Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის მიწურულს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ნინო


გასული კვირის მიწურულს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის თავჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ. არაქართველ მოქალაქეებს ქართული ენის უცოდინრობა აწუხებთ,

თანაც აღნიშნავენ, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად ხელისუფლება არაფერს აკეთებს.

ფსიქოლოგიური ბარიერი ეროვნულ უმცირესობას საზოგადოებაში დამკვიდრების საშუალებას არ აძლევს. და თუ ქართული საზოგადოება მეტ-ნაკლებად ტოლერანტულია იმის მიმართ, ვინც "კარგი ქართულით" ვერ მეტყველებს (მით უმეტეს, რომ "კარგი ქართულით" დღეს თავად ქართველებიც ვერ დავიტრაბახებთ), საქართველოს კანონი ამ ადამიანების მიმართ საკმაოდ მკაცრია - ქართული ენის უცოდინრობის შემთხვევაში ეროვნულ უმცირესობებს სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობა ეკრძალებათ. არადა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ "არაქართველ ქართველებს", ე.ი. საქართველოს არაქართულ მოსახლეობასაც გაუჩნდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის მოთხოვნილება. გასული კვირის მიწურულს ეროვნული უმცირესობების ყველაზე აქტიური წარმომადგენლები პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ, ე.ი. იმ ადამიანს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოსაგვარებლად აფხაზური ენის შესწავლას აპირებს. პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის დაიხმარებს აფხაზურის შესწავლაში... აი, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები კი ჩივიან, რომ სახელმწიფო ენის შესწავლაში მათ არავინ ეხმარება - ქართული ენის დაუფლებისთვის ნორმალური სახელმძღვანელოც კი არ არსებობს.

პარლამენტის თავჯდომარე დღეს საუბრობს გარდამავალ პეროიოდზე, 3-5 წლის ვადაზე, რომელიც ეროვნულ უმცირესობებს ქართული ენის შესწავლის საშუალებას მისცემს. თუმცა არაქართველ მოსახლეობას, როგორც ჩანს, არც ეს ვადა აკმაყოფილებს. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მათ განაცხადეს, რომ აპირებენ შექმნან ეგრეთ წოდებული "ეროვნული სახლი", რომელიც უმცირესობათა უფლებებს დაიცავს საქართველოში. მით უმეტეს, რომ მათი უფლებები - განსაკუთრებით, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან - განუწყვეტლივ ილახება ჩვენში.
ენის ბარიერი პრობლემებს უქმნის არამარტო ეროვნულ უმცირესობებს. პრობლემა ექმნება მთელ ქართულ საზოგადოებას, რადგან ქართული ენის უცოდინარი ადამიანი საზოგადოებაში თავს "მეორეხარისხოვნად", "ზედმეტად" გრძნობს... "ზედმეტს" კი, გარკვეული თვალსაზრისით, "დესტრუქციული ვნებები" უჩნდება ხოლმე. ამას ადასტურებენ ფსიქოლოგებიც. ერთ-ერთმა მათგანმა, ქალბატონმა თეა გოგოტიშვილმა, ჩვენთან საუბარში აღნიშნა:

[თეა გოგოტიშვილის ხმა] "ხშირ შემთხვევაში, როცა ადამიანს უჭირს კომუნიკაცია, როცა ენობრივი ბარიერი აქვს, იგი ისეთსავე მდგომარეობაში ვარდება, როგორშიც მორიდებული, დაკომპლექსებული ადამიანი."

ჩვენს კითხვაზე, შეუძლია თუ არა ადამიანს, ვთქვათ, 60 წლის ასაკში შეისწავლოს ენა, ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა გვიპასუხა

[თეა გოგოტიშვილის ხმა] "როცა ადამიანს აქვს განწყობა რაიმე ცვლილება შეიტანოს თავის ცხოვრებაში, როცა არის ამის მოტივაცია, დიდი შანსია, რომ მან მიაღწიოს წარმატებას… მე, პირადად, მაქვს მაგალითები რუსულენოვანი პაციენტებისა, მათ არაერთხელ აღუნიშნავთ ის ფაქტი, რომ ის სიტყვები, რომელსაც ეს ადამიანები წარმოთქვამენ ხოლმე, იწვევს სიცილს, რაც ბოჭავს და პრობლემებს უქმნის მათ… რა თქმა უნდა, ჯობს მათ ისეთ გარემოში ისწავლონ, სადაც მათი მსგავსი ადამიანები იქნებიან."

ეს, ეგრეთ წოდებული, "მსგავსი ადამიანები" დღეს "ეროვნულ სახლს" ქმნიან. ხელისუფლების მიერ მიტოვებულ ნაციონალურ უმცირესობებს არ სიამოვნებთ, როცა დასცინიან "ცუდი ქართულის" გამო. განსაკუთრებით მაშინ, როცა დასცინის ის, ვინც თავად ვერ მეტყველებს მაინცდამაინც გამართულად.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG