Accessibility links

logo-print

რა უდევს საფუძვლად ომს ერაყში და რა სახის ცვლილებებს უნდა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რა უდევს საფუძვლად ომს ერაყში და რა სახის ცვლილებებს უნდა ველოდოთ პოლიტიკასა და ეკონომიკაში ომის დამთავრების შემდეგ? ამ პრობლემატიკაზე არაერთი პროგნოზი გამოითქვა წინა კვირის რუსეთის პრესაში.


ყოველკვირეულ გაზეთ "არგუმენტი ი ფაკტის" მე-14 ნომერში ერაყის პრობლემაზე საუბრობს რუსეთის პარტია "ევრაზიის" ლიდერი ალეკსანდრ დუგინი. მისი თქმით:

"ამჟამინდელი ომის არსი ის არის, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდა მომავალი მსოფლიოს ორი მოდელი - ერთპოლუსიანი, ამერიკული, და მრავალპოლუსიანი, რომელიც სრულიად განსხვავებული რეჟიმების არსებობას გულისხმობს, დაწყებული ევროპის სოციალ-დემოკრატიითა და ჩრდილოეთ კორეის კომუნიზმით და ჩინეთის ლიბერალური კომუნიზმით დამთავრებული, დაწყებული ირანის შიიტური თეოკრატიითა და რუსეთის სპეციფიკური ევრაზიული დემოკრატიით დამთავრებული. ცივი ომის დასრულების შემდეგ ამერიკელებმა ცივილიზაციის მატრიცად მიიჩნიეს თავი. ისინი გულწრფელად და ფანატიკურად აღიქვამენ თავიანთ ქვეყანას სახელმწიფოს იდეალურ მოდელად და კაცობრიობის განვითარების პიკად".


ალეკსანდრ დუგინის აზრით, "საქმე გვაქვს არა, უბრალოდ, ამერიკელთა ანგარებიან ინტერესებთან, არამედ უფრო მეტთან." ექსპერტი ამბობს, რომ იგი ამას დაარქმევდა ახალ ატლანტიკურ ნაციზმს, რომელიც პროტესტანტული მესიანიზმის იდეასთან არის გადაბმული. ალეკსანდრ დუგინის თქმით, "ნებისმიერი სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის უფლების გამოცხადება ნიშნავს, რომ აშშ ერაყზე არ გაჩერდება. ამერიკა დარტყმებს მიაყენებს წინააღმდეგობის ნებისმიერ კერას, იმ ქვეყნებს, რომლებიც თავისუფლების შენარჩუნებას მოინდომებენ ცივილიზაციური თუ პოლიტიკური მოდელის არჩევაში".


4 აპრილის "ნეზავისიმაია გაზეტა" ბეჭდავს ინტერვიუს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთან კომუნისტური პარტიიდან, ცნობილ ეკონომისტ სერგეი გლაზევთან.
"რა ჭეშმარიტ მიზნებს ისახავს აშშ ერაყში?" - გაზეთის ამ კითხვაზე გლაზევმა უპასუხა:


"ამერიკელები ომში ისახავენ როგორც ეკონომიკურ, ისე გეოპოლიტიკურ მიზნებს. მთავარი მიზანი ის არის, რომ აიძულონ მთელი მსოფლიო ამერიკული დიქტატის, ამერიკული დოლარის ინტერესებში იმუშაოს.
თუ ნავთობზე ფასების შესახებ ვისაუბრებთ, ამერიკელებს მართვადი ფასები სჭირდებათ. აუცილებელი არ არის, რომ ფასები დაბალი იყოს, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ნავთობი შეიძლება შედარებით ძვირიც ღირდეს, მაგრამ ფასი სტაბილური უნდა იყოს. ამერიკელებს სურთ, რომ ნავთობზე ფასები მათი კონტროლის ქვეშ იყოს".


სერგეი გლაზევის აზრით,რუსეთისთვის, ევროკავშირისა და მთელი რიგი ქვეყნებისთვის ომი ერაყში რეალური დანაკარგების მომტანია. მისი თქმით, ერაყის ოკუპაცია, ფაქტობრივად, გამორიცხავს რუსეთსა და ევროკავშირს ახლოაღმოსავლური პოლიტიკიდან.
"ნეზავისიმაია გაზეტას" კითხვაზე, თუ რა პროგნოზი შეიძლება გაკეთდეს მსოფლიო სავალუტო ბაზრებზე სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და რა ბედი ელის დოლარი-ევროს თანაფარდობას, - გლაზევმა უპასუხა:


"ამჟამად დოლარის სტიქიური შესუსტება მიმდინარეობს. მსოფლიოს საკრედიტო-საფინანსო სისტემა, რომელიც დოლარზეა დაფუძნებული, დიდ საფინანსო პირამიდას წარმოადგენს. ამ პირამიდას უკვე საკუთარი მასის ატანა უჭირს. მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ჯერ კიდევ არ არიან მსხვილი ფინანსური მოთამაშეები, რომლებიც დოლარის დაცემით დაინტერესდებოდნენ."
"თუ ოპერაცია ერაყში თვეზე ნაკლებს გასტანს, დოლარს განმტკიცებისა და მსოფლიოს წამყვანი ვალუტის რეპუტაციის აღდგენის შანსი გაუჩნდება. ამერიკული ვალუტის განმტკიცების ფონზე ევროპული ვალუტა შესუსტდება".
XS
SM
MD
LG