Accessibility links

logo-print

ბაღდადელთა დიდი ნაწილი სიხარულით ეგებება ამერიკელ ჯარისკაცებს


ერაყის ომზე საუბარს დავიწყებთ რადიო "თავისუფლების" სპეციალური კორესპონდენტის, რონ სინოვიცის რეპორტაჟით, რომელიც მან ბაღდადიდან მოგვაწოდა.


ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ რონ სინოვიცი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მესამე ქვეით დივიზიაზეა მიმაგრებული და ერაყის დედაქალაქში სწორედ ამ სამხედრო შენაერთთან ერთად შევიდა. ჩვენი კორესპონდენტის თქმით, წინააღმდეგობის ცალკეული კერების მიუხედავად, ბაღდადელთა დიდი ნაწილი სიხარულით ეგებება ამერიკელ ჯარისკაცებს.

ამის დასტურად გამოდგება თუნდაც ოთხშაბათს გაკეთებული ჩანაწერი, რომელზეც ისმის, რა შეძახილებით აგდებს კვარცხლბეკიდან სადამ ჰუსეინის ძეგლს ბაღდადელთა ერთი ჯგუფი. ეს ძეგლი ერაყის ნავთობმრეწველობის სამინისტროს შენობასთან იდგა.

[ბრბოს ხმაური]

რონ სინოვიცი ესაუბრა მესამე ქვეითი დივიზიის საგანგებო შენაერთის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ჯონ ჩარლტონს, რომელიც ბაღდადელთა სიხარულს ასე ხსნის:

[ჯონ ჩარლტონის ხმა] "ხალხი ხვდება, რომ რეჟიმი დაემხო და ადამიანებს საშუალება ეძლევათ, დაუფარავად გამოხატონ თავიანთი ჭეშმარიტი გრძნობები. ჩვენი აქ ყოფნა მათ უსაზღვროდ ახარებთ, რაც ყოველი ჩვენგანისთვის დიდი შვებაა. ჯარისკაცების სიხარულს საზღვარი არა აქვს. მათ რამდენიმეკვირიანი მძიმე ბრძოლები გამოიარეს და ახლა ძალიან ბედნიერი არიან იმის გამო, რომ პატარა ბავშვები მათთან ხელის ჩამოსართმევად მიდიან, ესალმებიან... მართლაც სასიამოვნო გრძნობაა, როცა ადგილობრივი მოქალაქე შენთან მოდის და მადლობას გეუბნება."

ვიცე-პოლკოვნიკ ჩარლტონის შენაერთმა დღეს დაიკავა ერაყის რესპუბლიკური გვარდიის მოძრავი ტექნიკის გარაჟი, რომლის შემოწმებამ დაადასტურა, რომ სადამ ჰუსეინი მკაცრი ეკონომიკური ემბარგოს პირობებშიც ცდილობდა, თავისი ჯარი ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების შესაბამისად აღეჭურვა.

საინტერესოა, რომ გარაჟში იპოვეს მოსკოვიდან გამოგზავნილი წერილი, რომელიც რუსეთსა და ერაყს შორის იარაღით ვაჭრობის სფეროში არსებულ კონტაქტებზე მიგვანიშნებს. წერილს, რომელიც 2001 წლის ივლისით არის დათარიღებული, ხელს აწერს გენერალ-პოლკოვნიკი ვლადისლავ აჩალოვი, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია FTW Systems-ის წარმომადგენელი. თუ წერილი მართლაც აჩალოვის ხელმოწერილია, ამ საკითხზე უთუოდ მომავალშიც მოგვიწევს საუბარი, რადგან რუსეთის სამხედრო სისტემაში აჩალოვი ხელწამოსაკრავი ფიგურა არ გახლავთ. ერთ ხანს მას თავდაცვის მინისტრის მოადგილის სავარძელი ეკავა.

თავის რეპორტაჟში რონ სინოვიცი სადამ ჰუსეინის გარშემო ატეხილ მითქმა-მოთქმაზეც საუბრობს. ზოგიერთი ცნობის თანახმად, ჰუსეინი ერთ-ერთი საჰაერო იერიშის დროს დაიღუპა. რონ სინოვიცის შეკითხვას, ცოცხალია თუ მკვდარი სადამი, ვიცე-პოლკოვნიკმა ჩარლტონმა ასე უპასუხა:

[ჯონ ჩარლტონის ხმა] "არ ვიცი, მკვდარია თუ არა, ან, საერთოდ, რა მდგომარეობაშია, მაგრამ ერთ რამეში ეჭვი არ მეპარება: თუ ის ჩვენ ვერ ჩავიგდეთ ხელში, ამას ერაყელი ხალხი გააკეთებს. ასე რომ, ჩემი აზრით, ერაყში მისთვის უსაფრთხო ადგილი აღარ არსებობს."

რონ სინოვიციც და ჩვენი მეორე კორესპონდენტი ჩარლზ რეკნაგელიც, იუწყებიან, რომ ბაღდადსა და ერაყის ზოგიერთ სხვა ქალაქშიც, მაროდიორობის არაერთი შემთხვევა აღინიშნა. ამასვე მოწმობს სატელევიზიო კადრები, რომელსაც სამშაბათსა და ოთხშაბათს გამუდმებით გვიჩვენებენ სხვადასხვა ქვეყნის ტელეარხები.

სამხრეთი ერაყის ქალაქ ბასრიდან ტელეფონით გვიამბობს ჩარლზ რეკნაგელი:

[ჩარლზ რეკნაგელის ხმა] "დღეს ბასრაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდა, შედარებით პირველ ორ დღესთან, როცა ქალაქი ბრიტანეთის ჯარმა აიღო. დღეს ჩვენ ვიხილეთ ალმოდებული შენობები, რომლებსაც, ვიდრე საფუძვლიანად დააცარიელებდნენ, ცეცხლი წაუკიდეს თვით მძარცველებმა. ახლა ხანძრები ჩაქრობილია, თუმცა უნივერსიტეტის ერთ-ერთი შენობა კვლავინდებურად ბოლავს. პირველად მთელი ამ ხნის მანძილზე ცნობილი გახდა ცალკეული პირების ძარცვის ფაქტები."

მოკავშირეთა წარმატებები მხოლოდ ბაღდადისა და ბასრის აღებით არ ამოიწურება. ოთხშაბათს, ჩრდილოეთ ერაყში, აშშ-ის ჯარის საგანგებო შენაერთებმა, ქურთი მებრძოლების დახმარებით, მოსულის მახლობლად მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაღლობი აიღეს, რასაც ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის ლიდერის მრჩეველი ჰოშიარ ზებარი სერიოზულ წარმატებად მიიჩნევს:

[ჰოშიარ ზებარის ხმა] "ამ ფაქტს ჩრდილოეთის ფრონტზე მიღწეულ უდიდეს წარმატებად დავახასიათებდი. იგი გვიჩვენებს, რომ ერაყის არმია სრულიად დემორალიზებულია. სხვანაირად ვერ ავხსნით იმ გარემოებას, რომ საკუთარი პოზიცია მან ასე იოლად დათმო."

როგორ განვითარდება მოვლენები ერაყში ომის დამთავრების შემდეგ? აი, რას ამბობს ამასთან დაკავშირებით რონ სინოვიცი:

[რონ სინოვიცის ხმა]: "შეერთებული შტატების სამხედრო მეთაურები მიზნად მუდამ რეჟიმის შესაცვლელად პირობების შექმნას ასახელებდნენ. არა რეჟიმის შეცვლას, არამედ მისთვის პირობების შექმნას. უნდა დავასკვნათ, რომ, ამერიკის ჯარის აქ ყოფნით, მათ რევოლუციის თუ სასახლის გადატრიალების მსგავსი რამის მიღწევა სურდათ."

რამდენად შესრულდება ეს ამოცანა, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
XS
SM
MD
LG