Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის სასამართლოს უცნაური გადაწყვეტილება


დავით პაიჭაძე, თბილისი არც ისე დიდი დრო გავიდა, რაც მსმენელს ვუამბეთ ქუთაისში რადიოსადგურ "ძველი ქალაქის" დარბევის ამბავი. დარბევის მოტივად რადიოს ხელმძღვანელობა მიიჩნევდა გადაცემებს,

რომლებიც ქუთაისში კათოლიკური თემის საქმიანობას აშუქებდა. კათოლიკეებს უკავშირდება ქუთაისის სასამართლოს ამასწინანდელი გადაწყვეტილებაც. შეგახსენებთ, ქუთაისელი კათოლიკეები ვერაფერს გახდნენ ვერც ქალაქის ადმინისტრაციასთან დავაში და ვერც ქუთაის-გაენათის მართლმადიდებელი ეპარქიის ეპისკოპოსი და მრევლი დაარწმუნეს, რომ ქუთაისის კათოლიკური ეკლესია, სადაც ახლა მართლმადიდებლები წირავენ, მართლაც, კათოლიკურია. ამჯერად მინდა მოგითხროთ ფაქტზე, რომელიც სცილდება ტაძრის გამო დავას და მართლმადიდებელთა მეტ გაქანებაზე მიუთითებს.

მართლმადიდებელთა გაქანება იქით იყოს - ამ შემთხვევაში გაცილებით საინტერესოა ქუთაისელ მოსამართლეთა ცოდნა, რწმენა და მორალი, ანუ ყველაფერი, რაზე დაყრდნობითაც მათ გადაწყვეტილება გამოაქვთ. მივყვეთ თანმიმდევრობით:

ქუთაისის კათოლიკეთა ორგანიზაცია "სავარდი" 2002 წელს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ცნო დასავლეთ საქართველოში მე-19 და მე-20 საუკუნეებში მოქმედი ყველა კათოლიკური ორგანიზაციის სამართალმემკვიდრედ. ვატიკანიდან "სავარდმა" შესაბამისი საბუთიც მიიღო, რის შემდეგაც შეიკრიბნენ ორგანიზაციის გამგეობის წევრები და ახალი სტატუსი "სავარდის" წესდებაში შეიტანეს, კრების ოქმი ნოტარიალურად დაამოწმეს და სასამართლოში წარადგინეს. ქუთაისის პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ შალვა ხაჭაპურიძემ (დაიმახსოვრეთ ეს სახელი) წესდების ცვლილება დაადასტურა.

ასევე 2002 წელს, შემოდგომაზე, საქართველოს საპატრიარქომ, თავისი წარმომადგენლის იურისტ ქარცივაძის სარჩელით, ქუთაისის სასამართლოში გაასაჩივრა "სავარდის" წესდების აღნიშნული მუხლი და მისი გაუქმება მოითხოვა. მოსამართლე შალვა ხაჭაპურიძემ სარჩელი დააკმაყოფილა. "სავარდის" ადვოკატები ხვიჩა ტუკვაძე და გოჩა კიკვაძე მოითხოვდნენ, რომ სასამართლოს ქარცივაძე არასათანადო მოსარჩლედ ეცნო, მაგრამ ეს მოთხოვნა ყურად არ იღეს. მე ვკითხე გოჩა კიკვაძეს, რა არგუმენტები ჰქონდათ წესდებაში მუხლის შენარჩუნების სასარგებლოდ. მან მითხრა, რომ წესდება სამოქალაქო კოდექსს ეფუძნება და მისი გასაჩივრება გარეშე პირს იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ წესდების ესა თუ ის მუხლი ამ პირის უფლებებს არღვევს. [კიკვაძის ხმა]: "ჩვენ სასამართლოს დავუსვით ეს საკითხი: მართალია, ქარცივაძე წერს, რომ მისი უფლებები ირღვევა, მაგრამ არ ამბობს, არ ახსენებს, სახელდობრ, რომელი, კანონით გამაგრებული, უფლება დაერღვა "სავარდის" წესდებაში ცვლილებისა და დამატების შეტანით".

ამ შეკითხვაზე არც მოსამართლეს და არც ქარცივაძეს პასუხი არ ჰქონია, რადგან საერთოდ არ დასწრებია არც ერთ პროცესს - არც პირველი ინსტანციის სასამართლოში და არც ქუთაისის საოლქო სასამართლოში, სადაც მოსამართლე რევაზ სულწაძემ ძალაში დატოვა ხაჭაპურიძის გადაწყვეტილება გასაჩივრების უფლების გარეშე. გოჩა კიკვაძე ვარაუდობს, რომ ამ შემთხვევაში მოსამართლეები ორმხრივ ზეწოლას განიცდიდნენ - როგორც გაენათელი ეპისკოპოსის კალისტრატესაგან, ისე რეგიონის ხელმძღვანელობისგან.

მოკლედ, საინტერესო პრეცედენტის მომსწრენი ვართ: ერთი ორგანიზაცია სასამართლოს ძალით აუქმებს მეორე ორგანიზაციის წესდების მუხლს. არადა, კათოლიკურ ორგანიზაციათა სამართალმემკვიდრეობა "სავარდს", შესაძლოა, არგუმენტად გამოსდგომოდა სხვა სასამართლო პროცესზე, სადაც ის პრეზიდენტ შევარდნაძეს ედავება. ქუთათურმა მოსამართლეებმა გააგრძელეს ის დისკრიმინაციული პოლიტიკა, რაც ქუთაისში კათოლიკეთა მიმართ ხორციელდება. თან პრეზიდენტსაც შეეწივნენ უზენაეს სასამართლოში მალე გასარჩევ საქმეში.
XS
SM
MD
LG