Accessibility links

logo-print

აშშ-ის ჯარმა შეტევა განახორციელა ბაღდადზე. ბრიტანელებმა ქალაქბასრის უმეტესი ნაწილი აიღეს


ბაღდადის აეროპორტის აღება აშშ-ის ჯარის ერთ-ერთი პირველი მიზანი იყო. ერაყში მყოფი ჩვენი კორესპონდენტი რონ სინოვიცი აშშ-ის არმიის საგანგებო კოლონასთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა.

[სინოვიცის ხმა]
"მე ვდგავარ ასაფრენ ბილიკთან აეროპორტისა, რომელსაც გასულ კვირამდე სადამის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ერქვა და ახლა აშშ-ის სამხედროებმა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტი უწოდეს". ამბობს სინოვიცი და გვიდასტურებს, რომ აეროპორტი მართლაც ამერიკელთა, და არა ერაყელი სამხედრობის ხელშია, როგორც ერაყის ინფორმაციის მინისტრმა გამოაცხადა.

სინოვიცი, აშშ-ის არმიის ქვეითთა მესამე დივიზიის ერთ-ერთ ნაწილს ახლავს. ის, ამ დივიზიის პოზიციიდან აეროპორტისკენ გაჰყვა კოლონას, რომელსაც, სხვა ტვირთთან ერთად, 20 ათას ტონამდე საწვავი გადაჰქონდა. კოლონა აეროპორტისკენ ბაღდადის გარშემოვლით გაემართა. ჩვენი კორესპონდენტი ამბობს, რომ ეს გზა მშვიდი არ ყოფილა. სინოვიცმა, აეროპორტის შემდგომ, გზა განაგრძო ერაყის გარშემო და ქალაქს ამერიკელთა სამხედრო ნაწილთან ერთად ყველა მხრიდან შემოუარა: [სინოვიცის ხმა] "გასული 24 საათის განმავლობაში საშუალება მქონდა ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებbთ და შემდეგ ჩრდილოეთით შემომევლო. როცა ჩრდილოეთს მივადექით, ცხარე ბრძოლის მოწმე გავხდი. ვნახე ერაყელთა ათზე მეტი "ტე-72-ის" ტიპის განადგურებული ტანკი, ამდენივე მსუბუქი მანქანა, ათეულობით ტყვე. ბრძოლა ერთობ სისხლიანი იყო".
საკუთრივ ბაღდადში ორშაბათს ამერიკელებმა ჰუსეინის სასახლის კომპლექსი და სხვა ობიექტები დაიკავეს. ამ ოპერაციას უფრო ძალის ჩვენებად აფასებენ, ვიდრე დედაქალაქზე საბოლოო შტურმად. ორშაბათს ბაღდადში შესვლა ომის მე-19 დღეს ყველაზე ფართო მასშტაბისა იყო, მასში მონაწილეობდა 100-ზე მეტი საბრძოლო მანქანა, 70 ტანკის ჩათვლით. ერაყელები თავს იცავდნენ. მათ გადაკეტეს მისასვლელები ტიგროსზე გამავალ მთავარ ხიდებთან, ასევე მნიშვნელოვან სამინისტროებთან. ამ ბრძოლების დროს ორი ამერიკელი ჯარისკაცი და ორი ჟურნალისტი დაიღუპა. სამხრეთი აღმოსავლეთიდან ბაღდადში შეიჭრნენ აშშ-ის საზღვაო მედესანტეები, რომლებმაც ტიგროსის ერთ-ერთი შტო გადაკვეთეს. ამ ბრძოლის დროს ეგრეთწოდებულმა "მეგობრულმა ცეცხლმა" იმსხვერპლა ორი ამერიკელი მეომარი.

მცირე წინააღმდეგობას წააწყდნენ დღეს ერაყის სამხრეთის ქალაქ ბასრის მოიერიშეები - ბრიტანეთის არმია. მათ ქალაქის უმეტესი ნაწილი დაიკავეს და ფიქრობენ, რომ მთლიანად ბასრას მალე დაეპატრონებიან. ბასრის მისადგომებთან იყო ჩვენი კორესპონდენტი სამხრეთი ერაყში ჩარლზ რეკნაგელი: [რეკნაგელის ხმა] "ბასრაში ვარ, ბრიტანელი ქვეითები დღეს სამხრეთიდან ქალაქის ცენტრისკენ ფრთხილად მიიწევენ, პოზიციებს ამაგრებენ, შემდეგ კვლავ წინ მიდიან, ამდენად არ არის ცხადი, ქალაქის რა ნაწილს დაეპატრონებიან კიდევ".
ცხარე ბრძოლები გაიმართ ერაყის ჩრდილოეთში, განსაკუთრებით, ქალაქ მოსულთან მდებარე შაიხანთან. "რადიო თავისუფალი ერაყის" კორესპონდენტი სამი შორეში იუწყება, რომ მოსული ორშაბათს ძლიერ დაბომბეს:
[შორეშის ხმა] "ფრონტის ამ ხაზზე ორი ცხელი წერტილია, პირველია შაიხანი, მოსულთან, იქ ქურთები, არაბები, ქრისტიანები და იეზიდები ცხოვრობენ. ახლა ქალაქი ქურთების ხელშია. მეორე წერტილია ფაიდაჰი, რომელიც დოჰუკსა და მოსულს შორს მდებარეობს. აქ ბრძოლები გრძელდება, ამერიკელები ბომბავენ როგორც ერაყის ჯარის პოზიციებს, ასევე ობიექტებს საკუთრივ მოსულში." აქვე გეტყვით, რომ შორეში ამერიკელი და ქურთი ჯარისკაცების იმ კოლონაში იმყოფებოდა, რომელსაც მეგობრული ცეცხლი დაუშინეს ამერიკის თვითმფრინავებმა და 18 ადამიანი მოკლეს.
XS
SM
MD
LG