Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა საგადასახადო კოდექსის პროექტს უფრთხის


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ფრაქცია "მრეწველების" ინიციატივით შექმნილ და პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს "გაუთვალისწინებელი" წინააღმდეგობები შეხვდა.

თავის დროზე პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ მოწონებული კოდექსი, ისევ პრეზიდენტის ამასწინანდელი შენიშვნის გამო, შესაძლოა, სერიოზულად იქნეს კორექტირებული ან, საერთოდ, სხვა პროექტით ჩანაცვლებული.

ამჟამად მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობის უსუსურობაზე დაუფარავად საუბრობენ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ბიზნესწრეებსა და აწ უკვე ხელისუფლებაშიც. ახალი ფისკალური პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად არაერთი ჯგუფი შეიქმნა, თუმცა საბოლოო ვარიანტის შემუშავება და მეტ-ნაკლებად სრულყოფილი დოკუმენტის შექმნა მხოლოდ ქართველი და უცხოელი ექსპერტების ჯგუფმა შეძლო, ფრაქცია "მრეწველების" დაკვეთით.

აღნიშნული პროექტის ძირითადი თეზისების პრეზენტაციას ერთი წლის წინ თავად შევარდნაძე დაესწრო, რომელმაც ეპითეტები არ დაიშურა ახალი კოდექსის მიმართ. წესით, პრეზიდენტის ეს რეაქცია სიგნალი უნდა ყოფილიყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე საპარლამენტო უმრავლესობისათვის, მაგრამ კანონმდებლები პროექტის განხილვას მაინც არ ჩქარობდნენ და რამდენიმეთვიანი კონსულტაციების შემდეგ მისი სესიაზე გატანა და კენჭისყრა მხოლოდ ამ ცოტა ხნის წინ მოხერხდა. პარლამენტმა კოდექსი პირველი მოსმენით მიიღო.

ეს პროექტი ითვალისწინებს ამჟამად არსებული გადასახადების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას, ადმინისტრირების გამარტივებას, მაგრამ არგადამხდელთათვის - სანქციების გამკაცრებას.

ამჯერად არ შევუდგებით ახალი საგადასახადო კოდექსის ავკარგიანობაზე საუბარს. უბრალოდ, თვალი გავადევნოთ მოვლენების განვითარების ლოგიკას: პარლამენტის მიერ პროექტის პირველი მოსმენიდან რამდენიმე დღის შემდეგ შევარდნაძემ თავის ტრადიციულ რადიოინტერვიუში პარლამენტს აჩქარება დაუწუნა - პროექტი ჯერ მთავრობაში უნდა დამუშავებულიყო და შემდგომ შესულიყო პარლამენტშიო,
- თუმცა რამდენიმე კვირით ადრე, იმავე რადიოინტერვიუში, მან ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტზე ისაუბრა როგორც უკვე შემდგარ ფაქტზე და ის პოზიტიურ მოვლენად მიიჩნია.

შევარდნაძის უკანასკნელი კომენტარი სიგნალად მიიღო მთავრობამ, რომელიც მანამდე "მრეწველების" ინიციატივას ასევე სრულიად მისაღებად თვლიდა და კანონმდებლებს მხარდაჭერისაკენაც მოუწოდებდა. ამჯერად აღმასრულებელი ხელისუფლება ერთხმად ეწინააღმდეგება კოდექსის პროექტს და მას ზედმეტ ლიბერალიზაციაში ადანაშაულებს. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში საგადასახადო პრობლემებია და ბიუჯეტის შესრულება ვერ ხერხდება, გადასახადების შემცირება მთავრობას დამღუპველად მიაჩნია. მთავრობა, პირიქით, საგადასახადო კოდექსის გამკაცრების წინადადებით გამოდის.

პრეზიდენტის და შემდგომ უკვე მისი მთავრობის ეს უეცარი სახეცვლილება, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან ინტერესთა ჯგუფების მიერ არის ინიცირებული. საარჩევნო მარათონის წინ მთავრობას ფისკალურ სფეროში რადიკალური რეფორმები, ალბათ, სარისკოდ მოეჩვენა. ამასთან, ადგილობრივი გადასახადების გამარტივების გამო პროტესტს გამოთქვამენ მაჟორიტარი დეპუტატები, ეს კატეგორია კი არჩევნებში მეტისმეტად გასაფრთხილებელ კასტას წარმოადგენს ხელისუფლებისათვის.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რის გამოც ხელისუფლება შეიძლება ბიზნესგარემოს ლიბერალიზაციას უფრთხოდეს: ამჟამად მსხვილ ბიზნესს საქართველოში, ძირითადად, სწორედ ხელისუფლებასთან შეზრდილი ჯგუფები ეწევიან, რომელთა საქმის წარმატება ხშირად ამ სიახლოვესა და მათთვის სასათბურე პირობების შექმნაზეა დაფუძნებული, იმ შემთხვევაში კი, თუ ბიზნესგარემო ლიბერალური გახდა და ბაზარზე შესვლის პირობები გაიოლდა, ამგვარ ჯგუფებს ჯანსაღ კონკურენციასთან პირისპირ დარჩენა კარგს არაფერს უქადის. შესაძლოა, ამის გამო ახალი საგადასახადო კოდექსი მათი კაპიტალისთვის საშიშიც აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG