Accessibility links

logo-print

ვის დაეკისრება წამყვანი როლი ომისშემდგომი ერაყის აღდგენის საქმეში?


ანდრო ეული, პრაღა ხუთშაბათს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას, აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლ ვოლფოვიცმა განაცხადა, რომ გაეროს როლი ომისშემდგომი ერაყის აღდგენის საქმეში,

თავად ერაყელ ხალხთან შეთანხმებით, შეერთებულმა შტატებმა და ანტიერაყულ კოალიციაში შემავალმა მისმა მოკავშირეებმა უნდა განსაზღვრონ.

[პოლ ვოლფოვიცის ხმა]: "ჩვენ მივესალმებით გაეროს სააგენტოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მზადყოფნას - ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინონ დაუყოვნებლივ ერაყელ ხალხს. რაც შეეხება გაეროს უფრო ფართო როლს ერაყის აღდგენის საქმეში, ეს, თავად ერაყელ ხალხთან, კოალიციის სხვა წევრებთან, გაეროს გენერალურ მდივანთანა და ამ ორგანიზაციის სხვა წევრ-ქვეყნებთან შეთანხმებით უნდა იქნეს განსაზღვრული" - განაცხადა პოლ ვოლფოვიცმა.

ვოლფოვიცმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ქვეყნის ბუნებრივი რესურსები, ნავთობისა თუ ნებისმიერი სხვა მარგი წიაღისეულის ჩათვლით, ერაყელი ხალხის საკუთრებაა და მისსავე კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს მხოლოდ და მხოლოდ. ვოლფოვიცის თქმით, ერაყს მრავალი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ჰყავს, და სწორედ ეს ადამიანები უნდა მოვიდნენ ქვეყნის ახალ, დემოკრატიული გზით არჩეულ მთავრობაში.

ვაშინგტონის პოზიციას ომისშემდგომ ერაყთან მიმართებაში მხოლოდ ერთი სენატორი, დასავლეთ ვირჯინიელი დემოკრატი რობერტ ბერდი არ დაეთანხმა. ბერდი ერაყთან ომისა და საერთოდ, პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკის წინააღმდეგი იყო იმთავითვე.

პოლ ვოლფოვიცმა გაიმეორა თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ გაეროს როლი ომისშემდგომი ერაყის აღდგენის საქმეში ჰუმანიტარული დახმარებით უნდა შემოიფარგლოს. თუ რატომ დაიკავა ოფიციალურმა ვაშინგტონმა ამგვარი პოზიცია ამის თაობაზე ვოლფოვიცმა სენატორებს უთხრა: "ჩვენ არ გვსურს, რომ ერაყში შეიქმნას ისეთი ვითარება, როგორიც მაგალითად ბოსნიაშია, სადაც დეიტონის შეთანხმებიდან რვა წლისთავზე, კვლავაც გაერო მართავს ყოფილი იუგოსლავიის ამ რესპუბლიკას. ჩვენ გვსურს, რომ მთელი ძალაუფლება და ქვეყნის მართვის სადავეები, თავად ერაყელ ხალხს გადაეცეს რაც შეიძლება მალე" - ციტატის დასასრული.

ერთ-ერთმა სენატორმა შეახსენა ვოლფოვიცს, რომ სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, გერმანიის კანცლერის გერჰარდ შიოდერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ჟაკ შირაქის შეხვედრაა დანიშნული. ამასთან დაკავშირებით პოლ ვოლფოვიცმა განაცხადა: "მე მგონი ეს სამი ლიდერი იმ დიდ თანხაზე იმსჯელებს, სესხად რომ მისცეს თავის დროზე სადამ ჰუსეინს, ხოლო ერაყელმა დიქტატორმა ამ ფულით იარაღი შეისყიდა, სასახლეები აიშენა და რეპრესიებისათვის საჭირო სტრუქტურები მოაწყო" - ციტატის დასასრული.

რუსეთი, გერმანია და საფრანგეთი, მოგეხსენებათ, ერაყთან ომის დაწყების წინააღმდეგი იყვნენ. ხუთშაბათს მიცემულ ტელეინტერვიუში, გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ გერმანია მონაწილეობას ისურვებდა ომისშემდგომი ერაყის აღდგენის საქმეში, თუკი ეს პროცესი გაეროს ეგიდით წარიმართება. ხოლო ჟაკ შირაქმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ კმაყოფილია სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაცემით და იმედოვნებს, რომ გაერო მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ერაყში ვითარების ნორმალიზაციის საქმეში.
XS
SM
MD
LG