Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის დაცემას თავშეკავებული რეაქცია მოჰყვა გაეროში


ანდრო ეული, პრაღა ამჯერად, როცა ბაღდადი დაეცა, ხოლო კოალიციის ძალები სულ მალე ერაყის მთელს ტერიტორიას მოაქცევენ საკუთარ კონტროლქვეშ, გაერო თითქოს გამოთიშულია ამ პროცესიდან. კვლავ გაისმის მოწოდებები,

რომ გაეროს დაეკისროს გადამწყვეტი როლი ომისშემდგომი ერაყის აღდგენის საქმეში, რაზეც უშიშროების საბჭოს თანხმობაა საჭირო, თუმცა ჯერჯერობით არაა რაიმე ნიშანი იმისა, რომ საბჭოს წევრებს ერთიანი პოზიცია უკავიათ ამ საკითხში.


იმ დროს, როცა მთელმა მსოფლიომ იხილა ოთხშაბათს ტელეეკრანებზე ბაღდადის დაცემა, და სადამ ჰუსეინის ძეგლების ნგრევა, გაეროს რეაქცია ერაყში მიმდინარე მოვლენებზე, ერთობ თავშეკავებული იყო, რაც იმით უნდა აიხსნას, რომ მრავალი სახელმწიფო კვლავაც არ ამართლებს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას.

დღეს გაერო გვერდზეა დროებით გამდგარი, მაშინ როცა წლების მანძილზე თავად უწევდა ერაყში განიარაღებასა და ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს კოორდინირებას. გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოები სულ მალე კვლავ განაახლებენ თავიანთ საქმიანობას ერაყში, თუმცა მთავარ გადაწყვეტილებებს, ერაყის მომავალთან დაკავშირებით, დღესდღეობით ვაშინგტონი ღებულობს უშიშროების საბჭოს ნაცვლად.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა საგანგებო მრჩეველი დანიშნა ომისშემდგომი ერაყის საკითხებში, მაგრამ აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭოს მითითებას დაელოდება. საბჭოს ცალკეული წევრები, განსაკუთრებით რუსეთი და საფრანგეთი აცხადებენ, რომ წინააღმდეგი არიან იმგვარი ქმედებისა გაეროს მხრიდან, რაც ლეგიტიმურობას შესძენდა ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას.

უშიშროების საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, მექსიკის მუდმივმა წარმომადგენელმა ადოლფო ზინსერმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა იმედი, რომ საბჭოს წევრები უახლოეს დღეებში მიაღწევენ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ გაერომ წამყვანი როლი უნდა შეასრულოს ომისშემდგომი ერაყის აღდგენის საქმეში.

აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ჯონ ნეგროპონტე იმედოვნებს, რომ უშიშროების საბჭოს წევრებს შორის ბოლო მოეღება დაძაბულობას
და ერთობლივი ძალისხმევით ეს ქვეყნები ხელს შეუწყობენ ომით დაზარალებული ერაყის აღდგენას
[ჯონ ნეგროპონტეს ხმა]: "ნამდვილადა გვაქვს იმის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობას შევძლებთ საბჭოს ყველა, როგორც მუდმივ, ასევე იმ წევრებთანაც, ვინც ადრე გამართული დებატების დროს ერაყთან ომის დაწყების წინააღმდეგი იყო."

ამჟამად, უშიშროების საბჭოს მთელი ყურადღება ჰუმანიტარული საკითხებისკენაა მიპყრობილი. ომის დაწყების წინ მიღებული რეზოლუციით საბჭომ 12 მაისამდე, დროებით, კოფი ანანს გადააბარა კოორდინირება ერაყისათვის განკუთვნილი ჰუმანიტარული პროგრამისა "ნავთობი სურსათის სანაცვლოდ".

უშიშროების საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს ამასთანავე გაეროს თხოვნას, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარი გამოყოს ერაყელი ხალხის დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG