Accessibility links

როგორ აშუქებს ერაყის ომს გერმანიის პრესა?


როგორ აშუქებს ერაყში მიმდინარე მოვლენებს გერმანიის პრესა? მოგეხსენებათ, გერმანია, რომელიც ერაყის კრიზისის დაწყებამდე აშშ-ის ერთ-ერთ უერთგულეს თანამოაზრედ ითვლებოდა,

მდგომარეობის გამწვავების დღიდან ომის მოწინააღმდეგეთა ბანაკს შეუერთდა, რითაც ვაშინგტონის დაუფარავი გულისწყრომა დაიმსახურა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გერმანიაში კიდევ უფრო გაიზარდა ომის მოწინააღმდეგეთა რიცხვი: თუ სამხედრო ოპერაციამდე ომის დაწყების წინააღმდეგი იყო გერმანელთა 70 პროცენტი, ომის მსვლელობაში მათი რაოდენობა 80 პროცენტამდე გაიზარდა. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც: იმავე გამოკითხვების თანახმად, გერმანელთა პროტესტი თუ უკმაყოფილება მიმართულია არა შეერთებული შტატების ან ამერიკელების, არამედ საკუთრივ ომის წინააღმდეგ.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ერაყის კრიზისს დიდ ყურადღებას უთმობენ. ბრძოლის ველიდან რეპორტაჟებს გერმანიის ტელეარხები მაყურებელს ძირითადად ამერიკელი და ბრიტანელი რეპორტიორების დახმარებით სთავაზობდნენ. ტელევიზია ხშირად იყენებდა, აგრეთვე, არაბულენოვანი ტელეარხის, "ალ ჯაზირას" ვიდეომასალას, რომელშიც, როგორც წესი, დიდი ადგილი ეკავა რეპორტაჟებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სწორედ უდანაშაულო მსხვერპლის ხშირი ჩვენება აძლიერებს გერმანელ ტელემაყურებელში ომის მიუღებლობის შეგრძნებას.

გერმანიის უდიდეს ტელეარხებს კორესპონდენტები ჰყავთ ბაღდადში, საიდანაც ომის ინტენსიური ფაზის პერიოდში ისინი დღეში რამდენიმეჯერ გადმოსცემდნენ რეპორტაჟებს, ხშირად საჰაერო იერიშების დროსაც კი.

ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა ომს მიუკერძოებლად აშუქებდა, თუმცა ბულვარულ პრესაში აქა-იქ შეხვდებოდით სათაურსა თუ დიდი ზომის ფოტოს, რომელიც უწინარესად მკითხველზე ზემოქმედებას ისახავდა მიზნად. მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინათ მიუნხენის ერთმა გაზეთმა პირველ გვერდზე დაბეჭდა ბაღდადში მოკლული ქალის სურათი წარწერით: "რომელი ღმერთი გწამთ, მისტერ ბუშ?"

ზოგიერთ გაზეთს არ ავიწყდება მკითხველის გაფრთხილება, რომ ცენზურა თუ სხვა სახის პრობლემები დროდადრო შეუძლებელს ხდის შექმნილი ვითარების სრულყოფილ ასახვას. მაგალითად, მიუნხენში გამომავალი ავტორიტეტიანი გაზეთი "ზიუდდოიჩე ცაიტუნგი" ყოველდღე აქვეყნებს გაფრთხილებას, რომ ომის პირობებში იმ ადამიანებს, ვინსგანაც ჟურნალისტები ინფორმაციას იღებენ, ხშირად საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ.

ერთ-ერთ ბოლო ნომერში გაზეთი იხსენებს შემთხვევას, რომელიც 1990 წელს, ერაყის მიერ ქუვეითის დაპყრობის შემდეგ მოხდა. მაშინ უცხოელ ჟურნალისტებს მიაწოდეს ცნობა, რომლის თანახმად, მეზობელ ქუვეითში შეჭრილმა ერაყელმა ჯარისკაცებმა აკვნებში დახოცეს 300-მდე ჩვილი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ეს საზარელი ამბავი შეერთებული შტატების ერთ-ერთი სარეკლამო ფორმის მიერ, ქუვეითელების დავალებით შეთხზული სიცრუე იყო.

გერმანიის მეორე გავლენიანი გაზეთი, "ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი", როგორც წესი, ნაკლებად კრიტიკულად აშუქებს ერაყის ომსა და მისი წარმოების მეთოდს. აშკარაა, რომ ამ გაზეთს უფრო მეტად შეერთებული შტატებისა და მისი ევროპელი მოკავშირეების - საფრანგეთისა და გერმანიის - ურთიერთობაში გაჩენილი ბზარი აწუხებს. გაზეთის სარედაქციო წერილებში ხშირად შეხვდებით მოწოდებებს მეგობრული და ურთიერთსასარგებლო კავშირის აღდგენისკენ.

დავით კაკაბაძე გესაუბრათ იმაზე, თუ როგორ აშუქებს გერმანიის მასმედია ერაყში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენს შემდგომ გადაცემებში ვეცდებით, ამ კუთხით სხვა ქვეყნების პრესასაც გადავხედოთ.
XS
SM
MD
LG