Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიან თუ არა ქართველები ერაყში


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 10 აპრილს, სააგენტო "პრაიმ-ნიუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაღდადში სროლების დროს დაიღუპა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ქართული დელეგაციის თანამშრომელი,

48 წლის ვაჩე არსლანიანი, რომელიც ერაყში მოხალისედ იმყოფებოდა. არსლანიანის ცხედარი ოთხშაბათს აღმოაჩინეს. "პრაიმ-ნიუსი" დასძენდა, რომ ერაყში მოხალისედ იმყოფება წითელი ჯვრის ქართული დელეგაციის რამდენიმე თანამშრომელი. ზოგიერთი გარემოების დასაზუსტებლად მე დავუკავშირდა წითელი ჯვრის ოფისს თბილისში.

ბაღდადში წითელი ჯვრის ქართული დელეგაციის თანამშრომლის ვაჩე არსლანიანის დაღუპვის კონკრეტულ გარემოებებზე ბევრი არაფერია ცნობილი. საქართველოში - სახელდობრ, სოხუმში - ის ორიოდე წლის წინათ მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატად მატერიალურ-ტექნიკურ დეპარტამენტში. ვაჩე არსლანიანი კანადის მოქალაქე იყო, სირიაში დაბადებული ეთნიკური სომეხი. "პრაიმ-ნიუსის" გავრცელებულმა ინფორმაციამ, არსლანიანის სახელის გამო, ბევრს აფიქრებინა, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თბილისის ოფისში ვაჩე არსლანიანს თბილად და სინანულით იხსენებენ.

წითელი ჯვრის თბილისის ოფისში მე ვკითხე პრეს-ოფიცერს, დავით ახობაძეს, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ერაყში წითელი ჯვრის ეგიდით. იმ ადამიანთა ნაწილი, ამ ორგანიზაციის დელეგატებად რომ მუშაობდნენ საქართველოში, ახლა, მართლაც, არიან ერაყში; საქართველოს მოქალაქეები ამჟამად ერაყში არ იმყოფებიან. დავით ახობაძის თქმით, ერაყში არა, მაგრამ კუვეიტში არის საქართველოს ერთი მოქალაქე, გურამ ბურდული, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა ახლო აღმოსავლეთში მუშაობს. ერაყში საქმიანობის შეუძლებლობის გამო წითელი ჯვრის დელეგაცია კუვეიტში მუშაობას წარმართავს ერაყელთა დასახმარებლადაც. გურამ ბურდული მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაშია. დავით ახობაძე მის ფუნქციებს ასე აღწერს [დავით ახობაძის ხმა]: "ესაა უშველებელი საწყობი, სადაც არის ჰუმანიტარული დახმარება, წამლები, ხელუხლებელი მარაგი - ყველაფერი, აბსოლუტურად. ესაა ვეებერთელა მეურნეობა. საჭიროებისამებრ, მოდის დიდი ტონაჟის მანქანები, იტვირთება პროდუქტით, პლასტიკური საფარით, საველე კარვებით, მედიკამენტებით, წყლით, საკვებით - მოკლედ, ყველაფრით, რაც შედის ჰუმანიტარულ დახმარებაში. გურამ ბურდულის ფუნქცია ამის მიწოდებაა".

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს ახლო აღმოსავლეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ჰყავს დელეგირებული - პროგრამისტი ვალერი ხინთიბიძე. ის ამჟამად იორდანიაში, ამანში მუშაობს და, როგორც დავით ახობაძე ამბობს, თავის საქმის ბრწყინვალე სპეციალისტია. ვალერი ხინთიბიძეც რამდენიმე თვეა ხსენებულ რეგიონში იმყოფება. წითელი ჯვრის თბილისის ოფისში მითხრეს, რომ ახლო აღმოსავლეთში, ამ ორგანიზაციის ეგიდით, საქართველოს მოქალაქეებთან რეგულარული კონტაქტი აქვთ და ისინი ჯანმრთელები და საღ-სალამათნი არიან.
XS
SM
MD
LG