Accessibility links

logo-print

ერაყის ნავთობიდან მოგების მიღებას ომის დამთავრების შემდეგ არაერთი წელი დასჭირდება


ერაყში ომის წარმოებისთვის შეერთებულ შტატებს ბევრი იმის გამო აკრიტიკებს, რომ მთელი ეს განმათავისუფლებელი მოძრაობა და ერაყში დემოკრატიის მშენებლობაზე ზრუნვა სინამდვილეში ერაყის

ნავთობზე კონტროლის მოპოვების სურვილის შენიღბვად მიაჩნია. თუმცა, ექსპერტები თვლიან, რომ ერაყის დღევანდელი დეგრადირებული ინფრასტრუქტურის ფონზე შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ ერაყის ინდუსტრიის ნავთობის სექტორი მალე აღდგება და სასურველ შედეგსაც მოუტანს ინვესტორებს. სპეციალისტთა აზრით, ამას მრავალი წელი დასჭირდება.

ბევრი თვლის, რომ ვაშინგტონმა ერაყში ომი ერაყის ნავთობის საბადოებზე კონტროლის მოსაპოვებლად წამოიწყო. ნავთობით სიმდიდრის თვალსაზრისით, ერაყი საუდის არაბეთის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ვაშინგტონის პოლიტიკის ოპონენტები ამბობენ, რომ მსოფლიოში არსებობს არაერთი ქვეყანა, რომელიც ტერორიზმის პოტენციურ საფრთხეს ქმნის, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ ნავთობით მდიდარი ერაყის ხალხის უფლებებისათვის იარაღით ბრძოლა ჩათვალა საჭიროდ. ამ მოსაზრების გასაბათილებლად ნავთობის ზოგიერთ ექსპერტს არგუმენტად ერაყის დღევანდელი განვითარების დონე მოჰყავს. ისინი ამბობენ, რომ მრავალი წელი და უამრავი ფული დასჭირდება იმას, რომ ერაყის ნავთობი მომგებიანი გახდეს.

ლონდონის გლობალური ენერგიის კვლევის ცენტრის უფროსი ანალიტიკოსის მანუჩერ ტაკინის აზრით, ერაყის ნავთობის ინდუსტრიის აღდგენას სულ ცოტა 2-3 წელი და ორიდან სამ მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია დასჭირდება.

[ტაკინის ხმა] 040739
"ვთვლი, რომ ყველაფრის შეკეთებას და ნორმალურ დონეზე დაბრუნებას - ისე, რომ ყვგელაფერი ამუშავდეს და საჭირო ინფრასტრუქტურაც შეიქმნას, ორი წელი მაინც დასჭირდება. ორი წელი დასჭირდება დღეში 3,5 მილიონი ბარელის მოპოვების მიღწევას, რაც ერაყის პოტენციური შესაძლებლობაა, ანუ ეს არის ის მოცულობა, რომელსაც ერაყი ირან-ერაყის ომამდე მოიპოვებდა".

ახლანდელი ომის დაწყებამდე ერაყი დღეში 2,5 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა და 2 მილიონ ბარელს ექსპორტზე უშვებდა. წარმოების ეს დონე სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ ერაყს ნავთობის ინდუსტრია შეენარჩუნებინა და გაეროს ნავთობი სურსათის სანაცვლოდ პროგრამისთვის თანხა ამოეღო.

მანუჩარ ტაკინს მიაჩნია, რომ ერაყის ნავთობის მრეწველობის დღევანდელი მოგება არ არის საკმარისი მოპოვების მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდისთვის. მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო იქნება საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა და ერაყის სათავეში ლეგიტიმური მთავრობის არსებობა. ერაყის მთავრობის ლეგიტიმურობა ერაყთან საერთაშორისო ხელშეკრულებების ქმედითი გარანტია იქნება.

ის, რომ ერაყის ნავთობ-ინდუსტრიის ნორმალურ კალაპოტში ჩაყენებას მრავალი წელი დასჭირდება საკმაოდ სუსტი არგუმენტია იმათი პოზიციის წინააღმდეგ, ვინც თვლის, რომ ვაშინგტონის მოქმედებას ერაყში წმინდა პრაგმატული საფუძველი აქვს. მითუმეტეს, რომ ისევ და ისევ სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ომის დამთავრებიდან სამ თვეში ერაყის ნავთობის ბაზარზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება.

ანუ, სინამდვილეში, დღეს ერთმანეთს უპირისპირდება ექსპერტთა აზრები არა იმაზე, რომ ერაყის ნავთობის ინდუსტრია მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, არამედ იმაზე, თუ რა დრო დასჭირდება ამას.

ერაყის ნავთობის რესურსებისთვის საერთაშორისო ბრძოლა უკვე იკვეთება, რისი მაჩვენებელიც არის ინტენსიური მსჯელობა იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა მართოს ომის შემდეგ ერაყი.

ერთის მხრივ შეერთებული შტატები თვლის, რომ კონტროლი ხელში ომის მწარმოებელმა კოალიციის ძალებმა უნდა აიღონ. მეორე მხარეს დგანან ერაყის ტრადიციული პარტნიორები ნავთობით ვაჭრობაში - ევროკავშირისა და რუსეთის ხელმძღვანელობით, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ერაყში ომის შემდეგ წამყვანი როლი გაეროს უნდა გადაეცეს. ამ დისკუსიაში იშვიათად თუ გაიჟღერებს ხოლმე სიტყვა "ნავთობი".

[აუტრო]
საერთაშორისო არენაზე არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ამერიკელები უკვე გეგმავენ ერაყის ნავთობიდან მოგების ნაწილის მისივე აღდგენისთვის. ერაყის ნავთობის საკითხი მრავალი ასპექტისგან შედგება და ამ თემას ჩვენ არაერთხელ დავუბრუნდებით.
XS
SM
MD
LG