Accessibility links

სოციალური პრობლემების კავშირი პოლიტიკასთან


2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თბილისში ლეიბორისტულმა პარტიამ მოიგო. საპარლამენტო არჩევნებშიც შალვა ნათელაშვილს სერიოზულ მხარდაჭერას უწინასწარმეტყველებენ. იმის მიუხედავად,

რომ შრომის პარტია მიღწეულის შენარჩუნებას ვერასოდეს ახერხებს და პერმანენტულ განხეთქილებას განიცდის, ყოველ მორიგ არჩევნებში მას მეტი და მეტი მომხრე უჩნდება. რატომ?

საქართველოში პოპულარულია პოლიტიკა, მაგრამ არანაკლებ პოპულარულია ფრაზა: "არ მაინტერესებს პოლიტიკა, მინდა, ნორმალურად ვიცხოვრო". ნორმალურ ცხოვრებაში იგულისხმება, სულ მცირე, კარგი სამსახური უფროსი თაობისთვის, კარგი განათლება უმცროსი თაობისთვის და დასვენების საშუალება.

შესაძლებელია თუ არა ნორმალური ცხოვრება ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი პრიმიტიულ ლოზუნგებს და პრიმიტიულად მოსაუბრე ლიდერებს ჰყავთ? ცხადია, შეუძლებელია. ეს რეალობა გვიკარნახებს, რომ საზოგადოების განათლების დონე პრობლემურია და სერიოზულ ზრუნვას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ განათლების ხარისხი საზოგადოებაში პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიის ხარისხს პოლიტიკაში. განათლებას კი სერიოზული სახსრები სჭირდება.

ის ფაქტი, რომ ბოლოხანს ლეიბორისტული პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება, პირდაპირ ასახავს საქართველოს სოციალურ მდგომარეობას. ელექტორატის ის ნაწილი, რომელიც ხმას აძლევს შრომის პარტიას, ფაქტობრივად, პოლიტიკური პროცესის მსხვერპლია და არა პოლიტიკის სუბიექტი, რომელიც მკაფიოდ უნდა აცნობიერებდეს საკუთარ არჩევანს, კრიტიკულად უნდა ეკიდებოდეს პარტიული ლიდერების პოპულიზმს.

რიჩარდ პაიპსს ეკუთვნის ვრცელი ნაშრომი, რომლის სათაურია "საკუთრება და თავისუფლება". წიგნში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ ამკვიდრებდა კერძო საკუთრება თავისუფლებასა და კანონის ძალაუფლებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში საუკუნიდან საუკუნემდე, კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე.

ლოგიკურია, რომ ჩვენს საზოგადოებაში თავისუფლების მოთხოვნილება ისეთივე დეფიციტური და მწირია, როგორც კერძო საკუთრება. შესაბამისად, სოციალურად შეჭირვებული ელექტორატის პოლიტიკურ გემოვნებას მეტად შეესაბამება ენერგიული ლიდერი, რომელიც მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს და ამომრჩევლისგან არაფერს ითხოვს, საარჩევნო ხმის გარდა. ისიც ცნობილია, რომ განათლებული საზოგადოება ლიბერალურ ღირებულებებს ემხრობა, ნაკლებად განათლებული კი - რადიკალურად განწყობილი ლიდერების საყრდენია. შესაბამისად, რაც მდიდარია საზოგადოება, მით მეტად არის მზად დემოკრატიის დასამკვიდრებლად, ღარიბი საზოგადოება კი მუდმივად განიცდის "ძლიერი ხელის" და პატრონის დეფიციტს.

ამგვარი მსჯელობიდან მეტად პესიმისტური დასკვნა გამომდინარეობს: საქართველოში დემოკრატიის რეალურად დასამკვიდრებლად აუცილებელია საზოგადოების განათლების დონის ზრდა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული საზოგადოების არარსებულ კეთილდღეობასთან. ქართული ხელისუფლება მოსახლეობას სოციალურ შეჭირვებაში ამყოფებს, ხოლო მოსახლეობა, საპასუხოდ, ხელისუფლებას ამყოფებს რადიკალიზმის მუდმივი საფრთხის ქვეშ. ეს პროცესი ორმხრივი და ურთიერთგანპირობებულია. ხოლო მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აკლია კეთილდღეობა და აკლია განათლება, პოლიტიკაში მკაფიოდ წარმატებულ ლიდერად შალვა ნათელაშვილი რჩება და დარჩება.
XS
SM
MD
LG