Accessibility links

საქართველო ამზადებს სამხედრო ასეულს ერაყში გასაგზავნად


ერაყში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს კოალიციისთვის გამოხატული პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ემზადება თავისი წვლილი შეიტანოს

პოსტკონფლიქტური ერაყის მოწესრიგების საქმეში. საქართველოს საინფორმაციო საშუალებებისთვის ცნობილი გახდა თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე მუშაობის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ერაყის ტერიტორიაზე გასაგზავნი, სავარაუდოდ, ასეულის მასშტაბის, სამშვიდობო კონტინგენტის ფორმირებას.

ერაყში დაწყებული საომარი ოპერაციის პირველივე დღიდან საქართველოს ხელისუფლება სრულ მზადყოფნაშია, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს ამაგდარ მოკავშირეებს. თუმცა არავისთვის დასამალი არ არის, რომ ეს შესაძლებლობები, სამხედრო თვალსაზრისით, საკმაოდ შეზღუდულია. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო აეროდრომები მოუვლელობის გამო ისეა მწყობრიდან გამოსული, რომ მათი ავარიული აღდგენაც კი საკმაო თანხებთან იქნება დაკავშირებული.

რჩება საქართველოს საჰაერო სივრცე და ამერიკელების მიერ გაწვრთნილი "კომანდოს" ბატალიონი, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია კოალიციის რიგებში სამხედრო ამოცანის შესრულება. აქედან, საქართველოს საჰაერო სივრცეს, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკელთა ავიაცია - სახელდობრ, U - 2 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები - უკვე იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შეიარაღებაში არსებული სარადარო სისტემები ამ ტიპის თვითმფრინავების ფრენის ტრაექტორიას ვერ აფიქსირებენ, ამერიკული ავიაციის გამოჩენა შეუმჩნეველი არ დარჩენია რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემას.

რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ პოტენციურ შესაძლებლობას, "კომანდოს" ბატალიონს, საერთაშორისო სამხედრო მისია მის გენეტიკურ კოდში დევს. მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ "კომანდოს" ბატალიონი თავის დროზე იმ ოფიცრებითა და სერჟანტებით დაკომპლექტდა, რომლებმაც სამშვიდობო საქმიანობა კოსოვოში შეისწავლეს. ამიტომ, როდესაც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა პირველი ქართული პროფესიული ქვედანაყოფის მომზადება დაასრულეს, ბევრი სახელმწიფო მოღვაწე და, მათ შორის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე "კომანდოს" დანიშნულებას ასე განმარტავდა:

[თედო ჯაფარიძის ხმა] "იცით, ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ჩვენ მათ, ალბათ, გამოვიყენებთ ანტიტერორისტულ ოპერაციებში ქვეყნის შიგნით, თუ ეს საჭირო იქნება. და, თუ ამის საჭიროება იქნება, მზად ვართ გამოვიყენოთ ეს ნაწილები საერთაშორისო ასპარეზზეც."


საქართველოს საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სწორედ ამ ბატალიონის ბაზაზე ჩამოყალიბდება ის სამხედრო ასეული, რომელსაც, ამერიკული მხარის მოთხოვნისა და დაფინანსების შემთხვევაში, ქართული მხარე ერაყში, მრავალეროვნული ძალის შემადგენლობაში, გაგზავნის. თუმცა ეს უკვე მეორე შემთხვევაა ამ კვირის განმავლობაში, როცა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გელა ბეჟუაშვილს, რომელიც სამხედრო უწყებაში სწორედ საერთაშორისო ურთიერთობას კურირებს, ჟურნალისტების ინფორმაციის კომენტირება უხდება. რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში გელა ბეჟუაშვილმა უარყო ცნობა, თითქოს სამხედრო საბჭოს ამის თაობაზე რაიმე გეგმა შეემუშავებინოს. თანაც, მან კატეგორიულად გამორიცხა ერაყში "კომანდოს" ბატალიონის გაგზავნის შესაძლებლობა. მინისტრის მოადგილის თქმით, უფრო სარწმუნოა, რომ მოკავშირეებს პოსკონფლიქტურ ერაყში დასჭირდეთ საინჟინრო-მესანგრეთა ასეული, რომელიც დიდი ხანია დაკომპლექტებულია ეროვნულ გვარდიაში და მზად არის პირველივე მოთხოვნისთანავე მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო პროგრამებში. ამის შესახებ უკვე ინფორმირებულია მოკავშირეთა სამხედრო ხელმძღვანელობა, რომელსაც, ბეჟუაშვილის თანახმად, გადაწყვეტილება ქართველი სამხედროების ერაყში მივლინების შესახებ ჯერჯერობით არ მიუღია.
XS
SM
MD
LG