Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად არის სადამ ჰუსეინი?


გუშინ ბაღდადის ცენტრში სადამ ჰუსეინის ძეგლის ჩამოგდებამ, შეიძლება ბევრ ადამიანში სადამ ჰუსეინის განადგურების ილუზია წარმოშვა, მაგრამ რეალობა არის ის, რომ დღემდე უცნობია სადამ ჰუსეინის ბედი.

სად შეიძლება იყოს ის და რა მნიშვნელობა აქვს მის პოვნას - იმას, რომ სადამ ჰუსეინი უკვალოდ არ გაუჩინარდეს?

დღეს სადამ ჰუსეინის ბედზე მსჯელობისას მხოლოდ ჭორებს შეიძლება დავეყრდნოთ. ვერავინ აზუსტებს გადაურჩა, თუ - არა სადამ ჰუსეინი ორშაბათის დაბომბვას. ამერიკელი ბრიგადის გენერალი ვინსენტ ბრუკსი აცხადებდა, რომ შეერთებულ შტატებს ჰქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის და მისი ორი ვაჟი ორშაბათს ბაღდადის მეზობლად მანსურში რესტორანში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამერიკელებმა სწორედ ეს შენობა დაბომბეს, თუმცა, შედეგი, როგორც გითხარით, უცნობია. გუშინდელ ბრიტანულ პრესაში გამოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ სადამ ჰუსეინმა შენობის დატოვება მოახერხა. ოფიციალური ლონდონი არ გამორიცხავს, რომ სადამ ჰუსეინმა გაქცევა შეძლო. ვაშინგტონი კი არ გამორიცხავს, რომ ერაყის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი სირიას აფარებს თავს, თუმცა, არ დაუზუსტებია მიაჩნია თუ არა შესაძლებლად, რომ ერაყის პრეზიდენტიც სირიაში გაქცეულიყო.

სადამ ჰუსეინის ბედის გარშემო გავრცელებული ჭორები უფრო იმ ვერსიას ამყარებს, რომ ერაყის პრეზიდენტი ცოცხალია: ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სადამ ჰუსეინი თავის ორ ვაჟთან ერთად მშობლიურ ქალაქ თიქრითს აფარებს თავს; მეორე ვერსიის თანახმად სადამ ჰუსეინი ბაღდადში რუსეთის საელჩოს შენობაშია და ვაშინგტონი და მოსკოვი ახლა მის ბედზე ვაჭრობენ.

ასეა თუ ისე არავინ და უპირველეს ყოვლისა - ვაშინგტონმა ზუსტად არ იცის სად არის სადამ ჰუსეინი. ამ უცოდინრობის გასაბათილებლად შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ოთხშაბათს ბრიფინგზე განაცხადა:

[რამსფელდის ხმა]
"სადამ ჰუსეინი დამსახურებულად იკავებს ადგილს ჰიტლერის, სტალინის, ლენინისა და ჩაუშესკუს გვერდით - დამხობილ სასტიკ დიქტატორთა პანთეონში. ერაყის ხალხი კი თავისუფლების გზას ადგას".

ლიბანის პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ სადამ ჰუსეინი ბაღდადში რუსეთის საელჩოში იმალება. ანკარაში არსებული, თურქეთის სოციალურ-ეკონომიკური კვლევის ცენტრიც ადასტურებს, რომ იგივე ცნობა მიიღო რამდენიმე ბაღდადური წყაროდან.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი რიჩარდ ბაუჩერი სადამ ჰუსეინის ბედ-იღბლის გამორკვევის პროცესში რუსეთის თემის შემოტანას "ჟურნალისტურ ჭორს" უწოდებს.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი არაარსებითად მიიჩნევს ერაყის პრეზიდენტის ბედს. რამსფელდი აცხადებს:

[რამსფელდის ხმა]
"სადამ ჰუსეინი აღარ მოჩანს, ის აღარ არის აქტიური. აქედან გამომდინარე, ის ან მკვდარია, ან შეუძლოდ, ანდა ის ჯანმრთელად არის და სადმე გვირაბში მყოფი შიშისგან ძრწის და დამალვას ცდილობს".

თეთრი სახლის პრესმდივნის არი ფლაიშერის თანახმად, სადამ ჰუსეინის ბედის გარკვევა უფრო მნიშვნელოვანი ერაყის მოსახლეობისთვის არის:

[ფლაიშერის ხმა]
"ვფიქრობ, თუკი ერაყის მოქალაქეთა პოზიციიდან განვსჯით, მათ სურთ ნახონ დასასრული. მიმაჩნია, რომ ეს მათ დაეხმარებოდა. რასაკვირველია, ჩვენ გვსურს სადამ ჰუსეინის ბედის გარკვევა".

როგორც უნდა აფასებდნენ დღეს, სადამ ჰუსეინის ადგილსამყოფელის გარკვევა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ერაყელებისთვის, ისე დანარჩენი მსოფლიოსთვის და პირველ რიგში, ალბათ, - ვაშინგტონისთვის.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG