Accessibility links

"პაციფიზმი" - წინააღმდეგია ყოველგვარი


"პაციფიზმი" - წინააღმდეგია ყოველგვარი,

მათ შორის, სამართლიანი ომებისაც. ამით იგი იწვევს რევოლუციური ბრძოლის დეზორგანიზაციას"... ასე განმარტავს "პაციფიზმის" ცნებას ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, გამოცემული 1984 წელს, იმხანად, როცა ავღანეთში საბჭოთა ჯარისკაცები თავიანთ ეგრეთ წოდებულ "ინტერნაციონალურ ვალს" იხდიდნენ. "პაციფიზმის" ამგვარი განმარტება აბსოლუტურად ზუსტად გამოხატავს ლეონიდ ბრეჟნევისა და მისი მემკვიდრეების საერთაშორისო პოლიტიკას: "არსებობს სამართლიანი და უსამართლო ომები. სამართლიანია ომი, რომელიც რევოლუციურ ბრძოლას იწვევს".

ბრეჟნევისა და მისი მემკვიდრეების ეპოქა წარსულს ჩაბარდა. რუსეთის ხელისუფლება დღეს "პაციფისტის" როლს თამაშობს და ერაყში სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია. მაგრამ პაციფიზმის გაგება რუსეთში, არსებითად, არ შეცვლილა. დღეს მინდა გაგახსენოთ, თუ როგორი იყო რუსეთის ინტელიგენციის დამოკიდებულება ომების მიმართ და რას ამბობენ ეს ადამიანები დღეს, როცა ერაყში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

ერაყში საომარი მოქმედების დაწყებისთანავე, რუსეთის ტელეკომპანია "ტვც"-მ ინტერაქტიული გამოკითხვა მოაწყო. კითხვა ასე ჟღერდა: "როგორ უნდა გადაწყდეს ერაყის პრობლემა?", პასუხები კი ასე: "შეერთებული შტატების გამარჯვებით", "სადამ ჰუსეინის გამარჯვებით", "ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტით". ტელემაყურებლის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 70-მა პროცენტმა, სადამ ჰუსეინის გამარჯვება ისურვა. ერაყის ლიდერის გულშემატკივრებს შორის უთუოდ იქნებოდნენ რუსი კომუნისტები, ჟირინოვსკის მომხრეები და პაციფისტებიც... მოსკოვში გამართულ პაციფისტთა დემონსტრაციებზე ხომ არა მარტო საბჭოთა კავშირის დროშებს აფრიალებდნენ, არამედ სადამ ჰუსეინის, ლენინის, სტალინის და ზოგჯერ ჰიტლერის პორტრეტებიც ეჭირათ. ერაყის ომის მიმართ ასეთი დამოკიდებულება თვისებრივად განასხვავებს დღევანდელ რუს პაციფისტებს თუნდაც გერმანელებისგან, რომლებიც განუწყვეტლივ ცდილობენ განთავისუფლდნენ თავიანთი მილიტარისტული წარსულისგან, ან დასავლელი ანტიგლობალისტებისგან, რომლებიც ერაყის ომს გლობალიზაციის კონტექსტში განიხილავენ.

საბჭოთა კავშირის დროშებითა და კომუნისტური ლიდერების პორტრეტებით შეიარაღებულ რუს "პროტესტანტებს", რომლებიც მოსკოვში შეერთებული შტატების საელჩოს წინ მიტინგებს მართავენ, ფაქტობრივად, მხარს უჭერენ ის რუსი პოლიტიკოსები, მწერლები, მხატვრები, რომლებიც დღეს დასავლეთის აგრესიაზე ლაპარაკობენ, თავად კი დასავლურ ავტომანქანებს, ამერიკულ კომპიუტერებსა და შვეიცარიულ ბანკებს ანიჭებენ უპირატესობას. ნათელი ხდება, რომ ნიკოლაი ბერდიაევმა თავის "უთანასწორობის ფილოსოფიაში" სწორედ რუსი პაციფისტების წინააღმდეგ გაილაშქრა, როცა წერდა:

[ნიკოლაი ბერდიაევის ციტატა]: "თქვენ, პაციფისტები, ადამიანის სიცოცხლეს ზედაპირულად უყურებთ... ამბობთ, რომ ამქვეყნად ერთი ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია... გავიწყდებათ, რომ სულიერი სიკვდილი ფიზიკურზე უფრო შემზარავია... თქვენი პაციფიზმი - ბოროტების უარყოფაა, თქვენ არ გაქვთ სურვილი იცოდეთ ბოროტება, თავს იკატუნებთ, თითქოს ბოროტება არ არსებობდეს."

ბერდიაევი დარწმუნებული იყო, რომ პაციფიზმი თავისი არსით არაქრისტიანულია, რომ პაციფისტები აკერპებენ მატერიალურ სამყაროს, არ სწამთ სულის მარადიულობის და, რაც მთავარია, პაციფიზმი ბერდიაევისთვის - ისტორიის სტატიკური ხედვა, ისტორიის შეჩერების ვნებაა. აშკარაა, რომ დიდი რუსი მოაზროვნის "ანტიფაციფიზმი" იყო ერთგვარი რეაქცია იმ ფარისევლობაზე, რომელიც რუს პაციფისტთა უმრავლესობას ახასიათებდა. ამიტომაც წერდა იგი:

[ნიკოლაი ბერდიაევის ციტატა]: "თქვენ აღშფოთებული ხართ სისხლისღვრით ომში, მაგრამ მიესალმებით სამოქალაქო, კლასობრივ ომებსა და რევოლუციებს. როცა ნაცია ომში ერთვება, ძმობას ქადაგებთ, სისხლის გეშინიათ და ვეგეტარიანელები ხდებით... მაგრამ როცა კლასები ებრძვიან ერთმანეთს, საყოველთაო ძმობისკენ მოწოდება გავიწყდებათ და სისხლისმსმელებს ემსგავსებით."

რუსეთის უახლესი ისტორია ადასტურებს, რომ მას მერე, რაც ბერდიაევმა "უთანასწორობის ფილოსოფია" შექმნა, ამ ქვეყანაში ბევრი არაფერი შეცვლილა. თავის დროზე საბჭოთა ტანკების შესვლას პრაღაში რუსეთის ინტელიგენციის მხოლოდ ერთი ჯგუფი გამოეხმაურა; 1979 წლის მიწურულს, როცა საბჭოთა არმია ავღანეთში შევიდა, რუსმა ინტელექტუალებმა, მათ შორის, დღევანდელმა რუსმა პაციფისტებმა, ფაქტობრივად, ეულად დატოვა აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი, რომელმაც ამ ფაქტის გამო პროტესტი გამოთქვა, რისთვისაც გადაასახლეს კიდეც.

მაგრამ ეს საბჭოთა ეპოქა იყო და გმირობას ამ დროს ყველას ვერ მოსთხოვდი. მას მერე დიდი დრო გავიდა, რუსეთი - თავისუფალი ქვეყანა გახდა, მაგრამ რუსული პაციფიზმის არსი მაინცდამაინც არ შეცვლილა. ერაყის კრიზისის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანის შემოქმედებითი ორგანიზაციის, "ამილის", წევრებმა რუსეთის ინტელიგენციას მიმართეს ღია წერილით, რომელშიც სთხოვდნენ დაეცვათ ნაციონალური უმცირესობის უფლებები რუსეთში. წერილში ნათქვამია:

["ამალის" წევრების ციტატა]: "რუსეთის ინტელიგენცია თვალს ხუჭავს ექსტრემისტების ქმედებაზე, "არარუსი" ნაციონალობის ადამიანთა მკვლელობაზე... მიზეზი ისაა, რომ იმპერიალიზმის ვირუსმა ჰუმანიზმი დაამარცხა."

თანამედროვე კულტუროლოგიასა და ფსიქოლოგიაში არსებობს "ფონისა" და "ფიგურის" ცნება, რომლის თანახმად, ფიგურაზე, თუკი ის არ ტყუის, თუკი ძლიერია და ჰარმონიული, ფონი არ მოქმედებს. ე.ი., თუ ადამიანი ჰუმანისტია თავისი არსით, ყველა მის ქმედებას ჰუმანიზმი განსაზღვრავს... სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ მაჰათმა განდია, მას ვერანაირი ფონი, ვერანაირი ისტორიული ვითარება ვერ შეცვლის. მაგრამ არ შეიძლება ფონის მიხედვით მოქმედებდე - დღეს განდი იყო, ხვალ კი - სისხლისმსმელი პატარა დიქტატორი. ფსიქოლოგიაში არსებობს "პროექციის" ცნებაც, რომლის თანახმად, ადამიანი ხშირად "მიაწერს" სხვას იმ იდეებსა და იმპულსებს, რომელიც თავად ახასიათებს, მაგრამ არ უნდა ამის აღიარება. "ფონისა" და "ფიგურის" - ასევე "პროექციის" - შესახებ ყველაზე თანმიმდევრული რუსი დემოკრატები (დღეს ისინი აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ) მაშინ ალაპარაკდნენ, როცა გაიხსენეს ჩეჩნეთის ომის მიმართ რუსეთის ინტელიგენციის დამოკიდებულება - კერძოდ, 21 რუსი მეცნიერისა და შემოქმედის საპასუხო განცხადება, რომელიც ამ დოკუმენტის ავტორებმა ფრანგული გაზეთის, "მონდის", რედაქციას გაუგზავნეს. გაგახსენებთ, რომ თავის დროზე "მონდში’ გამოქვეყნდა ევროპის სახელგანთქმული მეცნიერების, მწერლების, რეჟისორების, მათ შორის, ბერნარდო ბერტოლუჩის, გიუნტერ გრასის, ვანესა რედგრეივის, ჟან-ლუკ გოდარის წერილი "ევროპაში საშინელება დაიარება". მიმართვის ავტორები დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელებისგან მეტ პრინციპულობას მოითხოვდნენ ჩეჩნეთის ომის საკითხში. მნიშვნელოვანი ისაა, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ამ წერილს მოაწერეს ხელი, ხელისუფლებასთან "შეხმატკბილებული" არავინ ყოფილა - არც გრასი, არც კოსტა-გავრასი, არც ვანესა რედგრეივი... სამაგიეროდ, "მონდში" გამოქვეყნებულ წერილს უპასუხეს იმ რუსმა ინტელექტუალებმა, რომლებმაც თავიანთი კარიერა ჯერ კიდევ კომუნიზმის ეპოქაში გაიკეთეს: ნიკიტა მიხალკოვმა, ზურაბ წერეთელმა, ვლადიმირ ნაუმოვმა, ნიკოლაი ლავეროვმა და სხვებმა. პარტიულ-პროპაგანდისტულ სტილში შექმნილ ამ დოკუმენტში რუსეთის ინტელექტუალურმა ელიტამ, რომელიც დღეს პაციფისტური ლოზუნგებით გამოდის, ჩეჩნეთის ომის გამართლება დაიწყო. მოგვიანებით თავს იჩენს "პროექციაც" - ნიკიტა მიხალკოვი იტყვის, რომ "მონდმა" შეკვეთილი წერილი გამოაქვეყნა, რასაც რუსული გაზეთის, "სეგოდნიას", მიმომხილველი ირონიული კომენტარით უპასუხებს: "რა თქმა უნდა, ბერნარდო ბერტოლუჩისა და გიუნტერ გრასს კასპიის ზღვის ნავთობის დარდი არ აძინებთო". "სეგოდნიას". ცნობილი რუსი კულტუროლოგი იაკოვ კროტოვი კი ამ ოცდაერთ რუს ინტელექტუალს ასე დაახასიათებს:


[იაკობ კროტოვის ციტატა]: "ეს - საბჭოთა ინტელიგენციაა, საბჭოთა ინტელიგენციის ელიტა. საბჭოთა რეჟიმის არსი კოლექტივიზმია. კოლექტიური ცნობიერებისთვის არ არსებობს ცალკეული ადამიანის უფლებები. პირველ ადგილზე აქ - კოლექტიური ურთიერთობა დგას."

ასე რომ, დღევანდელი რუსული პაციფიზმი შთაგონებულია არა იმდენად "რუსეთის რევოლუციის სარკის", ლევ ტოლსტოის, ნაწარმოებებით, რამდენადაც საბჭოთა კოლექტივიზმის იდეებით. მაგრამ, საბედნიეროდ, არიან ადამიანები, არიან "ფიგურები", რომელთა მსოფლმხედველობაზე "ფონი" არ მოქმედებს. თუნდაც ის რუსი ინტელექტუალები, რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში დატრალებული ტრაგედიის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვეს. ერთ-ერთ მათგანს, ალექსანდრ გელმანს, 70 წელი უსრულდება. ცნობილი რუსი დრამატურგის, ცნობილი პაციფისტის შემოქმედების შესახებ ერთი კვირის შემდეგ გიამბობთ.
XS
SM
MD
LG