Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცის დღე


სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა, საქართველოს ინტერესების გვერდის ავლით, რუსეთთან დაახლოების კიდევ ერთი თამამი სურვილი გამოთქვა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის

პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ჩვენი ქვეყნიდან გასასტუმრებელ რუსეთის სამხედრო ბაზებს თავისთან ეპატიჟება და ქართულ-ოსურ ურთიერთობებში რუსეთის სამშვიდობო ძალების როლის გაფართოებას ითხოვს. ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ სეპარატისტულ რეჟიმს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მოკავშირეობა აფრთხობს.

სწორედ ასეთი აზრისაა პრეზიდენტ შევარდნაძის რწმუნებული ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეში ვახტანგ რჩეულიშვილიც. მას მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლება (ერაყის ომთან დაკავშირებული მოვლენების ფონზე) სეპარატიზმის აღმოფხვრის საფრთხეს ხედავს და ამ კონტექსტში რუსეთს გადარჩენის უკანასკნელ შანსად აღიქვამს:

(ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა) "მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ძალიან მძაფრი რეაქციები ოსი თუ აფხაზი სეპარატისტების განცხადებებზე. დღეს, ერაყის კრიზისის ფონზე, ერთმანეთს მეტად დაუპირისპირდა საქართველოსა და რუსეთის პოზიცია. ამ მდგომარეობას სეპარატისტული რეჟიმები იყენებენ იმისათვის, რომ დაუმტკიცონ თავიანთი ერთგულება რუსეთს, აღიდგინონ თავიანთი პოზიციები რუსეთის ხელისუფლებასთან და ზეწოლა მოახდინონ პუტინზე".

რჩეულიშვილი ფიქრობს, რომ საფუძვლიანი მონდომება-მცდელობის მიუხედავად, სეპარატისტთა სურვილებს ახდენა არ უწერია და მათი ამგვარი გამოხდომები მხოლოდ დროებით ხასიათს ატარებს. მისი აზრით, ყველაფერი ეს ერთბაშად შეწყდება მას შემდეგ, რაც ამერიკული კოალიცია ერაყის ომს მოიგებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხისთვის მოიცლის. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რჩეულიშვილის თქმით, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის თავის სიტყვას რუსეთის ცივილიზებული ნაწილიც იტყვის. რუსულ ფსიქიკაში კარგად გაცნობიერებულ სოციალისტს იმედი აქვს, რომ მისი მეზობელი რუსეთი სწორ, ანუ მსოფლიო დემოკრატიის, გზას აირჩევს.

ჯერჯერობით კი, ყველაფერი ძველებურად არის: 8 აპრილს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა საკუთარი კონსტიტუციის დღეს აღნიშნავდა. აშკარაა, რომ რუსეთის მიერ მართული ედუარდ კოკოითი კვლავაც რუსულ სურვილებს ახმოვანებს, თუმცა სახალხო დიპლომატიის ელემენტებს არ ებრძვის: როგორც ამბობენ, სამაჩაბლოში მომრავლდა შერეული (ქართულ-ოსური) ქორწინებები; ამას წინათ ცხინვალელი ჟურნალისტები თბილისელ კოლეგებს ესტუმრნენ; ასევე დაგეგმილია სხვადასხვა პროფესიის ადამიანების გაცნობა, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განხორციელება და სხვა მრავალი ადამიანური რამ. როგორც ამბობენ, ყოველივე ეს კოკოითის დასტურის გარეშე ადგილიდანაც კი ვერ დაიძვრებოდა. მისი ნებართვის გარეშე სამხრეთ ოსეთში, თურმე, ჩიტებიც კი ვერ დაფრინავენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG