Accessibility links

logo-print

482-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი 482-ე გამოშვება.

წამყვანი:
ახლა, ტრადიციისამებრ "მეათე სტუდიაში" გეპატიჟებით და ყოველკვირეულ რადიოჟურნალში ამჯერად გაკვრით თუ შევეხებით ერაყის ამბებს. დღეს შევეცდებით ვუპასუხოთ შეკითხვას, რამდენად მოსალოდნელი იყო სახელისუფლებო კრიზისი აფხაზეთში, მოგითხრობთ პანკისის ხეობის დამცველებზე. პროგრამის დარჩენილ ნაწილს კი ხელოვნებას დავუთმობთ: გიამბობთ ახალ ლიტერატურულ პრემიაზე, აგრეთვე დოკუმენტური და ვიდეოფილმების ფესტივალზე, რომელიც ამჟამად პრაღაში მიმდინარეობს. მეათე სტუდიის დღევანდელი სტუმარია პარიზში "კავკასიის სახლის" დაარსების მოთავე რუსუდან მიქელაძე. პარაღაში კი გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.

[მუსიკა]
რამდენად მოსალოდნელი იყო სახელისუფლებო კრიზისი აფხაზეთში?
თამარ ჩიქოვანი, თბილისი

წამყვანი:
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში "ენგურს გამოღმა" საქართველო განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალყურს სოხუმში განვითარებულ მოვლენებს. მართალია, ბოლო 10 წლის მანძილზე არაერთხელ გაკეთებულა განცხადება სოხუმის ხელისუფლების პოზიციების შერყევის თაობაზე, მაგრამ ისეთი საჯარო უკმაყოფილება, როგორიც ამ დღეებში გამოჩნდა სოხუმში, მანამდე ნამდვილად არ გამჟღავნებულა. რამდენად მოსალოდნელი იყო სახელისუფლებო კრიზისი აფხაზეთში? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემას თამარ ჩიქოვანი შეეცდება.

თამარ ჩიქოვანი:
სოხუმიდან მოსული ინფორმაციის საფუძველზე ნამდვილად საკმაოდ ძნელია დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამ გამოიწვია სოხუმის ხელისუფლების კრიზისი. ჯერჯერობით გაუგებარია, რასთან გვაქვს საქმე: არძინბას ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ადგილობრივი კლანების ჩართვასთან, ყოფილი პრემიერის გენადი გაგულიას მიერ გატარებული პოლიტიკით უკმაყოფილებასთან, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებისადმი რუსეთის პოზიციის შეცვლასა თუ რაიმე სხვა მიზეზთან.

ის, რომ ნახევარი წლის წინ პრემიერის პოსტიდან ანრი ჯერგენიას გათავისუფლების ნამდვილი მიზეზი პოლიტიკით მისი ზედმეტად გატაცება გახდა და არა ბიუჯეტის შეუსრულებლობა, ამის თაობაზე სოხუმში გამომავალი გაზეთებიც წერენ. მაგალითად, 21 მარტის გაზეთი "აიტაირა" წერს, რომ გენადი გაგულია პრემიერის თანამდებობაზე მხოლოდ იმ რწმენით დაინიშნა, რომ, ანრი ჯერგენიასგან განსხვავებით, პოლიტიკით არ დაკავდება და პრეზიდენტობას არ მოინდომებს. საბოლოო ჯამში კი, გაგულიას დანიშვნამ, როგორც ჩანს, თავიდანვე უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზურ საზოგადოებაში. იმავე გაზეთის ცნობით, აფხაზეთში ყველამ კარგად იცის, თუ რამდენად კორუმპირებულია ხელისუფლება. მაგალითად, ბევრს აინტერესებს, რა სახსრებით შეიძინა იმავე გაგულიამ ბინა მოსკოვში აფხაზეთის ომის მიმდინარეობისას; რამდენად შეეფერება სიმართლეს ხმები, რომ 1998 წელს გაგულიამ მიითვისა ომში დაღუპულთა მემორიალის მშენებლობისთვის გამოყოფილი სოლიდური თანხა....არანაკლები კრიტიკა გამოიწვია სოჭის შეხვედრის შემდეგ გენადი გაგულიას მიერ მოსკოვში მოწყობილმა პრესკონფერენციამ. "ნუჟნაია გაზეტას" ცნობით, პრესკონფერენციაზე გაგულიამ განაცხადა, რომ გალში დაბრუნებულ დევნილებს ქონებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემები არ ექმნებათ: "ისინი თავიანთ სახლებში ცხოვრობენ.როცა დასრულდება გალის რაიონში დაბრუნება, სხვაზე მერე ვისაუბრებთ," - გაგულიას ამ განცხადებასთან დაკავშირებით გაზეთი კითხულობს, თუ რა გარანტიები ექნებათ აფხაზეთში მცხოვრებლებს დევნილების დაბრუნების შემდეგ...

საბოლოო ჯამში, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოში მომხდარი ცვლილებების ფონზე, აფხაზეთში ხვდებიან, რომ ბევრი რამ მათზეც მოახდენს გავლენას. ამას ადასტურებს 8 აპრილს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის "ამცახარას" მიმართვა აფხაზი ხალხისადმი. განცხადებაში აფხაზეთის ომის ვეტერანები შეშფოთებას გამოთქვამენ ეროვნულ და სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. განცხადების ავტორები ციხის იზოლატორიდან პატიმრების გაქცევას სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ფაქტად აფასებენ. " და ეს ყველაფერი ხდება საქართველოში ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, როცა შევარდნაძემ განაცხადა, რომ ერაყის კამპანიის დასრულების შემდეგ აშშ-ი დაეხმარება საქართველოს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში; როცა საქართველოს არმია ნატოს სტანდარტებით იარაღდება; როცა ამერიკული თვითმფრინავები სადაზვერვო ფრენებს აწარმოებენ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ასეთ პირობებში ხელისუფლება უმოქმედოა, ხელისუფლებას ნათესაური პრინციპით ქმნის, რაც სრულიად უცხოა აფხაზი ხალხისთვის," - ნათქვამია მიმართვაში.

როგორც ჩანს, ერაყის ომის შემდეგ აფხაზეთში მცხოვრებლებს რეალობის გრძნობა დაუბრუნდათ: ის, რომ რუსეთი, დიდი სურვილის შემთხვევაშიც კი, საქართველოს ტერიტორიას ვერ მიიერთებს, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ აფხაზეთის კონფლიქტი მუდმივ ხასიათს ვერ შეიძენს. შესაბამისად, აფხაზეთს ერთი გამოსავალი რჩება - დასთანხმდეს ორი წლის წინ სოხუმის ინიციატივით შეწყვეტილ სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას.

თამარ ჩიქოვანი რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი

[მუსიკა]
რა აკლიათ პანკისის ხეობის დამცველებს?
კობა ლიკლიკაძე, თბილისი

წამყვანი:
კარს მომდგარმა საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს პოლიტიკურ ელიტას ყველა სახის - და, მათ შორის, უსაფრთხოებისა და კრიმინოგენული თვალსაზრისით მოწყვლადი რეგიონების - პრობლემა მიავიწყა. თუმცა საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს ასე არ არის და ამის მაგალითად მოჰყავს პანკისის ხეობა, სადაც უხმაუროდ მიმდინარეობს ანტიტერორისტული ოპერაციის მესამე ფაზა. საბაზისო ძალად კი ხეობაში კვლავ რჩება შინაგანი ჯარი, რომელმაც შარშან თავის რიგებში რამდენიმე ქისტი ჭაბუკიც ჩარიცხა. ამ ფაქტმა და, განსაკუთრებით, სამხედროების მიმართ გამოჩენილმა ყურადღებამ ძალიან კარგად იმუშავა ძალოვანი სტრუქტურების იმიჯზე. თუმცა ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ხეობაში განლაგებულ სამხედრო ნაწილებს ძალიან მოაკლდათ ხელისუფლებისგან ყურადღება. ამ საკითხით კობა ლიკლიკაძე დაინტერესდა.

კობა ლიკლიკაძე:
დაახლოებით ორი თვის წინ პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის მესამე ფაზის დაწყება გამოცხადდა. თანახმად გეგმისა, რომელიც საქართველოს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა, ამჯერად მთელი ყურადღება უნდა გადატანილიყო არა პანკისის ხეობაზე, სადაც ქართველი სამართალდამცველები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას, არამედ საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთ-ინგუშეთის მონაკვეთზე. გეგმის თანახმად, ოპერაციის ძალები ასე განაწილდა: პირველ ეშელონში - მესაზღვრეები და ხევსურეთში შექმნილი ეროვნული გვარდიის რეზერვისტები, მეორე ეშელონში - უშიშროებისა და პოლიციის ძალები, ოპერატიული საქმიანობის განსახორციელებლად, დაბოლოს, აქტიური რეზერვი, რომლის ფუნქციაც, ამჯერადაც, პანკისის ხეობის მისადგომებთან მყოფ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებს უნდა შეესრულებინათ.

ერთი სიტყვით, იარაღიანი მოქალაქე კვლავ მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების მოსაგვარებლად.

საგულისხმოა, რომ ერთი წლის წინ, პანკისში მიმდინარე ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაციის დროს, ამ იარაღიანმა მოქალაქემ შეძლო სახელმწიფოებრივი ამოცანის შესრულება და ღირსეულად წარმოაჩინა თავი უბრალო მოქალაქეების წინაშე. შინაგანი ჯარის ტყიბულის ბატალიონისა და ოპერატიული ბრიგადის მებრძოლებმა პანკისის ხეობაში ისე გამოიზამთრეს, რომ მათსა და ქისტ მოსახლეობას შორის არ მომხდარა არანაირი დაპირისპირება. ჯარსა და მშვიდობიან მოსახლეობას შორის ურთიერთნდობა კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც შინაგან ჯარში საკონტრაქტო სამსახურის ფორმით ჩაირიცხა რამდენიმე ადგილობრივი ქისტი მამაკაცი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, წინააღმდეგ გავრცელებული ხმებისა, ქისტები ლოიალურნი არიან საქართველოს ხელისუფლების მიმართ.

კოლეგებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან არც თავდაცვის სამინისტრო ჩამორჩა. სოფელ ფიჩხოვანსა და მაღნაარში დისლოცირებული 1200 კაციანი საჯარისო ქვედანაყოფი აქტიურ სწავლებას საზოგადოებრივ საქმიანობას უთავსებდა: ურიგებდნენ სოფლის სკოლებს სახელმძღვანელოებს, მართავდნენ მათთვის უფასო კონცერტებს, უფასოდ მკურნალობდნენ ავადმყოფებს და, ეკონომიკური სტიმულირებისთვის, მოსახლეობიდან ყიდულობდნენ ჯარისთვის აუცილებელ ხორცისა და რძის პროდუქტებს.

სწორედ შარშანდელი პანკისური ოპერაციის შემდეგ შეექმნა საზოგადოებას შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება გრძნობს პასუხისმგებლობას არმიის წინაშე. სანაცვლოდ, სამხედროებიც ერთგულნი იქნებიან სამხედრო ფიცისა - გენერლები გაანაწილებენ პატიოსნად, "მამა მეთაურები" იზრუნებენ პირად შემადგენლობაზე და ჯარისკაცები დაივიწყებენ კუთხურ დაპირისპირებას, რაც მემკვიდრეობით მოდის საბჭოთა არმიიდან. საქართველოს სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოში და, კერძოდ, პანკისის ხეობაში დისლოცირებული სამხედრო ნაწილების შემოწმებისას, რომელიც ომბუდსმენის რეგიონალურმა რწმუნებულებმა ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ ეს პროგრესი არც ისე სწრაფია, როგორც საზოგადოება მოელოდა.

[ნანა დევდარიანის ხმა] "კვების საკითხი რჩება საკმაოდ მძიმე, ურთიერთობა უმცროსი და უფროსი წოდების ადამიანებს შორის ასევე საკმაოდ მძიმეა. სამწუხაროდ, ხანდახან არის დაპირისპირება კუთხურობის ნიშნით. დროული სამედიცინო დახმარება პრობლემატურია. ასე რომ, ვითარება საკმაოდ მძიმე რჩება, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, ყოველი ჩვენგანის, რომ, ალბათ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ნორმალური შეიარაღებული ძალები გვყავდეს, ყველა, ჩვენის მხრივ, ვცდილობდეთ, რომ ეს მდგომარეობა რამენაირად გამოსწორდეს."[სტილი დაცულია]


ჯარისკაცთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველის ოფისმა დაიწყო ზრუნვა იმაზე,რომ შეიქმნას სამოქალაქო კომიტეტები, რომელშიც, ჯარისკაცთა მშობლების გარდა, საზოგადოებაში ცნობილი ადამიანებიც შევლენ. ამ ჩანაფიქრის იდეა ძალიან მარტივია: არა მხოლოდ სამხედრო სისტემის მონიტორინგი, არამედ საზოგადოების ინტეგრირებაც სამხედრო საქმეებში და სამხედრო სამსახურის პრესტიჟის ამაღლება. როგორც ირკვევა, სამხედროები საბრძოლო ოპერაციის ზონაში განსაკუთრებით მიტოვებულად გრძნობენ თავს. ამიტომ სახალხო დამცველის ოფისმა პირად შემადგენლობასთან გინესის 11-გზის რეკორდსმენის ჯუმბერ ლეჟავას შეხვედრა უზრუნველყო. ნანა დევდარიანი დარწმუნებულია, რომ მსგავსი აქციები სამოქალაქო საზოგადოებისა და სამხედროების ერთმანეთთან დაახლოებასა და ურთიერთნდობის აღდგენას შეუწყობს ხელს. კარს მომდგარი საგაზაფხულო გაწვევის წინ ასეთი თანამშრომლობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

კობა ლიკლიკაძე რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი

[მუსიკა]
ახალი ლიტერატურული პრემია
დავით პაიჭაძე, თბილისი

წამყვანი:
ამ დღეებში მასმედიის საშუალებებით საქართველოს მოქალაქეებს აუწყებენ, რომ 23 აპრილს მწერლებს ახალი ლიტერატურული პრემიით დააჯილდოებენ. პრემია, რომელსაც "საბა" ეწოდება, დააარსა "თი-ბი-სი" ბანკმა. პრემიის კონცეფცია ჩამოყალიბდა შედარებით ახალგაზრდა მწერლებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, რაც არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ახალგაზრდა შემოქმედთათვის არის გამიზნული. "თი-ბი-სი" ბანკს განზრახული აქვს, პრემია ყოველწლიური იყოს. დავით პაიჭაძე გესაუბრებათ ახალი ლიტერატურული ჯილდოსა და მისი შესაძლო როლის შესახებ ლიტერატურულ ცხოვრებაში.

ახალი ლიტერატურული პრემიები დამოუკიდებელ საქართველოში არ გაუციათ; ვგულისხმობთ პრემიებს, რომელთაც რეგულარულად ანიჭებენ, თორემ ერთჯერადი დაჯილდოების მომსწერნი არაერთხელ გავხდით: 1996 წელს გამომცემლობა "დიოგენემ" ჩაატარა კონკურსი ყმაწვილთათვის დაწერილი საუკეთესო ნაწარმოების გამოსავლენად, გოგი თოფაძემ გადასცა სოლიდური პრემია ცნობილ ქართველ მწერალსა და ამავე დროს თოფაძის სიძეს, ოთარ ჭილაძეს, გასულ წელს ისევ დიოგენემ და პენ-კლუბმა ითავეს ლიტერატურული პენ-მარათონის გამართვა და დაასახელეს უკეთესები სხვადასხვა ნომინაციაში. მაგრამ ამ ყველაფერს, ვიმეორებ, რეგულარული სახე არ მიეცა, განსხვავებით პრემიებისაგან, რომელთაც სახელმწიფო ანიჭებს. და აი, 2003 წელს პირველად ქართული ბიზნესის წარმომადგენლებმა მოისურვეს პრემიის დაარსება, რომელსაც, მათი რწმუნებით, ყოველ წელს, სწორედ 23 აპრილს გაიცემა - წიგნის საერთაშორისო დღეს. "თი-ბი_სი" ბანკის იმიჯის ფორმირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ძირკველიშვილმა მითხრა, რომ ამ ჯილდოთი [მაია ძირკველიშვილის ხმა]: "მოხდება შეფასება მხოლოდ გასულ წელს გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოებებისა, ჟანრების შესაბამისად. ვცდილობთ, ყველა ჟანრი მოვიცვათ. გაიცემა პრიზი დსა ფულადი თანხა რვა ნომინაციაში".

პრემიაზე ტექსტებისა და ავტორების ნომინირება არ ხდება. ჟიურის მოუწევს, გაითვალისწინოს გასული წლის მანძილზე კაზმული სიტყვიერების სფეროში დასტამბული ყველა წიგნი, რათა გამოავლინოს წლის საუკეთესო რომანი, პოეტური კრებული, პიესა, პროზაული ნაწარმოები, თარგმანი, ლიტერატურული კრიტიკოსი და დებიუტი. ამ შვიდი ნომინაციის გარდა არის კიდევ ერთი. მაია ძირკველიშვილის თქმით [მაია ძირკველიშვილის ხმა]: "მერვე ნომინაცია, შეიძება ითქვას, უფრო წონადი და მნიშვნელოვანია - ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. თანხის ოდენობა შვიდი ნომინაციისათვის 2-2 ათასი ლარია, ხოლო ხსენებული მერვე ნომინაციისათვის - 5 ათასი ლარი".

ჟიურის წევრთა ვინაობა გასაიდუმლოებულია. ცხადია, ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, ჟიურის არც ერთი წევრის წიგნი საკონკურსოდ არ დაიშვება. მაიამ თავი აარიდა იმ ავტორებისა და წიგნების დასახელებასაც, რომელთაც ჟიური განიხილავს.

გამოაცოცხლებს თუ არა ახალი ლიტერატურული პრემია ლიტერატურულ ცხოვრებას? როგორ შეიძლება შეფასდეს ეს სიახლე? ამ კითხვით მივმართე ლიტერატორსა და პუბლიცისტს დავით ზურაბიშვილს, რომელმაც, თავის დროზე, საბავშვო ლიტერატურის ზემოხსენებულ კონკურსში გაიმარჯვა. მისი აზრით, პრემია [ზურაბიშვილის ხმა] "თავისთავად, აუცილებელიც არის, იმიტომ, რომ არსებული ლიტერატურული პრემიები მორალურად გაცვეთილია. მათ ღებულობს მწერალთა წრე, რომელიც მწერალთა კავშირსა და მის ხელმძღვანელობას წარმოადგენს. თვით ყველაზე პრესტიჟული, რუსთაველის პრემია გაცვეთილია, რადგან ყველა იღებს. არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს, რის საფუძველზე გაიცემა ის. აძლევენ ყველას - ახლა ამას არ მიუღია, ეს დაგვრჩა უპრემიოდ და ა.შ. ამ დონეზეა. კარგია, რომ ახალი პრემია დაწესდა. ვერ ვიტყვი, რომ თავისთავად აცოცხლებს ლიტერატურულ ცხოვრებას, მაგრამ ასეთი ცხოვრების ერთ-ერთი ფაქტორი არის პრემია, რომლის მოპოვებაც პრესტიჟული უნდა იყოს".

თუმცა, დასძენს დავით ზურაბიშვილი, ახალი პრემია, თუნდ არაერთი, საკმარისი არ არის ლიტერატურული ყოფის გამოსაცოცხლებლად. საამისოდ აუცილებელია საგამომცემლო ბიზნესის განვითარება და საუნივერსიტიეტო ცხოვრება. საქართველოში გამომცემლები მწერლებს არ ეძებენ - პირიქით, მწერალს, რაგინდ ნიჭიერი იყოს, თავად უწევს გარჯა გამომცემლის საპოვნელად და დასარწმუნებლად. არ არსებობენ ლიტერატურული აგენტები. მოტივაცია წერისთვის არ არის, მწერლებს კი ბიზნესმენის უნარები არა აქვთ. უნივერსიტეტებში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე არც ერთ სერიოზული მწერალი არ ასწავლის, არ არსებობს ლიტარტურული წრეები, მასტერ-კლასი ლიტერატურასა და კრიტიკაში საქართველოში არსად არ ტარდება.

და მაინც, ახალი პრემია უთუოდ იქნება პატარა ბიძგი მწერლებისათვის.

დავით პაიჭაძე რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი

[მუსიკა]
"კავკასიის სახლი" პარიზში

წამყვანი:
ახლა კი დადგა დრო, წარმოგიდგინოთ "მეათე სტუდიის" დღევანდელი სტუმარი. ეს გახლავთ პარიზში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე რუსუდან მიქელაძე, რომლის თაოსნობითაც ამ რამდენიმე თვის წინათ საფრანგეთის დედაქალაქში "კავკასიის სახლი" გაიხსნა. პარიზში ჩვენი დარეკვის საბაბიც ეს გახლდათ. რუსუდან მიქელაძეს დავით კაკაბაძე ესაუბრება.

იხ. აუდიო-ვერსია

წამყვანი:
რუსუდან მიქელაძეს, რომლის თაოსნობითაც პარიზში "კავკასიის სახლი" დაარსდა, დავით კაკაბაძე ესაუბრებოდა, ლაპარაკობს რადიო თავსუფლება.

[მუსიკა]
პრაღაში დაიწყო საერთაშორისო კინოფესტივალი "ერთი მსოფლიო"
მარიამ ჭიაურელი, პრაღა

წამყვანი:
ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანისათვის ამ დღეებში პრაღა, სადაც ახლა რადიო "თავისუფლების" სტუდიის მიკროფონთან ვზივარ, მიმზიდველობით, შესაძლოა თვით პარიზსაც არ ჩამოუვარდებოდეს. კაცმა რომ თქვას, პრაღას მიმზიდველობა არც სხვა დროს აკლია: მას კომუნისტურ ეპოქაშიც, ალბათ, სამართლიანად მიიჩნევდნენ ევროპის ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქად. ბოლო ათწლეულის ინტენსიურმა სარესტავრაციო სამუშაოებმა კი ჩეხეთის დედაქალაქი კონტინენტის ნამდვილ მშვენებად აქცია. იმავდროულად სულ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო ხდება პრაღის კულტურული ცხოვრება, რის დასტურადაც ეს დღეები გამოდგება.

6-დან 10 აპრილამდე მიმდინარეობდა მწერალთა მე-13 ფესტივალი, რომლის მონაწილეებს, ტრადიციისამებრ, თანამედროვეობის წამყვანი ლიტერატორები მიეკუთვნებიან. თავად განსაჯეთ: 2001 წელს მწერალთა ფესტივალში მონაწილეობდა ერთ-ერთი უდიდესი ინგლისურენოვანი მწერალი სალმან რუშდი, წელს კი ჩამოსული იყო ჯეფრი იუჯინიდისი, რომელსაც სამიოდე დღის წინ, 7 აპრილს მიენიჭა შეერთებულ შტატებში ყველაზე პრესტიჟული "პულიცერის" პრემია.

8 აპრილს პრაღაში კიდევ ერთი საერთაშორისო ფორუმი დაიწყო: ეს გახლავთ კინოფესტივალი "Jeden Svet", ანუ "ერთი მსოფლიო", რომელიც მეხუთე წელია ტარდება და კინოს, კერძოდ დოკუმენტური კინოს სამყაროში უკვე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. პრაღაში მიმდინარე კინოფორუმი მსმენელს, შესაძლოა, ცოტა უჩვეულოდ მოეჩვენოს, ვინაიდან ის - დანარჩენი ფესტივალების უმეტესობისაგან განსხვავებით - ერთადერთ თემას ეძღვნება. ეს გახლავთ ადამიანის უფლებები, რომლებთან დაკავშირებულ პრობლემებსა თუ მიღწევებზე საკონკურსო პროგრამაშია ჩართული 18 დოკუმენტური ფილმი, მათ შორის იაპონელი, ირანელი, ამერიკელი, ფრანგი, ნიდერლანდელი, ბელორუსი რეჟისორების ნამუშევრები: ფილმები კრიზისით მოცულ რეგიონებში, ისრაელსა თუ ჩეჩნეთში მცხოვრებ ადამიანებზე; დიქტატურის შედეგებზე კუბასა თუ ჩილეში; ქალების, უმცირესობების უფლებებზე აფრიკის ქვეყნებსა თუ შვეიცარიაში.

თითოეული ფილმი იმდენად მტკივნეულ პრობლემას ეხება და მას იმდენად უჩვეულო კუთხით წარმოგვისახავს (მაგალითად, ერთი ფილმი ჩეჩენი ბავშვების საცეკვაო ანსამბლზე მოგვითხრობს), რომ თითოეულ მათგანზე, ალბათ, დიდხანს საუბარი შეიძლება. მაგრამ, რახან "მეათე სტუდიისათვის" განკუთვნილი დრო ასეთ საშუალებას არ გვაძლევს, გადავწყვიტეთ, ფესტივალზე ზოგადად საუბარს დავჯერებოდით და რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ ფესტივალის პრეს-მდივანს, კატეჟინა ლიშკოვას. ვიდრე მის მოსაზრებებს გაგაცნობდეთ, კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია: კინოფესტივალი "ერთი მსოფლიო" დააარსა ჩეხეთში დაფუძნებულმა ფონდმა "ადამიანები გასაჭირში", რომელსაც დიდი ავტორიტეტი აქვს მოპოვებული მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობით.

ახლა კი ჩვენს სტუმარს დავუბრუნდეთ: მან შეკითხვას რატომ დაარსდა, რა მიზანს ემსახურება ფესტივალი "ერთი მსოფლიო", ასე უპასუხა: [კატეჟინა ლიშკოვას ხმა] "ორგანიზაციამ "ადამიანები გასაჭირში" 1999 წელს დააარსა ფესტივალი იმ მიზნით, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს ადამიანის უფლებების საკითხს, ეს თემა წარადგინოს დიდი ზემოქმედების მქონე მედიის, ფილმის სახით, რათა განამტკიცოს ურთიერთგაგება კულტურებს შორის, განამტკიცოს ინტერესი ადამიანის უფლებების მამართ, განამტკიცოს გლობალური პასუხისმგებლობა".

კატეჟინა ლიშკოვასაგან ისიც შევიტყვე, რომ "ერთი მსოფლიოს" დაარსებით, ერთგვარად მიბაძეს სხვა კინოფორუმებს: [კატეჟინა ლიშკოვას ხმა] "ჩვენთვის ერთგვარი ინსპირაცია იყო ასეთივე შინაარსის ფესტივალები. მაგალითად, "ჰიუმან რაითს უოჩის" ფესტივალი ნიუ-იოკში, ემნესტი ინტერნეშენალის ფესტივალი ამსტერდამში. მაგრამ შემიძლია კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ "ერთი მსოფლიო" თავისი 5-წლიანი არსებობის მანძილზე სულ უფრო მეტ მაყურებელს იზიდავს, ვაჩვენებთ სულ უფრო მეტ ფილმს სულ უფრო მეტი ქვეყნიდან".

წლეულს პრაღის დოკუმენტური და ვიდეფილმების ფესტივალზე ჩამოტანილია 165 ნამუშევარი 41 ქვეყნიდან. მათში საქართველო, მართალია, წლეულს არ შესულა, მაგრამ, მაგალითად, 2000 წელს კინოფესტივალზე ორი ქართული ფილმი, გია ჭუბაბრიასა და გოგა ხაინდრავას ნამუშევრები აჩვენეს. შარშან კი "ერთი მსოფლიოს" ერთ-ერთი მთავარი პრემია ერგო საფრანგეთში მოღვაწე ქართველი დოკუმენტარისტის, ნინო კირთაძის ფილმს "იყო და არა იყო რა, იყო ჩეჩნეთი".

ფესტივალის ორგანიზატორები არ არიან შეპყრობილი ილუზიით, რომ მათი კინოფორუმი მსოფლიოს უკეთესს გახდის: [კატეჟინა ლიშკოვას ხმა] "ფესტივალი "ერთი მსოფლიო" ადამიანებს ჭკუას ვერ დაარიგებს, ვერ ეტყვის მათ, რა იფიქრონ და რა აკეთონ. მაგრამ ფესტივალს შეუძლია მათ სხვა ადამიანების მაგალითზე აჩვენოს, როგორ შეიძლება გაუმკლავდე მძიმე სიტუაციას; აჩვენოს, რომ შესაძლებელია გამბედაობის მოკრება ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაში. შესაძლებელია აგრეთვე იმის ჩვენება, რომ ადამიანებს სხვა ქვეყნებშიც აწუხებს პრობლემები, რომლებიც ჩვენთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში არის ცნობილია. ზოგან კი პრობლემები გაცილებით უფრო მძიმე, უფრო სერიოზულია - როგორც, მაგალითად ომების, ან ჰუმანიტარული კატასტროფების დროს".

დღეს პრაღაში კინოფესტივალს "ერთი მსოფლიო" არ უნდა ესწრებოდა საიმისოდ, რომ შეიტყო, რამდენად მძიმეა ადამიანების ხვედრი ომებისა თუ ჰუმანიტარული კატასტროფების დროს - საამისოდ ტელევიზორის ჩართვაც საკმარისია.

[მუსიკა]
წამყვანი:
ეს იყო ყოველკვირეული რადიოჟურნალი "მეათე სტუდია", რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და მარიამ ჭიაურელმა. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. ლაპარაკობს რადიო "თავისუფლება".

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG