Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ერაყის ომია კვლავინდებურად მოქცეული მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში.






მრავალი მიმომხილველი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, თუ ვინ უნდა უხელმძღვანელოს აღდგენით სამუშაოებს ომისშემდგომ ერაყში. როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს, კოალიციის ძალებმა არ დაუშვეს ნავთობსაბადოების საბოტაჟი სამხრეთ ერაყში, რაც სამხედრო ოპერაციის გონივრული დაგეგმვისა და უნაკლოდ შესრულების წყალობით მოხდა. უვნებელი დარჩა ნავთობსაბადოები ქვეყნის ჩრდილოეთშიც, რაც იმის მომასწავებელია, რომ რამდენიმე თვეში ერაყი განაახლებს ნავთობის წარმოებას. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"იმაზე, თუ როგორ გაართმევს ნაკისრ ვალდებულებას ერაყში აშშ-ის დროებითი ადმინისტრაცია მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული არა მარტო ერაყის მომავალი, არამედ შეერთებული შტატების რეპუტაციაც მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი მცდელობა - ამერიკული ნავთობკომპანიების გასამდიდრებლად იქნეს გამოყენებული ერაყის ნავთობი, და არა ერაყელი ხალხის საკეთილდღეოდ, ნულამდე დაიყვანს იმ პოლიტიკურ მონაპოვარს, ერაყის ომმა რომ შესძინა ვაშინგტონს. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ არაერთგზის განაცხადა, რომ ერაყის ნავთობი მხოლოდ და მხოლოდ ერაყელი ხალხის კეთილდღეობას მოხმარდება. ესაა სწორი პრინციპი, და მისი განუხრელი დაცვით ვაშინგტონი დაანახებს მთელ მსოფლიოს, რომ ანგარების მიზნით არ დაუწყია ომი ერაყთან, როგორც ეს არაერთ პოლიტიკოსს მიაჩნია".

როგორც გაზეთი "მონდი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, ამერიკა-ინგლისის ინიციატივით დაწყებული სამხედრო ოპერაცია, ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი, ყველაზე ბარბაროსული რეჟიმისაგან გაათავისუფლებს ერაყელ ხალხს. გაზეთი წერს:

"მას შემდეგ, რაც მან სიცოცხლეს გამოასალმა პოლიტიკური მეტოქეები და ძალაუფლება განიმტკიცა 1979 წელს, პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა თავისი უგუნური ქმედებით მთლიანად გააჩანაგა ერაყის ეკონომიკა; ქვეყნისა, ყველაზე მძლავრი ეკონომიკით რომ გამოირჩეოდა მთელს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. აშშ-ის თაოსნობით შექმნილი კოალიციის გამარჯვებაში ნაკლებად თუ ეპარებოდა ვინმეს ეჭვი, თუმცა ომისშემდგომი აღდგენის პერიოდი ერაყში ჯერ არ დაწყებულა. ამ პროცესის წარმატებით განხორციელებისთვის მასში გაერო უნდა იყოს ინტენსიურად ჩართული".

ამჯერად, როცა ომი ერაყში დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე მიმომხილველი, ვინც თავიდანვე უჭერდა მხარს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას, აცხადებს, რომ მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში გამართული ომის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები უადგილო და გაუმართლებელი იყო - წერს გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" კორესპონდენტი ედუარდ დიონი. ამერიკელი ჟურნალისტი განაგრძობს:

"იმის მიუხედავად, თუ ვის რა პოზიცია უკავია ერაყის ომთან მიმართებაში, ერთი რამ ცხადია - სადამ ჰუსეინის დამხობა უკეთეს ცხოვრებას მოუტანს ერაყელ ხალხს. ომით გაპარტახებული ქვეყნის აღდგენის ერთობ რთული პროცესის დაწყება მოუხდება შეერთებულ შტატებს, როცა უშუალო ჩარევა გახდება საჭირო ერაყის პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა დონეზე. და ამერიკელები შესაძლოა პოლიტიკურ ფრაქციებს შორის მომხდარი დაპირისპირების, აგრეთვე ეთნიკური ბრძოლების შუაგულში აღმოჩდნენ. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მხარი უნდა დაუჭიროს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო დახმარების მიწოდებას ერაყში, რაც შეარბილებდა არაბულ სამყაროში ანტიამერიკულ განწყობას".

ქალაქ მიუნხენში გამომავალი გაზეთი "ზიუდოჩე ცაიტუნგი" კომენტარს უკეთებს ქურთების წარმატებას ჩრდილოეთ ერაყში. ქურთების შეიარაღებულმა რაზმებმა, ამერიკელი ჯარისკაცების მხარდაჭერით, ათ აპრილს, ნავთობით მდიდარი ქალაქი კირკური აიღეს. გაზეთი წერს:

"თუ ქურთები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს, კირკურის დაცემამ განგაში გამოიწვია თურქეთში. თუ ქურთების წარმატებით განრისხებული თურქეთი ჯარს შეიყვანს ჩრდილოეთ ერაყში, ამგვარი აგრესიის პოლიტიკური შედეგები შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს ანკარისთვის. ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თურქეთმა თვალი გაუსწორა რეალობას და არ აპირებს ძალის გამოყენებას. რაც შეეხება ქურთებს, ბევრი რამ მათი ლიდერების გონიერებასა და უნარზეა დამოკიდებული, რათა არ დაუშვან ერაყელებისათვის სამაგიეროს გადახდა. თუ ქურთი ლიდერები კონტროლქვეშ მოაქცევენ თავიანთ მებრძოლებს, მაშინ სავსებითა შესაძლებელია ახალ ერაყში, კირკური - ქურთების ავტონომიური ტერიტორიის დედაქალაქი გახდეს".
XS
SM
MD
LG