Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმში გადაიდო ანტისამთავრობო აქცია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ კვირაში საქართველოს პარლამენტს აფხაზი მოსახლეობისადმი მიმართვის ტექსტზე უნდა ემსჯელა. მაგრამ, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, პარლამენტმა მიზანშეწონილად

მიიჩნია ამ საკითხის იმ დრომდე გადატანა, სანამ არ გაირკვევა, თუ რით დასრულდება სახელისუფლებო კრიზისი სოხუმში. სოხუმიდან მოსული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, კრიზისი საკმაოდ ღრმაა და სწრაფად არ დასრულდება.

ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 10 აპრილისთვის დაგეგმილი ანტისამთავრობო აქცია გაურკვეველი ვადით გადაიდო. იმ მოთხოვნების შესასწავლად, რასაც არძინბას ხელისუფლებას ოპოზიცია უყენებს, სახალხო თანხმობის ფორუმი შეიქმნა, აფხაზი პარლამენტარების, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. სააგენტო "აფხაზ-პრესის" ინფორმაციით, ოპოზიცია მოითხოვს უახლოეს დროში " აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების დეპუტატთა და პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" კანონებში ცვლილებების, აგრეთვე, აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების მომზადებასა და პარლამენტში განხილვას. მართალია, აფხაზეთის ომის ვეტერანთა მოძრაობა "ამცახარას" წევრები - სწორედ ამ ორგანიზაციის მოთხოვნით გადადგა სოხუმის მთვრობა - თანახმანი არიან, აფხაზეთში ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად, პრობლემური საკითხები ხელისუფლებასთან დიალოგის გზით მოგვარდეს, უკვე ჩანს იმის ნიშნები, რომ მოლაპარაკება შედეგს არ მოიტანს. როგორც სოხუმის ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ სააგენტო "ინტერპრესს" განუცხადა, "ამცახარას" მოთხოვნები შეუსრულებადია. კერძოდ, როგორც ირკვევა, "ამცახარა" საკანონმდებლო ცვლილებების გატარებამდე დაუშვებლად მიიჩნევს ახალი მთავრობის დაკომპლექტებას.
ცნობისთვის: აფხაზური კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის მეთაურს ნიშნავს პრეზიდენტი, რომელიც უკვე თავისი გემოვნებით აკომპლექტებს მთავრობას. "ამცახარა" კატეგორიულად მოითხოვს ამ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას, რის შემდეგაც პრემიერის და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება პარლამენტის პრეროგატივაში გადავა. სოხუმის ხელისუფლების ვიცე-პრეზიდენტი საკითხის ასე დაყენებას მიუღებლად თვლის, რადგან, მისი აზრით, "ქვეყანა აღმასრულებელი ხელისუფლების გარეშე ვერ დარჩება". ვალერი არშბას განცხადებით, ვლადისლავ არძინბა არ დაელოდება ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და უახლოეს დღეებში დაასახელებს ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობას, რომელსაც მთავრობის შემადგენლობის დაკომპლექტება დაევალება.
და თუ მოვლენები, მართლაც, ასე განვითარდა, "ამცახარა" და სხვა ოპოზიციური ჯგუფები უკვე ვლადისლავ არძინბას დაუპირისპირდებიან. აქვე შევნიშნავ, რომ აქამდე სოხუმელი ოპოზიციონერები მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებდნენ, მაგრამ საჯაროდ უცხადებდნენ ნდობას პრეზიდენტ არძინბას. რამდენიმე დღეში კი, როგორც ჩანს, უკვე თავად არძინბა იქცევა კრიტიკის ობიექტად.
XS
SM
MD
LG