Accessibility links

logo-print

რას ურჩევენ ამერიკელი ლობისტ-კონსულტანტები ქართველ პოლიტიკოსებს?


მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე სრული ნახევარი წელია დარჩენილი, საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდი უკვე დაწყებულად გამოცხადდა. სეზონი კი სხვებზე ადრე "ახალმა

მემარჯვენეებმა" გახსნეს. გასული კვირის დასაწყისში "მემარჯვენეებმა" ჯერ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელთა მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის მოპოვება მოახერხეს, კვირის ბოლოს კი საქართველოში ჩამოიყვანეს ამერიკული გავლენიანი საკონსულტაციო ჯგუფის "ანდერსონ-მერფი-პიტსის" ორი წარმომადგენელი, რომლებიც "ახალ მემარჯვენეებს" არჩევნებში ღიად გაუწევენ დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი კონსულტანტების, ე.წ. "იმიჯმეიკერების", დახმარებით ადრე, ძირითადად, მმართველი პოლიტიკური ძალა სარგებლობდა. ამდენად, მათი გამოჩენა ოპოზიციურ ბანაკში იმდენად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა საქართელოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ამ ფაქტს კომენტარი თავად საქართველოს პრეზიდენტმაც გაუკეთა.


გავლენიანი საკონსულტაციო ჯგუფის "ანდერსონ-მერფი-პიტსის" შრომითი ბიოგრაფიის გვირგვინად აშშ-ში ჩატარებული 23 სხვადასხვა დონის წარმატებული საარჩევნო კამპანია და მგზნებარე ლობისტური საქმიანობა ითვლება. ხოლო კამპანიის სახე, მაიკ მერფი, ჯორჯ ბუშ უფროსის პოლიტიკური კონსულტანტი და ერთ-ერთი სტრატეგი იყო 1988-92 წლებში. ამიტომ, როგორც ირკვევა, სწორედ აღნიშნულ კამპანიაზე ამყარებს ყველა რესპუბლიკელი პრეზიდენტობის კანდიდატი 2008 წლის არჩევნებში იმედს. მაგრამ, რესპუბლიკელთა გარდა, მაიკ მერფის პოლიტტექნოლოგიურ რეცეპტებზე იმედს საქართველოშიც ამყარებენ. პროამერიკული მიმდინარეობის პოლიტიკური ორგანიზაციის, "ახალი მემარჯვენეების", მოწვევით, მერფიმ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლაზე თანხმობა გამოთქვა. თუმცა, ვიდრე ამ გადაწყვეტილების ნამდვილ მიზეზებს გაამხელდა, მაიკ მერფიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას და "ახალ მემარჯვენეებს" ერაყის ომში მოკავშირეთა ურყევი მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ომში მოკავშირეთა გამარჯვებას სულ მალე მთელი მსოფლიო იზეიმებს.

ძნელი სათქმელია, რამდენად განსაზღვრა თავად "ანდერსონ-მერფი-პიტსის" არჩევანი საქართველოს მხარდაჭერამ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დროს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურ სტრატეგიაზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფს, შეუძლებელია, მხედველობიდან გამორჩენოდა ამერიკის რესპუბლიკური პარტიისადმი "ახალი მემარჯვენეების" იდეური სიახლოვე. ამ პარტიის მიერ დაფუძნებულ "საქართველო-ნატოს" ოფისში ხომ თითქმის ყოველ კვირას იმართება სემინარი, რომლის მთავარ მიზანსაც ქართულ საზოგადოებაში "მსოფლიო ახალი წესრიგის" იდეალების დანერგვა წარმოადგენს.

თავად მაიკ მერფის განცხადებით, "ამერიკის პოლიტიკურ ლიდერებს სჯერათ, რომ აუცილებელია ახალგაზრდა დემოკრატიული და პროამერიკული ძალის მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში და რომ ისინი, ეს პოლიტიკოსები( მერფი მათ "ჩვენს მეგობრებს უწოდებს") ასეთ ძალად "ახალ მემარჯვენეებს" და მათ ლიდერს დავით გამყრელიძეს ასახელებენ. თავის მუშაობაში მერფი და კომპანია უარს ამბობს "შავი პიარის" ელემენტების გამოყენებაზე და იმასვე ურჩევს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსაც.

და კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული საკონსულტაციო ჯგუფი უარს ამბობს არჩევნებში ყველაზე "დემოკრატიული და პროამერიკული" ქართული პოლიტიკური ძალის დახმარებაში ჰონორარის მიღებაზე და, როგორც მაიკ მერფი აცხადებს, მზად არის მხოლოდ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებასა და "ახალი მემარჯვენეების" ქართულ სტუმართმოყვარეობას დასჯერდეს. ამ თვალსაზრისით კი, მასპინძლების გულუხვობამ, როგორც ირკვევა, სტუმართა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მაიკ მერფიმ და ჯიმ პიტსმა ჟურნალისტების წინაშე ალალად აღიარეს, რომ ორ დღეში მათ საგრძნობლად მოიმატეს წონაში. მაგრამ მოიმატებს თუ არა, ამერიკელი კონსულტანტების დახმარებით, თავად "ახალი მემარჯვენეების" პოლიტიკური რეიტინგი, ამას მომავალი გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG