Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჩიკაგო" - რუსულად... საქართველოში


ქართველი სოციალისტების ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის იდეა, როგორც ჩანს, მართლაც ხორციელდება. სამკუთხედი "ვაშინგტონი - მოსკოვი - თბილისი" უკვე შეიქმნა, ჯერჯერობით, მხოლოდ თბილისის

კინოთეატრ "რუსთაველში", სადაც ამჟამად ოსკარებით აღნიშნულ ამერიკულ მიუზიკლს, "ჩიკაგოს", უჩვენებენ. თუ გაინტერესებთ, როგორ მღერის, მაგალითად, რიჩარდ გირი, "ჩიკაგოს" სანახავად დროს ნუ დაკარგავთ: ფილმის იმ ვერსიაში, რომელსაც საქართველოს დედაქალაქში უჩვენებენ, რიჩარდ გირის ნაცვლად, რუსული ესტრადის ვარსკვლავი ფილიპ კირკეროვი მღერის.

დუბლიაჟის ისტორიას ასეთი რამ არ ახსოვს: რუსეთის იმ კინოკომპანიამ, რომელმაც "ჩიკაგოს" გაქირავების უფლება მოიპოვა, ამერიკული ბესტსელერი თავიდან ბოლომდე გაახმოვანა... "თარგმნა" სიმღერებიც - რიჩარდ გირს ფილიპ კირკეროვის ხმა დაადო, რენე ზელვეგერს - ვინმე ანასტასია სტოცკაიას ხმა, კეტრინ ზეტა-ჯონსი კი სმოლენსკის დრამატული თეატრის მსახიობს ლიკა რულას გაახმოვანებინა. ერთი რუსი კრიტიკოსის თქმისა არ იყოს, ეს იგივეა, "პავაროტის ვუყუროთ, მაგრამ, პავაროტის მაგივრად, ცუკერმანი ვამღეროთ". მთავარი ისაა, რომ პუბლიკა გაიგებს, რაზე მღერიან "ჩიკაგოს" გმირები.

მაგრამ კინოგამქირავებლებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ: "ჩიკაგოს" დუბლირებულმა ვერსიამ თებერვალში, როცა მოსკოვში ჰოლივუდის ახალი კინოშოუს პრემიერა გაიმართა, აღაშფოთა ყველა - კრიტიკოსებიც და უბრალო მაყურებელიც. კინოკომპანიის მესვეურებმა ვერ გაითვალისწინეს, რომ რიჩარდ გირი, თავისი ცოტა ჩახლეჩილი ხმის მიუხედავად, ჯაზს მღერის და არა იაფფასიან პოპ-მუსიკას, რომლის პროპაგანდისტად რუსეთში სწორედ ფილიპ კირკეროვი ითვლება და რომელიც არც აქ, "რუსულ-ამერიკულ ჩიკაგოში" ამბობს უარს თავის "ხელწერაზე". გამქირავებლებმა ახალი ამერიკული მიუზიკლის დამახინჯება იმით ახსნეს, რომ რუსეთში მაყურებლის აბსოლუტურ უმრავლესობას ინგლისური არ ესმის, სუბტიტრებს კი არ კითხულობს, გაიხსენეს, როგორ ჩავარდა რუსულ კინოგაქირავებაში "მულენ-რუჟი", რომელიც რუსეთის ეკრანებზე სუბტიტრებით გავიდა.

"მულენ-რუჟი" -ქართულ კინოგაქირავებაში არ ჩავარდნილა. "გარუსებულ ჩიკაგოს" კი შეიძლება პრობლემები შეექმნას. ქართველი მაყურებელი შეურიგდა იმ ფაქტს, რომ თბილისის კინოთეატრებში რუსულად დუბლირებულ ფილმებს უჩვენებენ (თბილისის კინოთაეტრები ხომ ფილმებს მოსკოველი გამქირავებლებისგან ყიდულობენ). მაგრამ საეჭვოა, ქართველები შეურიგდნენ მუსიკის "გადათარგმნას", მით უმეტეს, რომ კინოთეატრებში, ძირითადად, თინეიჯერები დადიან, ჩვენი ახალგაზრდების უმრავლესობამ კი ინგლისური რუსულზე უკეთ იცის.

"ჩიკაგოს" "გარუსებულ ვერსიას" თბილისის ეკრანებზე სწორედ მაშინ უჩვენებენ, როცა რუსეთი საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს საქართველოს წინააღმდეგ. არ არის გამორიცხული, ერთ მშვენიერ დღეს რუსებმა თქვან, აი, ნახეთ, რას უყურებენ ქართველები - მათ ჩვენი ფილიპ კირკეროვი ამერიკელ რიჩარდ გირს ურჩევნიათო.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG