Accessibility links

სპეციალური ეკონომიკური ზონების კანონპროექტი და საქართველოს რეგიონების დაკარგვის საშიშროება


თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა ხუთიოდე წლის წინ და უფრო ადრე ბევრი პოლიტიკური ორგანიზაციის წინასაარჩევნო დაპირება იყო, თუმცა საქართველოს პარლამენტში მხოლოდ

აღორძინების კავშირი იბრძოდა ამ დაპირების რეალიზებისთვის. ახლა აღორძინების კავშირს ახალი დემოკრატებიც შეემატნენ, მაგრამ სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ კანონპროექტი მაინც დაუძლეველ წინააღმდეგობას წააწყდა.

წინა წლებში ცენტრალური ხელისუფლება აჭარიდან წამოსული „თავისუფალი ეკონომიკური ზონების" იდეის ბლოკირებას აფხაზეთის პრობლემის მომიზეზებით ახერხებდა. ახლა კი ხელისუფლების მხარდამჭერი საპარლამენტო ფრაქციები „ობშორული" ზონების კანონპროექტის ჩაგდებას საკანონმდებლო ორგანოს სხდომებზე გამოუცხადებლობით ცდილობენ. 10 აპრილს ხელისუფლების მომხრეთა ამგვარმა ქმედებამ ისე გააღიზიანა კანონპროექტის ინიციატორი აღორძინების კავშირის წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე, რომ საქართველოს დაშლის დასაწყისი საკმაოდ ემოციურად იწინასწარმეტყველა.

[ბრეგაძის ხმა] „ყველაფერი ეს, რაც დღეს ხდება, რაც ხვალ გაგრძელდება, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევისკენ მიმართული. ეს არის მიმართული იქითკენ, რომ ქვეყანაში შეიქმნას დაპირისპირება."

იმასვე წინასწარმეტყველებენ ხელისუფლების საპარლამენტო მხარდამჭერები, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ აღორძინების კავშირის ინიციატივა კანონის ძალას შეიძენს. სახელისუფლებო ფრაქციათა ერთ-ერთი ლიდერის ელგუჯა მეძმარიაშვილის განმარტებით:

[მეძმარიაშვილის ხმა] „კანცელარია, რომელიც ემორჩილება ქვეყნის უმთავრეს პიროვნებას - პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია, რომ ქვეყნისთვის დამანგრეველი გადაწყვეტილება არ იქნეს მიღებული. ჩვენ შეიძლება - და მე კვლავ ვუსვამ ხაზს, ეს აჭარას არ შეეხება - ამ კანონით უბრძოლველად, სამართლებრივი ბაზით, დავკარგოთ საქართველოს გარკვეული კუთხეები."


ამ საშიშროებას გამორიცხავს ფრაქცია "ახალი დემოკრატების" წარმომადგენელი ვასილ მაღლაფერიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით, თავისუფალი ეკონომიკური ზონები ცენტრზეა მიბმული და არა რეგიონის ხელმძღვანელობაზე. აღსანიშნავია, რომ "ახალი დემოკრატების" ლიდერი ზურაბ ჟვანია წლების წინ თავისუფალი ეკონომიკური ზონების წინააღმდეგ სწორედ ტერიტორიული მთლიანობის რღვევის მომიზეზებით გამოდიოდა.

ამ საშიშროებას ახლაც ადასტურებს ჟვანიას გუნდის ყოფილი წევრი, ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა. იგი მიიჩნევს, რომ სუსტი ადმინისტრირების პირობებში ცენტრი თავისუფალ ზონებზე კონტროლს ვერ შეძლებს. ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში ლადო პაპავამ განაცხადა:

[ლადო პაპავას ხმა] „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებისათვის, საქართველოს პარლამენტი რა კანონს მიიღებს, ან რა კანონის რეჟიმში მოითხოვს ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას. მაგრამ ამ კანონის მიღებით რომ შეგვექმნება პრობლემები, ეს ფაქტია. შეგვექმნება ყველა იმ რეგიონში პრობლემები, რომელიც ეროვნული შემადგენლობით ჭრელია და სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია შესუსტებულია."

სახელდება სხვა ეკონომიკური ხასიათის ფაქტორებიც, რომელთა გამო თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ კანონის მიღება გაუმართლებლად ითვლება. მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ არ არსებობს ობშორული ზონების საჭიროების ეკონომიკური საფუძველი. საქართველოში ისედაც ლიბერალური საინვესტიციო კანონმდებლობაა და, ჩინეთის მსგავსად, რომლის მაგალითს ხშირად იშველიებენ, ექსპორტ-იმპორტი შეზღუდული არ არის.
XS
SM
MD
LG