Accessibility links

logo-print

ამერიკელმა სამხედროებმა არჩევანი კოპიტნარის აეროდრომზე შეაჩერეს?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 8 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, სააგენტო "ინტერპრესის" მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ფოთის პორტიდან კოპიტნარის მიმართულებით ამერიკელი სამხედროების კოლონის გადაადგილების

ფაქტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არც უარყოფს და არც ადასტურებს. "ინტერპრესის" ქუთაისელი კორესპონდენტის ცნობით, კოლონა ქუთაისში არ შეჩერდა და გეზი აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებით აიღო. მე შევეცადე, ამერიკელი სამხედროების კოლონის ადგილმდებარეობა დამედგინა.

არც ფოთში, არც ქუთაისის მისადგომებთან ამერიკელი სამხედროების კოლონა არავის უნახავს. ჩვენი ქუთაისელი კორესპონდენტის ნინო ღაჭავას ცნობით, არც კოპიტნარის აეროდრომზე შეინიშნება ამერიკელთა მოძრაობა. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ამ ორიოდე დღის წინათ კოპიტნარს, მართლაც, სტუმრობდნენ ამერიკელი სამხედროები, რომლებმაც დაათვალიერეს აეროდრომი და შემდეგ იქაურობა დატოვეს.
სანამ რადიო "თავისუფლების" რეგიონალური კორესპონდენტები ამერიკელ სამხედროთა კოლონას რეგიონებში ეძებდნენ, ბუნებრივია, ინფორმაციის გადამოწმების მცდელობა თბილისშიც იყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნინო სტურუამ ამერიკელ სამხედროთა კოლონის გადაადგილების თაობაზე ცნობა არც უარყო და არც დაადასტურა. მან მხოლოდ ის განაცხადა, რომ "ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც უნდა ვითარდებოდეს."
ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა გაუჭირდა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გელა ბეჟუაშვილსაც, რომლის განცხადებით, წესით და რიგით, ამერიკელთა გადაადგილების თაობაზე ქართული მხარე ინფორმირებული უნდა იყოს.
ინფორმაციის კომენტარზე უარი თქვა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თვმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმაც, რომლის შენიშვნითაც, ჯერ განცხადებების გაკეთების დრო არ დამდგარა.
შეგახსენებთ: ქართული მხარე არ მალავს, რომ მზად არის, აუცილებლობის შემთხვევაში, ამერიკულ თვითმფრინავებს საკუთარი აეროდრომები დაუთმოს. მარნეულის აეროდრომის გარდა, შესაძლო ვარიანტად სწორედ კოპიტნარის აეროდრომი სახელდებოდა. მართალია, ღამის ფრენების განსახორციელებლად კოპიტნარში დამატებითი ტექნიკური საშუალებების დამონტაჟება იქნებოდა აუცილებელი, მაგრამ, ექსპერტთა განმარტებით, თუ ოფიციალურმა ვაშინგტონმა მაინც გადაწყვიტა საქართველოს აეროდრომების გამოყენება, ტექნიკური პრობლემების მოგვარებას დიდი დრო არ დასჭირდება.
არადა, ჯერ კიდევ ორშაბათს პრეზიდენტი შევარდნაძე აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რაიმე კონკრეტული თხოვნა თბილისს არ მიუღია:
[ ედუარდ შევარდნაძის ხმა] " უნდა გითხრათ, რომ სამხედროებშიც არის ასეთი განწყობა, რომ საქართველო გვერდზე არ უნდა დარჩეს. მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა თხოვნას გადმოგვცემენ ამერიკელები."

საბოლოოდ კი, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში ჯერაც წარმოუდგენელ ფუფუნებად რჩება ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებში გადამოწმების სურვილი. ყოველ შემთხვევაში, ამერიკელი სამხედროების კოლონასთნ დაკავშირებით ოფიციალური სტრუქტურების რეაქცია იმას მოწმობს, რომ ან არავინ იცის, რა ხდება საქართველოში, ან ხელისუფლება ინფორმაციას საკმაოდ მოუქნელად მალავს.
XS
SM
MD
LG