Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის მრეწველობა ალბათ მრეწველობის ყველაზე პოლიტიკური სფეროა მსოფლიოში. შეიძლება ითქვას


ნავთობის მრეწველობა ალბათ მრეწველობის ყველაზე პოლიტიკური სფეროა მსოფლიოში. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფლიქტი ასე თუ ისე ნავთობს უკავშირდება.

ამის მაგალითია ახლანდელი ერაყის ომი და ამის გამო წარმოქმნილი საერთაშორისო დაპირისპირებაც. თუმცა, "ახალი ევროპის" დღევანდელ გამოშვებაში ნინო გელაშვილი არა ერაყის, არამედ ისევ და ისევ საქართველოსთვის გაცილებით აქტუალური კასპიის ნავთობის საკითხს და შეეხება. მითუმეტეს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო სხდომაზე განხილვის საგანს სწორედ კასპიის ენერგო-რესურსების განვითარების ახლანდელი სტატუსი და პერსპექტივა წარმოადგენდა.

საპარლამენტო ასამბლეის 2 აპრილის სხდომაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური საკითხებისა და განვითარების კომიტეტის წევრის ბერნარ შრაინერის მოხსენებამ კასპიის რეგიონის ენერგორესურსების განვითარების შესახებ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის ილიას უმახანოვის მოწონებაც დაიმსახურა, თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოხსენების დასკვნითი ნაწილის ყველა პუნქტს. ძნელია იმის თქმა, რა არ მოეწონა უმახანოვს, მაგრამ არც ისე ძნელია იმის განსაზღვრა შრაინერის მოხსენების რომელი ნაწილი არ შეესატყვისება რუსეთის ხელისუფლების პოზიციას. კერძოდ კი, საპარლამენტო ასამბლეის ფრანგი დეპუტატის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია რუსეთმა მოახდინოს ევროპის ენერგო-ქარტიის ხელშეკრულებას, რომელზეც რუსეთს ხელი მოწერილი აქვს. რატიფიკაციის შემთხვევაში რუსეთი, როგორც ენერგოქარტიის ხელშეკრულების წევრი, ვალდებული იქნება ენერგორესურსების ტრანსპორტირების საკუთარი სისტემა უფრო მისაწვდომი გახადოს ევროპისკენ სხვა სახელმწიფოების ენერგოპროდუქციის ტრანზიტისთვის, თუკი ეს ევროპის მოთხოვნილებით იქნება გაპირობებული.

შრაინერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს შეძლებისდაგვარად შეზღუდოს საკუთარი მილსადენების სხვა ქვეყნების ნავთობისა და გაზის ტრანზიტისთვის გამოყენება. ამას ემატება ის, რომ რუსეთს საკუთარ ტერიტორიაზე ტრანზიტის ხელშეწყობის არავითარი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება არ გააჩნია. მაგალითად, რუსეთის კომპანია "გაზპრომს", რომელიც მსოფლიოს გაზის მწარმოებელი და მიმწოდებელი უმსხვილესი კომპანიაა და რუსეთის გაზის რეზერვების 65%-ს ფლობს, არაერთხელ უთქვამს უარი სხვა ქვეყნებისთვის, მაგალითად - თურქმენეთისთვის გაზის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისკენ რუსეთის გავლით ტრანზიტზე. ტრანზიტის ნებართვისთვის გაზპრომი აყენებს ისეთ მკაცრ პირობებს, როგორიც არის - მისივე გაზის შეძენა, ანდა ტრანზიტი მის მიერვე შერჩეული ბაზრებისკენ. რუსეთის კომპანია "ტრანსნეფტმა" კი დააწესა კვოტა ყაზახეთის ნავთობის ტრანზიტზე.

ასამბლეის 2 აპრილის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ კასპიის ზღვის რეგიონი, რომელიც ევროსაბჭოს არაწევრი ქვეყნებისგანაც შედგება, სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. რეზოლუცია მოუწოდებს კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნებს იზრუნონ იმ პოლიტიკური დაძაბულობის შესუსტებაზე, რომელიც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს კასპიის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს, რომ მის წევრ ქვეყნებს საკუთარი ბაზრების ლიბერალიზაციის გზით შეუძლიათ ხელი შეუწყონ კასპიის ზღვის რეგიონის ენერგორესურსების ფასის დაწევას. ამ შემთხვევაში ძირითადად ევროკავშირის მიერ გატარებული პოლიტიკა იგულისხმება, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვნად ითვლება სწორედ შეძლებისდაგვარად სწრაფად რუსეთის მიერ ევროპის ენერგოქარტიის ხელშეკრულების რატიფიკაციაც. ახლო მომავალში კი ენერგოქარტიის დამატებაზე - ტრანზიტის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობის დაწყება იგეგმება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციაც. საქართველოს ბათუმისა და სუფსის პორტების მაღალკონკურენტულობის წარმოსაჩენად კი ითქვა, რომ ერთი ტონა ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფი ბაქოდან სუფსამდე სამი დოლარი და 10 ცენტია, ბაქოდან რუსეთის ნოვოროსიისკის ტერმინალამდე კი 15 დოლარი და 67 ცენტი.

ერაყში მიმდინარე ომი ბუნდოვანს ხდის ტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის მომავალს. ერაყის ომი, ალბათ, შედეგად მოიტანს ახლო აღმოსავლეთის რეგიონის გეოპოლიტიკური ბალანსის შეცვლას. ევროსაბჭოს ეკონომიკურ საკითხთა და განვითარების კომიტეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ ერაყის ომით გამოწვეულმა არასტაბილურობამ შეიძლება კიდევ უფრო მიმზიდველი გახადოს რუსეთის, საქართველოსა და თურქეთის მარშრუტები კასპიის რეგიონიდან ევროპის ბაზრების ენერგორესურსებით მომარაგების თვალსაზრისით.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ფაქტობრივად კიდევ ერთხელ წარმოჩინდა კასპიის ენერგორესურსების განვითარების ამოცანის კომპლექსურობა და ისიც, რომ კასპიის რეგიონის ქვეყნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე დასავლეთი იძულებულია ერთდროულად მრავალი მიმართულებით ითამაშოს, რადგან მას კასპიის რეგიონის არც ერთი ქვეყნის ინტერესებთან მკვეთრად შეჯახება არ აძლევს ხელს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG