Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემას


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემას

კარგად ნაცნობ და შედარებით უცნობ, ახალგაზრდა და სრულიად ახალგაზრდა, მეტიც, ბავშვური ასაკის ორ ადამიანს დავუთმობთ. ჯერ შემოგთავაზებთ მოკლე ინტერვიუს პოეტ დავით მაღრაძესთან, რომლის წიგნი "ნიკალა" ბოლო ორი წლის მანძილზე მესამედ გამოიცა და ამ შაბათს, 5 აპრილს, წარუდგინეს საზოგადოებას. შემდეგ კი ეკა წამალაშვილი მოგითხრობთ პატარა ქართველი მომღერლის სალომე გასვიანის შესახებ, რომელიც საშემსრულებლო კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს.

[მიდის ინტერვიუ დათო მაღრაძესთან]

ეს არის რადიო "თავისუფლების" ახალგაზრდული პროგრამა. ახლა მოუსმინეთ ეკა წამალაშვილსა და მის სტუმარს, პატარა ქართველ მომღერალს სალომე გასვიანს.

[სალომე გასვიანის ხმა] "სიმღერა, მგონი, ლაპარაკზე ადრე დავიწყე. 2 წლის რომ ვიყავი, ვღიღინებდი, შემდეგ მივედი ქალბატონ ნუნუ გაბუნიასთან. 6 წლის რომ ვიყავი, დავიწყე დიდ სცენაზე სიმღერა. ძალიან, ძალიან ბევრ კონცერტზე ვარ გამოსული. საერთოდ, თუ სიმღერა არ მომწონს, ალბათ, არ ვიმღერებ ამ სიმღერას. რა ვიცი, ყველა სიმღერა მომწონს, რასაც ვასრულებ."

სალომე გასვიანს ძალიან უყვარს სიმღერა "მიფრინავს დროც", რომლის ჩანაწერიც გესმით და რომლის მიხედვით გადაღებულმა კლიპმაც პატარა მომღერალს საქართველოში პოპულარობა მოუტანა. მას საქართველოც უყვარს, მაგრამ სამშობლოდან შორს წასვლა უწევს, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ოცნებების ახდენას ელოდება. სალომეს იქ სერიოზული წარმატებები უწინასწარმეტყველეს.

[სალომე გასვიანის ხმა] "რა თქმა უნდა, ყველას ურჩევნია ამერიკაში იყოს, ფართო მასშტაბით გაეცნოს ყველას. როცა ამერიკაში ხარ და როცა იქ პოპულარული ხარ, ყველგან პოპულარული ხარ, ავღანეთშიც კი პოპულარული ხარ. მივდივარ ორი თვის შემდეგ. ვიცი, რომ მსახიობის ოსტატობაზე უნდა ვიარო იქ. კიდევ, უნდა ვიარო სკოლაში და რაღაც შოუებში უნდა ვითამაშო."

სალომე გასვიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად შარშან სექტემბერში ჩავიდა ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და პირველი ადგილიც მიიღო. ამის შემდეგ მისი სიმღერებით ქართველი შუამავლები - შოთა სიგუა და პაატა პაპუაშვილი - დაინტერესდნენ და სალომეს შესახებ ინფორმაცია ცნობილ ამერიკულ კომპანიას "Brookwell Mcnamara entertainment"- ს მიაწოდეს. ცნობისათვის, ეს გასართობი ინდუსტრიის ერთ-ერთი სერიოზული ამერიკული კომპანიაა და მას სათავეში ცნობილი პროდიუსერები - შონ მაკნამარა და დევიდ ბრუკველი - უდგანან. "Brookwell Mcnamara entertainment"-ში სალომეს ჩანაწერებით და მისი ფოტოებით დაინტერესდნენ, პატარა ქართველ მომღერალს შეერთებულ შტატებში ალბომის გამოცემა და ორი მუსიკალური კლიპის გადაღება შესთავაზეს. ასე მოხვდა სალომე გასვიანი მეორედ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თანაც, უჩვეულოდ საინტერესო გარემოში. ვისთან ჰქონდა მას იქ საქმიანი ურთიერთობა, ამის შესახებ თავად მოგვითხრობს:

[სალომე გასვიანის ხმა] "კომპოზიტორები იყვნენ ჯონ დეფარია და ჯონ კოდა. ესენი ძალიან გამოჩენილი კომპოზიტორები არიან. ჯონ დეფარია ცნობილ მომღერლებს უწერს სიმღერებს და მეც დამიწერა სიმღერები. ჯონ კოდა კი არის პიროვნება, რომელიც ტელესერიალების და კინოების კომპოზიტორია. "

ამ კომპოზიტორების სიმღერების ჩაწერისას სალომეს სრული თავისუფლება მიანიჭეს. ის ზუსტად ისე მღეროდა, როგორც თავად სურდა და, შედეგად, სერიოზული შეფასებებიც მიიღო. სალომეს სიმღერის მიხედვით, შეერთებულ შტატებში 2 მუსიკალური კლიპი გადაიღეს და პატარა სატელევიზიო ფილმიც სალომეზე. მე ვნახე ეს ფილმი, რომელშიც ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორები და პროდიუსერები სალომეს შესახებ საუბრობენ. აი, როგორი შთაბეჭდილება დატოვა მათზე პატარა ქართველმა მომღერალმა:

‘სალომე უზომოდ ნიჭიერია. მე მაოცებს სული, რომელიც მის სიმღერაში, მის ხმაში იკვეთება. სალომეს ორივე ვიდეოკლიპი ძალზედ წარმატებულია. გასაოცარია მისი შესრულების მანერა. ის ნამდვილ კინოვარსკვლავს ჰგავს. მშვენიერი პროპორციები აქვს და, თანაც, ძალიან ტკბილად მღერის. ის, უბრალოდ, ძალიან კარგია. სალომეს განსაკუთრებული ნიჭის აქვს - როგორც მომღერლის, ასევე მსახიობის. ვფიქრობ, მას დიდი მომავალი აქვს შეერთებულ შტატებში. სალომეს შესრულების მანერა ერთგვარი გამოწვევაა თანამედროვე პოპ მუსიკისთვის."

ასეთი შეფასებები ჯონ დეფარიას, ჯონ კოდას, შონ მაკნამარას და სხვა იმ ადამიანებს ეკუთვნით, რომელთა აზრსაც შეერთებულ შტატებში პატივს სცემენ. ისინი პატარა ქართველ გოგონას ხან ჯულია რობერთს, ხან სელინ დიონს ადარებენ, მაგრამ სალომეს ვერ შეატყობთ, ამ შედარებებს მის ხასიათსა და წარმოდგენებში ცვლილებები შეეტანოს. ის ჩვეულებრივი, თბილი, მხიარული ბავშვია და სულაც არ ფიქრობს, რომ პოპულარობა ყველაფერზე მეტია.
როცა გაკვეთილი არ იცის, სკოლაში არ მიდის, ეს კი არცთუ იშვიათად ხდება. სიმღერას დიდი დრო მიაქვს და ამიტომ საშინაო დავალებების მომზადებისთვის ზოგჯერ ვერ იცლის. ხელის შეწყობისთვის მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორის მადლიერია. სიმღერის გარდა, რომელიც ყველაფერს ურჩევნია, თხილამურებით სრიალი და ცურვა უყვარს და მსახიობობაზე ოცნებობს. ამ და სხვა ოცნებებით სალომე გასვიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში მალე გაემგზავრება. წარმატებები ვუსურვოთ მას.
XS
SM
MD
LG