Accessibility links

logo-print

1989 წლის 9 აპრილის პოლიტიკური შედეგები


იმის მიუხედავად, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა ბევრი უბედურება გადაიტანა, 1989 წლის 9 აპრილი გამორჩეული თარიღია. მოვლენა, რომელსაც, ქართველები, უბრალოდ,

9 აპრილს უწოდებენ, განსკუთრებულია არა მხოლოდ თავისი ტრაგიკული შინაარსითა და მსხვერპლის რაობით, არამედ - შედეგების თვალსაზრისითაც.

9 აპრილიდან რამდენიმე დღე იყო გასული, როდესაც მწერალმა ჯემალ ქარჩხაძემ ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ბრძანა: ბოლო ათწლეულებში ქართველებმა ბევრი ცოდვა დავიდეთ; თუ უმანკო სისხლი, რომელიც ამ დღეებში დაიღვარა, საკმარისია ჩვენი ცოდვების გამოსყიდვისთვის, ქვეყანაში სიმშვიდე დაისადგურებს, თუ არადა, სისხლი კიდევ დაიღვრებაო. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რაოდენ წინასწარმეტყველური იყო ეს სიტყვები. გავიდა ორიოდე წელიწადი და ქართველებმა, რომლებიც 9 აპრილს ერთ მუშტად შეკრულნი გლოვობდნენ უმანკო მსხვერპლს, ერთმანეთის სისხლი დაღვარეს. დღემდე ცოტა ვინმე თუ აცნობიერებს, რომ შემდგომში განვითარებული მოვლენები, შესაძლოა, სწორედ 9 აპრილის შედეგი და მისი გაგრძელება იყო.

როგორ განვითარდა პოლიტიკური პროცესი 9 აპრილის შემდეგ? ის პოლიტიკოსები, რომლებმაც თბილისის ცენტრში ხალხმრავალი აქციის რუსული სამხედრო ძალით დარბევა და მხუთავი გაზის გამოყენება დაგეგმეს, საფიქრებელია, კარგად ხვდებოდნენ, როგორ წარიმართებოდა მოვლენები.

ოპოზიციის პირველი ლიდერი მაშინ ზვიად გამსახურდია იყო და მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. 9 აპრილის შემდეგ კი მისი ავტორიტეტი უსაზღვროდ გაიზარდა, ისევე, როგორც საპროტესტო განწყობა ადგილობრივი ხელისუფლების და საბჭოთა რეჟიმის მიმართ. საჭირო იყო მხოლოდ არჩევნების ჩატარება იმისათვის, რომ გუმბარიძის უსუსური მთავრობა კანონიერად დამხობილიყო და დიდი უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსულიყო ზვიად გამსახურდიას მომხრე პოლიტიკური ბლოკი "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო", თავად გამსახურდია კი ქვეყნის მთავარი ხელისუფალი გამხდარიყო.

დღემდე მიჩნეულია, რომ 9 აპრილის ანტიგმირი იგორ როდიონოვია, რუსული სამხედრო ძალის სიმბოლური სახე ნებისმიერი ქართველისთვის. სინამდვილეში, როდიონოვი, თავის ჯარისკაცებთან ერთად, ასრულებდა იმ დავალებას, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა იძლევა. შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა, რომ 9 აპრილის შედეგები სათავისოდ გამოიყენეს სწორედ პოლიტიკოსებმა; თანაც, არა მხოლოდ ქართველმა, არამედ, პირველ რიგში, რუსმა პოლიტიკოსებმა, რომლებსაც აუცილებლად სჭირდებოდათ გავლენის შენარჩუნება მეამბოხე საქართველოზე.

დღეს უკვე ცხადია, რომ რუსეთი სერიოზულად იყო დაინტერესებული ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნებით. შევარდნაძის დაბრუნებისთანავე, 1992-დან 1995 წლამდე ძალაუფლება მთლიანად პრორუსული ძალების ხელში გადავიდა. ნებისმიერი სხვა ლიდერის შემთხვევაში საქართველოში რუსეთის ერთგული ხელისუფლების აღორძინება გამორიცხული იყო, განსაკუთრებით, 9 აპრილის შემდეგ. ამიტომ ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნება რუსეთისთვის სასურველი, მაგრამ ერთობ ძნელად შესასრულებელი ჩანდა. ალბათ, საზოგადოების თითოეულ წევრს ახსოვს, რამდენად იგნორირებული იყო შევარდნაძე, როგორც ქვეყნის შესაძლო ლიდერი, ეროვნული მოძრაობის ნებისმიერ ეტაპზე. მაშ, როგორი გეგმით, როგორი პოლიტიკური ტექნოლოგიით გახდა შესაძლებელი ის, რასაც ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა?

გამსახურდიას ხელისუფლება დიდხანს რომ ვერ იარსებებდა, ამას უტყუარად ადასტურებდა თავად ხელისუფლების ბუნება და კვალიფიკაცია. ინტელიგენციას მეტი მოთმინება რომ გამოეჩინა და კატეგორიულად გამიჯვნოდა პრეზიდენტთან დაპირისპირებულ სამხედრო ძალას, სამოქალაქო ომი არ დაიწყებოდა. და თუ სამოქალაქო ომი არ დაიწყებოდა, თუ ქართველები ერთმანეთს არ დახოცავდნენ და არ გაანადგურებდნენ ყველაფერს, რაც კი ქვეყანაში ღირებული არსებობდა, - სულიერი თუ მატერიალური სიმდიდრე, - არავინ იფიქრებდა ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებაზე. სამოქალაქო ომისა და უკიდურესი გაჭირვების ფონზე შევარდნაძის პოლიტიკური ფიგურა გამოჩნდა, როგორც "დინჯი" ლიდერი, რომელიც საქართველოს მოუტანდა საერთაშორისო აღიარებას და, შესაბამისად, სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას.

დღევანდელი გადასახედიდან ძნელი სათქმელია, რომ ედუარდ შევარდნაძის საქართველოში დაბრუნება და შემდგომი ათი წელიწადი მაინცდამაინც 9 აპრილის პოლიტიკური შედეგი იყო. ძნელად წარმოსადგენი და კიდევ უფრო ძნელად დასაჯერებელია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მიტინგის დარბევას და უცილობელ მსხვერპლს გეგმავდნენ, წინასწარ შემუშავებული ხანგრძლივი გეგმის პირველი პუნქტი მოჰყავდათ მოქმედებაში. მაგრამ პოლიტიკური ლოგიკა ულმობელია და მკაფიოდ მიუთითებს ზემოთ აღწერილი პროცესის ერთიანობაზე. ის, რაც დღეს ხდება და, ვინ იცის, როდის დასრულდება, სწორედ 9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს დაიწყო.
XS
SM
MD
LG