრივ. ეს მაგისტრალი ბაღდადში გადის მდინარე ტიგროსის დასავლეთით. როცა აშშ-ის ჯარისკაცებმა რესპუბლიკური გვარდის დაცვის ხაზს მიაღწიეს, - ამ ხაზს სადამ ჰუსეინი "ფოლადის რკალს" უწოდებდა, - მათ იქ მიტოვებული "ტე -72-ის" ტიპის ათი ტანკის ნაშთი ნახეს. ეს ტანკები ერაყის არმიის მძიმე შეიარაღებას წარმოადგენს და, ჩანს, საჰაერო თავდასხმების დროს განადგურდა.
ჩვენს კორესპონდენტს სხვა ამერიკელმა ოფიცერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ერიკ უესლიმ, უთხრა, რომ ერაყის არმიის მხრივ წინააღმდეგობა სუსტი იყო და მხოლოდ კალაშნიკოვის ავტომატებითა და ნაღმმტყორცნებით შემოიფარგლებოდა. ამერიკელთა შეტევა შეფერხდა, როცა "აბრამსის" ტიპის ტანკს ძრავა გაუხურდა და ცეცხლი გაუჩნდა. ამან რესპუბლიკური გვარდიის მეომრებს საშუალება მისცა ამერიკელთა კოლონისთვის შეეტიათ და ცეცხლი უფრო ინტენსიურად დაეშინათ. დაიჭრა სამი ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებიც ბრძოლის ველიდან "ბლეკჰოკის" ტიპის შვეულმფრენმა გაიყვანა.

შეტევის ამ ტაქტიკას აშშ-ის არმია კორეის ომის დროსაც იყენებდა. მისი არსი შემდგომშია: როცა ფრონტის ხაზი წინ აღარ მიდის და ქვეითთა ნაწილები დგანან, კარგად შეიარაღებული ქვედანაყოფი გადაჭრის მტრის ხაზს და იქ ანადგურებს ბანაკებს, საწყობებს და სხვა ობიექტებს. ჩვენს კორესპონდენტს კატინმა შერმენ პაუელმა უთხრა, რომ ამგვარი მანევრი ერთობ სარისკოა, რადგან მტერს შეუძლია ზურგიდან მოგიაროს და ალყაში მოგაქციოს. მაიორ უატსონის თანახმად, ამჯერად ოპერაცია წარმატებული იყო. მას მიაჩნია, რომ ბაღდადის დაცვა სუსტია, რაც შაბათის ბრძოლამაც დაადასტურა. ამასთან, - განაგრძობს მაიორი, - ამერიკელთა ტანკებმა გაანადგურეს რესპუბლიკური გვარდიის მედინას დივიზიის შტაბი ბაღდადის სამხრეთში. სულ, მაიორ უატსონის თანახმად, შაბათს ერაყელებმა ამ ბრძოლის დროს დაკარგეს 11 ტანკი, 12 საზენიტო და 20 სახმელეთო არტილერიის ერთეული, ასევე რუსული წარმოების ჯავშანმანქანა და ოთხი სატვირთო ავტომობილი. აქვე უნდა ითქვას, რომ ერაყის არმიის ნაწილების ხელშია მხოლოდ ბაღდადის ჩრდილოეთში შემავალი გზატკეცილები. ბაღდადს გარედან და შიგნით იცავენ რესპულიკური გვარდიის "ჰამურაბის" დივიზიისა და "ალ ნიდას" დივიზიის მებრძოლები, რომელთაგან პირველი დასავლეთში, მეორე კი აღმოსავლეთშია განთავსებული.
XS
SM
MD
LG