Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი თანამემამულეებს აფრთხილებს, რომ ომის დამთავრებაზე საუბარი ნაადრევია


მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის ძალაუფლება ბაღდადზე აღარ ვრცელდება, ხუთშაბათს ერაყის დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში გრძელდებოდა შეტაკებები ამერიკელ ჯარისკაცებსა

და ერაყის როგორც რეგულარული არმიის, ისე რესპუბლიკური გვარდიის შენაერთებს შორის.

გამართლდა მათი პროგნოზები, ვინც ბაღდადში შესულ ამერიკელ ჯარისკაცებს აფრთხილებდა, რომ ბაღდადელთა დიდი ნაწილის მხრიდან აღტაცებული მიღებისა და სადამ ჰუსეინის მრავალი ძეგლის განადგურების მიუხედავად, ომის დამთავრებაზე საუბარი ნაადრევია.

[დონალდ რამსფელდის ხმა] "წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ბრძოლა გველის, კიდევ ბევრი ადამიანი დაიღუპება. ნურავის შეეპარება ეჭვი: ქუჩებში გამართული ზეიმის მიუხედავად, ომი არ დამთავრებულა."

თავისი თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის ამ გაფრთხილების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყელ ხალხს ტელევიზიით მიმართა და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა ამცნო:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "მოგმართავთ ჯორჯ ბუში, შეერთებული შტატების პრეზიდენტი. სადამ ჰუსეინის რეჟიმი ემხობა. დასასრულს უახლოვდება შიშისა და სისასტიკის ხანგრძლივი პერიოდი. ამერიკისა და კოალიციის ძალები ახლა ბაღდადის შიგნით მოქმედებენ და ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე სადამის კორუმპირებულ ბანდას არ გავაგდებთ."

ტელემიმართვაში, რომელიც ახალმა არაბულენოვანმა ტელეარხმა "ნაჰვა ალ-ჰურიემ" გადასცა, ჯორჯ ბუშმა ერაყელებს აღუთქვა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ყოველ ღონეს იხმარენ, რათა ერაყმა ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო თანამეგობრობაში. "ნაჰვა ალ-ჰურიე" ან, ქართულად, "თავისუფლებისკენ", აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობათა მიერ დაფინანსებული სატელევიზიო სადგური გახლავთ. ახალი ტელეარხით გამოსვლისას, ჯორჯ ბუშმა დასძინა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები პატივს სცემენ ერაყელ ხალხს. ჩვენ უპრეცედენტო ზომებს მივმართავთ, რათა ერაყის უდანაშაულო მოქალაქეებს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ. ვიწყებთ გასაჭირში მყოფთათვის საკვების, წყლისა და მედიკამენტების მიწოდებას. ჩვენი ერთადერთი მტერი სადამი და მისი სასტიკი რეჟიმია; და ეს რეჟიმი თქვენი მტერიც არის."

სად იმალება სადამ ჰუსეინი? ამის თაობაზე არაერთი ვარაუდი გამოითქმის. ფაქტია, რომ მოკავშირეთა ავიაციამ უკვე რამდენიმეჯერ დაბომბა სადამის მშობლიური ქალაქი თიქრითი, ხოლო შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ქვეითი ჯარი ბაღდადის ჩრდილო-დასავლეთით, მისგან 160 კილომეტრის მანძილზე მდებარე ამ ქალაქს ხმელეთით უახლოვდება. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, ამ ქალაქისთვის ბრძოლა შეიძლება უაღრესად მძაფრი გამოდგეს, მით უფრო, თუ სადამ ჰუსეინის რეჟიმი სწორედ იქ გადაწყვეტს ყველაზე მედგარი წინააღმდეგობის გაწევას.

ამასობაში, ჩრდილოეთ ერაყში ქურთმა მებრძოლებმა, აშშ-ის ჯარის საგანგებო შენაერთების დახმარებით, ქალაქი ქირქუქი აიღეს. მიღებული ცნობების თანახმად, ნავთობით მდიდარი ეს ქალაქი ერაყის ჯარმა უბრძოლველად დათმო. ქალაქის მოსახლეობა ქუჩებში გამოცვივდა და ზარ-ზეიმით შეხვდა ქურთ მებრძოლებს. როგორც იუწყებიან, აღინიშნა მაროდიორობის შემთხვევებიც.

მოვლენათა ასეთი განვითარება სერიოზულად აშფოთებს მეზობელ თურქეთს. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ერდოანმა არაერთხელ გააფრთხილა ერაყელი ქურთების ლიდერები, რომ თუ ისინი ქირქუქს აიღებდნენ, თურქეთის ჯარი, შესაძლოა, ჩრდილოეთ ერაყში შეჭრილიყო.

ანკარა შიშობს, რომ ერაყელი ქურთები დამოუკიდებლობას გამოაცხადებენ, რაც სერიოზულად გაამძაფრებდა ვითარებას აღმოსავლეთ თურქეთში, სადაც ქურთები კომპაქტურად ცხოვრობენ.

მაგრამ როგორც ხუთშაბათს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა გულმა განაცხადა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი მას დაპირდა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ქურთ მეომრებს ქირქუქიდან გაიყვანენ. თუმცა, აშკარაა, რომ ეს იოლი საქმე არ იქნება.
XS
SM
MD
LG