Accessibility links

logo-print

ვინ არის და სად არის სადამ ჰუსეინის მეუღლე?


სადამ ჰუსეინის რეჟიმის ხსენებისას თვით

დიქტატორის გარდა გულისხმობენ ხოლმე იმ ადამიანებსაც, ვინც ერაყის სახელისუფლებო აპარატში საკვანძო მნიშვნელობის ფუნქციებს ასრულებს, მათ კი სადამ ჰუსეინის ოჯახის წევრები, თუ ახლო ნათესავებიც მიეკუთვნებიან. შესაბამისად, ამ ადამიანებზე ხშირად არის ლაპარაკი საინფორმაციო საშუალებებში. ორიოდე დღის წინ, 7დ აპრილს გავრცელდა ცნობა ბასრაში ამ ქალაქის დაცვაზე პასუხისმგებელი გენერლის, ალი ჰასან ალ მაჯიდის სავარაუდო დაღუპვის შესახებ. ეს სისასტიკით სახელგანთქმული ადამიანი, რომელსაც ირანთან ომში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ზედმეტსახელად "ქიმიურ ალის" უწოდებდნენ, სადამ ჰუსეინის ბიძაშვილი იყო. მასმედიაში კიდევ უფრო ხშირად მოიხსენიებენ დიქტატორის ორ ვაჟიშვილს - უდაის და კუსაის, რომელთაგან, როგორც მსმენელისთვის უთუოდ ცნობილია, ასევე ვერც ერთი ვერ დაიკვეხნის შესაშური რეპუტაციით. აი, ადამიანზე კი, რომელიც უკვე 40 წელი უდგას მხარში სადამ ჰუსეინს - მის მეუღლეზე - თითქმის არსად არაფერს ამბობენ. ამ მხრივ, იშვიათ გამონაკლისად უნდა ჩაითვალოს გერმანიის გაზეთ "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში" გამოქვეყნებული სტატია სათაურით " ქალი მის გვერდით".

სტატიის ავტორი, რაინერ ჰერმანი თხრობას იმ გარემოებაზე მითითებით იწყებს, რომ ბაღდადის დაბომბვის დაწყების შემდეგ საჯიდა ჰუსეინი საჯაროდ აღარ გამოჩენილა, მაშინ როცა მისი მეუღლე, სადამ ჰუსეინი ხშირად ენახვებოდა ხოლმე თავის ხალხს. შაბათს ერაყის ტელევიზიამ პრეზიდენტი ძეებთან, უდაისთან და კუსაისთან ერთად აჩვენა, სავარაუდოდ, წინასწარ ჩაწერილ გადაცემაში. პრეზიდენტის მეუღლე კი დღემდე არ ჩანს - გერმანელი ჟურნალისტის ვარაუდით, არ ჩანს იმის გამო, რომ ერაყის ტელევიზიას ის ომის დროს არ სჭირდება: გარდა იმისა, რომ ომი კაცების საქმეა, საჯიდა ჰუსეინს სამხედრო ფორმა არ აცვია...

შემდეგ გერმანელი ჟურნალისტი ვარაუდების სფეროდან ისევ ფაქტებს უბრუნდება და აღნიშნავს, რომ საჯიდა ჰუსეინის სასახლე ბაღდადზე ერთ-ერთი პირველი საჰაერო იერიშის დროს დაიწვა, და რომ ომის დაწყების შემდეგ ერაყელი დიქტატორის ოჯახის კუთვნილი 20 დიდებული შენობიდან ბევრი ან ასევე განადგურებულია, ან კიდევ ამერიკელი სამხედროების ხელშია გადასული. შესაბამისად, ბევრი ფიქრობს, რომ სადამ ჰუსეინის მეუღლე, შესაძლოა, ან დაღუპული იყოს, ან კიდევ, სამ ქალიშვილთან ერთად უკვე უცხოეთში იმყოფებოდეს. შეესაბამება თუ არა რომელიმე ვარაუდი სინამდვილეს, ძნელი სათქმელია: დაახლოებით ერთი კვირის წინ სადამ ჰუსეინმა კატეგორიულად უარყო თავისი ოჯახის წევრების ემიგრაციაში წასვლის შესახებ ცნობა, როგორც "პენტაგონის მიერ გავრცელებული ტყუილი".ხოლო რაც შეეხება საჯიდას დაღუპვის ვერსიას, გერმანელი ჟურნალისტის შეფასებით, ასე რომ იყოს, ერაყის ტელევიზია უთუოდ გაავრცელებდა შესაბამის ინფორმაციას. მოკლედ, როგორც ხედავთ, ერაყის "პირველი ლედის" ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა თუ როლის თაობაზე, დანამდვილებით არაფერია ცნობილი.

შედარებით ზუსტი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება საჯიდას წარსულის, აგრეთვე მისი და სადამ ჰუსეინის ურთიერთობების შესახებ. ისინი 40 წლის წინ, 1963 წელს დაქორწინდნენ. სტატიის ავტორის ხელთ არსებული ინფორმაციით, ქორწინება ოფიციალურად ჯერ კიდევ 1962 წელს გაფორმდა, მაგრამ ნეფე (პირველი პოლიტიკური მკვლელობის უსიამოვნო შედეგების თავიდან ასაცილებლად) ეგვიპტეში იყო გაქცეული, რის გამოც ერთი წელი ლოდინი მოუხდა, ვიდრე სამშობლოში დაბრუნებას და ქორწილის გადახდას შეძლებდა. იმ დღეს გადაღებული ფოტოსურათი, რომელზეც მშვენიერი წყვილია გამოსახული, ვკითხულობთ "ფრანკფურტერ ალგემაინეში", მოგვიანებით ერაყში სადამ ჰუსეინის კულტის განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო...

ისიც ცნობილია, რომ სადამ ჰუსეინი და საჯიდა ხეირალა ტელფაჰი ახლო ნათესავები არიან და ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. მომავალ დიქტატორს მამა ადრე გარდაეცვალა და ბიჭუნა დედის ძმასთან იზრდებოდა - სწორედ ამ ბიძის შვილია საჯიდა!

წყვილი, რომელსაც 5 შვილი შეეძინა, დიდხანს ითვლებოდა "სანიმუშო ოჯახად": ერაყელებს აჩვენებდნენ ფოტოსურათებს, ვიდეოჩანაწერებს, რომელზეც ასახული იყო, როგორ ეთამაშება პრეზიდენტი თავის ქალიშვილებს; როგორ ახერხებს პრეზიდენტის მეუღლე ოჯახზე ზრუნვას და თან მასწავლებლად მუშაობას. როდის მოეღო ბოლო ამ "იდილიას", დანამდვილებით არავინ იცის, მათ შორის არც "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორმა: მის ხელთ არსებული ინფორმაციით, სადამ ჰუსეინი, სავარაუდოდ, 70-ანი წლების ბოლოს, სხვა ქალით დაინტერესდა და 1984-ში მასზე დაქორწინდა კიდეც. ლაპარაკია ბაღდადში საკმაოდ ცნობილი და შეძლებული ოჯახის წევრზე, ზამირა შაჰბანდარზე (ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ სხვა წყაროში ზამირას სადამ ჰუსეინის საყვარლად და არა მეორე ცოლად მოიხსენიებენ).

თუმცა, ბზარი ერაყის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ურთიერთობაში, სავარაუდოდ, არა მარტო მეორე ლედიმ გააჩინა. გერმანელი ჟურნალისტის შეფასებით, დიქტატორის ოჯახზე არანაკლებ უარყოფით გავლენას ახდენდა ვაჟიშვილების, უდაისა და კუსაის უზნეობა. "სადამი, რომელიც ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დისციპლინას, თავის შვილებს არასოდეს არაფერს უშლიდა, თუმცა უდაი, რომელიც დიდხანს ითვლებოდა "ტახტის მემკვიდრედ", დედ-მამას შორის უთანხმოების დროს, მაინც მუდამ დედის მხარეს იჭერდაო" ვკითხულობთ სტატიაში. იქვე მოყვანილია ეპიზოდი, რომელიც ერაყელი დიქტატორის უფროსი ვაჟიშვილის დაუნდობლობისა და, იმავდროულად, დედისადმი მხარდაჭერის მაგალითად გამოდგება: უდაი 24 წლის იყო, როცა ეგვიპტის პირველი ლედის პატივსაცემად გამართულ საზეიმო ვახშამზე ყველას თვალწინ მოკლა ქამალ ჰანა გეოგეო - კაცი, რომელსაც ის მამამისისა და ზამირას დაახლოებაში ადანაშაულებდა. როგორც გერმანელი ჟურნალისტი წერს, მაშინ სადამ ჰუსეინი უზომოდ განრისხდა, მაგრამ იორდანიის მეფის შეამავლობის შედეგად, შვილს ისევ შეურიგდა. მორიგი დიდი დანაშაული კი უდაიმ მამის, რომ იტყვიან, ლოცვა-კურთხევით ჩაიდინა: ეს იყო 1996 წელს ორი სიძის დახოცვა.

მსმენელს, შესაძლოა ახსოვდეს ეს საკმაოდ გახმაურებული ამბავი: სადამ ჰუსეინის ორი უფროსი ქალიშვილის ქმრები, რომლებიც წლების მანძილზე მიეკუთვნებოდნენ ერაყის მმართველ კლანს, ცოლ-შვილთან ერთად იორდანიაში გაიქცნენ და აშშ-ის სადაზვერვო სამსახურს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადასცეს. სადამ ჰუსეინმა სიძეები მოაკვლევინა: თუ ვის, ამის შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს. გერმანელი ჟურნალისტი ამ დავალების შემსრულებლად უდაის მიიჩნევს.

ეს ეპიზოდიც ცხადჰყოფს, რომ ქალს, რომელიც 40 წელია, მხარში უდგას სადამ ჰუსეინს, ბევრი ტრაგედია აქვს გადატანილი - მაშინაც კი, როცა ხელი მიუწვდებოდა ფუფუნების ყველა საგანზე, როცა მილიონობით დოლარს ხარჯავდა საყიდლებზე პარიზსა თუ ნიუ-იორკში.

დღეს საჯიჰა ჰუსეინის სასახლე ნანგრევებად არის ქცეული. ამის შესახებ არა მარტო გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე" იუწყება.
XS
SM
MD
LG