Accessibility links

ომის ''უკანა პლანი'' - ყოფილი სამხედრო ტყვის მოგონება


ერაყში ომის დაწყებიდან მეთორმეტე დღეს

ქალაქ ნასირიაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა ერაყელთა ტყვეობიდან გაათავისუფლეს ამერიკელი რიგითი, 19 წლის ჯესიკა ლინჩი, რომელიც 23 მარტიდან დაკარგულად ითვლებოდა. დასავლეთ ვირჯინიელი მომხიბვლელი ჯესიკა ამ ომის პირველ გმირად იქცა - თუკი 19 წლის ქალიშვილმა გაუძლო სამხედრო ტყვეობას, მაშასადამე, არსებობს შანსი, რომ ცოცხალია სხვა 26 სამხედრო მოსამსახურეც, რომლებიც ერაყის ომში დაკარგულებად ითვლებიან. - საზოგადოებაში ამგვარი მოტივაციის გაძლიერებას ემსახურება აღნიშნული ისტორიის ხშირი ტრანსლირება. მაგრამ არსებობს სხვა ტიპის საზოგადოებები, სადაც სამხედრო პირის ტყვედ ჩავარდნა ჯერ კიდევ ღალატთან ასოცირდება, რის გამოც ტყვედნამყოფი ადამიანი იძულებულია მთელი ცხოვრება ატაროს ეს დამაკნინებელი იარლიყი. ამჯერად ერთი ასეთი ისტორია მინდა გავიხსენო.

17 წლის თემურ სირაძე 1993 წლის 2 აგვისტოს გავიცანი. ეს მოხდა ქალაქ ოჩამჩირეში, სადაც იმხანად საქართველოს შეიარაღებულ ძალთა დაჯგუფების შტაბის პრესოფიცრად ვმუშაობდი. ქალაქ ტყვარჩელში აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებიდან დაბრუნებულმა საქართველოს სამხედრო დელეგაციის ხელმძღვანელმა, გენერალმა ლევან შარაშენიძემ თავისთან გამომიძახა და დამავალა, რომ თბილისში ჩამეყვანა ორი ქართველი სამხედრო ტყვე, რომლებიც მისთვის აფხაზთა დაჯგუფების მეთაურებს გამოეტანებინათ. ერთი მათგანი გახლდათ თემურ სირაძე, რომელიც აფხაზურმა დივერსიულმა ჯგუფმა სოფელ კინდღთან სასტიკი ბრძოლების შემდეგ დაატყვევა.
აი, როგორ იგონებს 10 წლის წინ თავისი დატყვევების ისტორიას თემურ სირაძე:
[თემურ სირაძის ხმა] "მინდა ვთქვა, რომ ათი წლის თავზეც - და არა მგონია, ამას როდისმე დასასრული ჰქონდეს - მე ყოველდღე ამ ცხოვრებით ვცხოვრობ. მე გახლდით მძღოლ-მექანიკოსი. მიზეზი -საბოლოოდ, არაფრის მომცემი - იყო სამხედრო მანქანის ნაწილი, ამ მიზეზის გამო მოხდა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადასვლა. შემდგომ აღმოვჩნდით ალყაში და ხელჩართული ბრძოლის პროცესში მოხდა ჩემი ტყვედ აყვანა. იქ, დაახლოებით, 21 კაცი დაიღუპა, - ორი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად, - რომელთა არათუ ცხედრების, არამედ ძვლების გადმოსვენება მოხერხდა ორიოდე თვის შემდეგ, და დასახიჩრდა არაერთი ჩვენი თანამებრძოლი."[სტილი დაცულია]

[კობა ლიკლიკაძის ხმა] "სად წაგიყვანეს, თემურ, და რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ტყვეობა?"

[თემურ სირაძის ხმა] "გადამიყვანეს კერძო სახლში მოწყობილ შტაბში, სადაც, დაახლოებით, დღე-ნახევარი დამაყოვნეს. ეს ისევ კინდღში ხდება. ამის შემდეგ გადამიყვანეს სოფელ ჯგერდაში, აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გახლდით კონოთეატრის სალაროში დამწყვდეული, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რიკულებიან სალაროში, სრული ერთი დღის განმავლობაში. შემდეგ გადამიყვანეს ტყვარჩელის ეგრეთ წოდებულ ციხეში, სადაც დამაყოვნეს, დაახლოებით, 40 დღე და ამის შემდეგ, ვითომცდა გაცვლის მოტივით, წამიყვანეს სოფელ ათარა არმიანსკაიაში. ეს გაცვლა არ შედგა რაღაც მიზეზების გამო."[სტილი დაცულია]

ამ მიზეზებზე, რომელთა გამოც მისი ტყვეობა კიდევ ერთ თვეს გაგრძელდა, თემურ სირაძეს არ უყვარს საუბარი. იგი მხოლოდ იმას იხსენებს, რომ აფხაზებთან რადიოკავშირზე გამოსულმა ერთ-ერთმა ქართველმა საველე მეთაურმა უარი თქვა, 17 წლის მებრძოლის სანაცვლოდ, მის ტყვეობაში მყოფი გამოცდილი აფხაზი მებრძოლი დაეთმო. თუმცა არანაკლები იმედგაცრუება თემურს ტყვეობის შემდეგ ელოდა.
[კობა ლიკლიაკძის ხმა] "როგორ მიგიღეს საზოგადოებაში, როდესაც დაბრუნდი?"

[თემურ სირაძის ხმა] "მე მახსენდება დუმბაძის ვანიჩკა ბიძია, როდესაც თავის ტყვეობის პერიოდს იხსენებს და მაშინ მიაჩნდა მას, რომ ბრინჯის ფაფას მაჭმევენ, ამ დამსახურებას დამიფასებენ, მიუხედავად ტყვეობისა... მოხდა საპირიპირო რამ: რახან ტყვედ ხარ ნამყოფი, იარლიყი გადევს, რომ ყველაფერზე წამსვლელი ხარ. არ ვიცი, მე, უბრალოდ, ვგრძნობდი ამას, პირში არავის ჩემთვის ეს არ უთქვამს. ვგრძნობდი გამჭოლ მზერას, დამაფიქრებელ გამოხედვას მათი მხრიდან, რაღაც ნიშნის მოგებას, რაღაც ზევიდან ყურების ეტაპი იყო ჩემთვის. მე დღესაც ამ ტვირთით ვცხოვრობ და ვიცხოვრებ კიდევაც, რადგან შეუძლებელია ამის დავიწყება."[სტილი დაცულია]

თვითდამკვიდრების პროცესში თემურ სირაძეს ბევრი განსაცდელის გადატანა მოუხდა. მოგვიანებით, სასოწარკვეთისა და კაეშნის გადასალახად, მან წერა დაიწყო და, საბოლოოდ, ჟურნალისტის პროფესიას მიჰყო ხელი. ამჟამად "მთავარი გაზეთის" კორესპონდენტ თემურ სირაძის ინტერესთა სფეროს წარმოადგენს სამხედრო საქმე, ჯარისკაცების ცხოვრება, ვეტერანების პრობლემები და ცდილობს ამგვარად დაეხმაროს სხვებს დაუმსახურებელი იარლიყებისა და მძიმე წარსულისგან გათავისუფლებაში.
XS
SM
MD
LG