Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მსოფლიო პრესის ყურადღება კვლავაც ერაყისკენაა მიპყრობილი, სადაც 9 აპრილს ბაღდადი დაეცა, ხოლო მეორე დღეს კოალიციის ძალებმა, ქურთების შეიარაღებულ რაზმებთან ერთად ქალაქი კირკუკი

აიღეს და იერიში მიიტანეს ქალაქ თირქითზე, სადაც სადამ ჰუსეინი დაიბადა, და სადაც შესაძლოა თავშესაფარი ნახა, თუკი ბაღდადის დაბომბვისას ცოცხალი გადარჩა.

როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში ამჯერად, როცა კოალიციის ძალების გამარჯვება ეჭვს აღარ იწვევს, აუცილებელია უშიშროების უზრუნველყოფა და წესრიგის აღდგენა ერაყის ქალაქებში, სადაც რეჟიმის უცბათ დამხობამ ხელისუფლების ვაკუუმი და განუკითხაობა გამოიწვია.
გაზეთი დასძენს:

"ის, რაც 9 აპრილს მოხდა ბაღდადში, ერაყში ისტორიული და დემოკრატიული გარდაქმნების დასაწყისად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო ოპერაციების დამთავრებისთანავე მთელი ძალისხმევა ვითარების სტაბილიზაციის, ხალხის გამოკვებისა და გამოჯანმრთელებისკენ იქება მიმართული, და ერაყი თვითმმართველობის გზას დაადგება. ამაშია სწორედაც განსხვავება დამპყრობლურსა და განმათავისუფლებელ ომებს შორის".

ბრიტანეთის გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ შექმნილ ხელისუფლების ვაკუუმში ხედავს ასევე მთავარსა და გადაუდებელ საფრთხეს, ერაყი რომ დაუპირისპირდა დღეს. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"თუმცა, მეუთხედსაუკუნოვანი ჩაგვრის შემდეგ ალბათ კანონზომიერი უნდა იყოს ის უმსგავსოება, ერაყელმა ხალხმა რომ გამოავლინა რეჟიმის დამხობის შემდეგ ბაათის პარტიის შენობებისა და მთავრობის წევრთა ბინების გაძარცვისას. შესაძლოა ხალხისათვის არ აღმოჩნდა საკმარისი მათი მმართველების წასვლა, და ბევრმა მოისურვა პირადად დარწმუნებულიყო ტოტალიტარული რეჟიმის, ყოფილ მჩაგვრელთა უსუსურობაში. მაგრამ, ბოლოს მაინც აუცილებელია ქვეყანაში წესრიგის აღდგენა, ვინაიდან ამის გარეშე შეუძლებელი გახდება მოსახლეობაში თავად წყლისა და სურსათის გეგმაზომიერი განაწილება".

გაზეთ "გარდიანის" მიმომხილველის ტიმოთი გარტონ ეშის აზრით, დატყვევებული ერაყელი სამხედრო დამნაშავეები ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადასცენ უშუალოდ, სადაც მათ, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის უნდა აგონ პასუხი. ხოლო მოკავშირეთა ძალების ნებისმიერი მებრძოლი, ვინც დანაშაული ჩაიდინა ამ ომის მსვლელობისას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.

გაზეთი "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი" გამოდის წინადადებით, რომ შეიქმნას საგანგებო ტრიბუნალი ერაყელ სამხედრო დამნაშავეთა გასასამართლებლად. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში ჩილეს ყოფილი პრეზიდენტის, აუგუსტო პინოჩეტის გასამართლების მცდელობა გაკეთდა, ხოლო იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს სლობოდან მილოშევიჩს, როგორც სამხედრო დანაშავეს, გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალი ასამართლებს ჰააგაში, დიქტატორებმა უნდა შეიგნონ, რომ ვეღარ გაექცევიან მართლმსაჯულებას. თუ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი და მისი ამალა ცოცხალი გადაურჩა ამ ომს, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან".
XS
SM
MD
LG