Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა უცხოეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა კვლავაც ერაყის ომს დაეთმობა, მთლიანად. როგორც ღია საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი არი ნაიერი აღნიშნავს, ამჯერად,

როცა მთელი მსფლიოს ყურადღება ერაყისკენაა მიპყრობილი, "დესპოტებმა ისარგებლეს შემთხვევით და ოპოზიციას, ნამდვილსა თუ მოგონილს, უსწორდებიან. სტატიაში, რომელიც გაზეთმა "ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნმა" გამოქვეყნა, არი ნაიერი წერს:

"ზიმბაბვეში, ბელორუსიასა და კუბაში, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ოპოზიციის ლიდერები და ადამიანის უფლებათა მოძრაობის აქტივისტები - ციხეებში ჩასვეს. განუკითხაობის ატმოსფერომ გაათამამა ამ ავტორიტარული რეჟიმების ლიდერები. ბელორუსიის ხელისუფლებამ გასულ კვირაში მინსკში დააკავა ოპოზიციის 50 აქტივისტი, რომლებმაც დემონსტრაცია მოაწყეს ბელორუსიის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 85-ე წლისთავთან დაკავშირებით. ის, რომ დიქტატორებს მსოფლიოში კრიზისულ ვითარებათა ფონზე სჩვევიათ ამოქმედება, არაა გასაკვირი. საბჭოთა კავშირმა 1956 წელს, "სუეცის კრიზისის" დროს ჩაახშო სახალხო აჯანყება უნგრეთში. 1968 წელს, როცა თეთრი სახლის ადმინისტრაცია ვიეტნამით იყო დაკავებული, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და საფრანგეთში ომის მოწინააღმდეგეთა ხალხმრავალი დემონსტრაციები მძვინვარებდა, საბჭოთა კავშირმა ჩეხოსლოვაკიაში შეიყვანა ჯარი."

გაზეთ "ველტის" მიმომხილველი ტორსტენ კრაული კომენტარს უკეთებს ერაყის ომთან მიმართებაში გერმანიის მერყევ პოზიციას და გმობს იმათ, ვინც პროტესტს გამოთქვამს ამ ომის გამო. "ბერლინი, სრულიად მოულოდნელად დღეს, ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის დამხობის მომხრეა. კარგია, როცა გყავს მთავრობა, რომელმაც იცის, როდის უნდა შეცვალოს პოზიცია, თუმცა გერმანიის მთავრობამ ძალზედ უხალისოთ გააკეთა ეს და თანაც მას შემდეგ, რაც კოალიციის ძალები ბაღდადს მიუახლოვდნენ" - აღნიშნავს გერმანელი ჟურნალისტი და დასძენს:

"ხოლო სულ ახლახან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოშკა ფიშერმა საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ერაყში რეჟიმის შეცვლას, და რომ მხოლოდ ერაყელ ხალხს შეუძლია ამის გაკეთება. ახლა ბერლინი მომავლისკენ იყურება და მიაჩნია, რომ მთავარია ახალი მეთოდების გამონახვა შეიარაღებაზე კონტროლის დაწესებისა და გაეროსათვის მეტი უფლებამოსილების მისანიჭებლად. თუმცა ამაზე დაფიქრება კარგა ხნის წინათ იყო საჭირო, ვინაიდან "როცა დესპოტები მასობრივი განადგურების იარაღის აწარმოებენ, ურყევი პოზიციაა საჭირო. ბაღდადთან ურთიერთობაში გაერომ საკუთარ პრინციპებს უღალატა. ომი ერაყში იმიტომ კი არ დაწყებულა, რომ ყველა სახელმწიფო, ამერიკის გარდა, ერაყში იარაღის ინსპექციის მომხრე იყო; ომი იმიტომ დაიწყო, რომ ამერიკის გარდა არავინ შეუშფოთებია სადამ ჰუსეინის გამოხდომებს. თუკი მას სურს, რომ თავიდან აიცილოს ახალი ომი, გაერომ სათანადო დასკვნა უნდა გამოიტანოს ერაყის მაგალითიდან."

საფრანგეთის გაზეთ "მონდის" აზრით, ერაყის ომი რადიკალური ცვლილებებს გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთში. ოპტიმისტები რეგიონში ახალი დემოკრატიების დმკვიდრებასა და ეკონომიკურ აღორძინებას წინასწარმეტყველებენ, ხოლო პესიმისტები იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ აშშ-ის აგრესიულმა პოლიტიკამ შესაძლოა ვითარების დესტაბილიზაცია და ისლამური ტერორიზმის აღზევება გამოიწვიოს მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ერთნი ფიქრობენ, რომ ერაყის შემდეგ აშშ ალბად იერუსალიმს მიხედავს. ისრაელსა და პალესტინელებს შორის მხოლოდ სწრაფი შეთანხმებითაა შესაძლებელი არაბულ სამყაროში შეერთებული შტატების უწინდელი ნდობის აღდგენა, რაც თავის მხრივ ბიძგს მისცემს დემოკრატიის პროგრესს არაბულ-მუსლიმანურ საყაროში."

მიმდინარე სამხედრო ოპერაციას "თავისუფალ ერაყს" უწოდებს ვაშინგტონი. თუმცა თავად ერაყელებს, როგორც ჩანს, დიქტატურა, ჩაგვრა, და მოქალაქეობრივი უფლებების შეზღუდვა ურჩევნიათ ამერიკული ტანკებითა და რაკეტებით მოპოვებულ თავისუფლებას - წერს ლონდონში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი "ალ-ჰაიათი".
XS
SM
MD
LG