Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადამდგარი ამერიკელი გენერალი სამოქალაქო ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ერაყში


ანდრო ეული, პრაღა გადამდგარი ამერიკელი გენერალი ჯეი გარნერი აშშ-ის თაოსნობით შექმნილ სამოქალაქო ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს ომისშემდგომ ერაყში, თუმცა ვაშინგტონის ამგვარი ინიციატივა

მზარდი კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.


ამდენად, 64-წლის ჯეი გარნერი რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული დახმარების უწყების დირექტორი გახდება და აღდგენით სამუშაოებს უხელმძღვანელებს. მისივე თაოსნობით ერაყში უნდა შეიქმნას დროებითი ადმინისტრაცია, რაც ბოლოს, თავისუფალი არჩევნებით და ფართო წარმომადგენლობითი, დემოკრატიული მთავრობის შექმნით დაგვირგვინდება. კრიტიკოსები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ აშშ გაეროს ეცილება ომისშემდგომ ერაყში წამყვან როლს.

1991 წელს, ჯეი გარნერი აშშ-ის ჰუმანიტარულ მისიას ხელმძღვანელობდა სადამ ჰუსეინის ჯარისაგან ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრები ქურთების დასაცავად.
ამ მისიის დამთავრების შემდეგ ქურთებმა ხელში აიტაცეს და ასე გამოაცილეს სამშობლოში ამერიკელი გენერალი.

და აი, 12 წლის შემდეგ გარნერი ერაყში ბრუნდება, რაც იქ მცხოვრებ ქურთებს ახარებს, რაღა თქმა უნდა. აი რა განაცხადა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში ვაშინგტონის ქურთული ინსტიტუტის დირექტორმა მაიკ ამიტაიმ [მაიკ ამიტაის ხმა]: "ვფიქრობ ქურთებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ გარნერი კარგად გაართმევს თავს ნაკისრ ვალდებულებას. იგი იცნობს ვითარებას ჩრდილოეთ ერაყში. და როცა გარნერი 12 წლის შემდეგ რეგიონში დაბრუნდება, დარწმუნებული ვარ - გაოცებული დარჩება იქ მიღწეული პროგრესით."

მაგრამ, ყველა როდი იზიარებს ამ აზრს. საერთაშორისო სააგენტოებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ომისშემდგომი ერაყის აღდგენის საქმეში, არ სურთ კოალიციის ძალებთან თანამშრომლობა.

"ჩვენ არ გვსურს, რომ ჰუმანიტარული დახმარება ჯართან იყოს რაიმე კავშირში. ჯარი, რომელიც იბრძვის, კონფლიქტის ერთი მხარეა, და ამდენად, ვერ იქნება მიუკერძოებელი" - უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს გაეროს წარმომადგენელმა დევიდ უიმჰერსტმა.

თუმცა, ჰუმანიტარული პრობლემა საკითხის მხოლოდ ერთი მხარეა. ჯეი გარნერს იმისთვის აკრიტიკებენ, რომ მას თითქოს პროისრაელური პოზიცია უკავია. მრავალი მაჰმადიანი უნდობლობითაა მისდამი განწყობილი და აცხადებს, რომ გარნერმა საჩუქრები მიიღო ებრაული არასამთავრობო ორგანიზაციისაგან, რომელიც მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში თავისი ინტერესების დასაცავად ვაშინგტონს ძლიერი ისრაელი ესაჭიროება.

გენერალი გარნერი ორ ცეცხლშუაა ამასთანავე მოქცეული დაპირისპირებაში სახელმწიფო დეპარტამენტსა და პენტაგონს შორის იმის თაობაზე, თუ ვის უნდა ჰქონდეს მეტი ხმა ერაყის დროებითი ადმინისტრაციის წევრთა შერჩევისას. გარნერის უწყება პენტაგონს ექვემდებარება, ხოლო მის დაფინანსებას - სახელმწიფო დეპარტამენტი უწევს კონტროლს.
XS
SM
MD
LG