Accessibility links

ერაყის ქალაქებში წესრიგის აღდგენის აუცილებლობის ჟამი დადგა


აშშ-ისა და ბრიტანეთის არმიის მიერ ერაყის ქალაქების აღების შესახებ ინფორმაციას ენაცვლება ცნობები იმ განუკითხაობის შესახებ, რომელიც ხელისუფლების წასვლას მოჰყვა, განსაკუთრებით,

დიდ ქალაქებში. ბაღდადსა და ქირქუქში, მოსულსა და ბასრაში გახელებული ბრბო ძარცვავდა და იტაცებდა ყველაფერს - ავეჯს და ფულს, ელექტროტექნიკას, ცეცხლს უკიდებდა სახლებს. ამგვარი უწესრიგობის დროს დაიღუპა არაერთი მოქალაქე. "წითელი ჯვარი" იძულებული იყო შეეზღუდა თავისი საქმიანობა ბაღდადში მას მერე, რაც მოკლეს მისი ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამშრომელი.
ამერიკელთა ჯარი სულ ახალი შესული იყო ბაღდადში, როცა რეჟიმის დაცემით აღტაცებული ბრბო შეუდგა სამთავრობო შენობებისა და მაღაზიების ძარცვას. ზუსტად იგივე მოხდა ბასრაშიც, რომელიც ბრიტანეთის ჯარმა აიღო ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ. გასაგებია ერაყელთა სიხარული, რომელიც თან სდევს სადამის საძულველი სისტემის დამხობას. მათ ჰუსეინის ძეგლებისა და სახელმწიფო სიმბოლოების განადგურებასაც მიჰყვეს ხელი, რაც, ასევე, ლოგიკურად გამოიყურება. მაგრამ როცა ძარცვამ, მაროდიორობამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო, აშკარა გახდა, რომ კოალიციის ჯარების პირველი ამოცანა ახლა წესრიგის აღდგენა უნდა გახდეს. მაგრამ როგორ? ჯარს შეუძლია პოლიციის ფუნქცია იტვირთოს, მაგრამ, ცხადია, არ სურს რეპრესიული ძალის სახელი შეიძინოს. არადა, ჰუსეინის ხელისუფლების წასვლას ერაყიდან, მოჰყვა ხელისუფლების ვაკუუმი, რაც ანარქიის ფორმას იძენს.
[ჩაიერის ხმა] " სამხედრო მარცხთა და სხვა გარემოებათა გამო, უზარმაზარი პოლიტიკური ვაკუუმი შეიქმნა და ხელისუფლების, სამთავრობო, სამხედრო და სხვა სფეროები დაიშალა ან განიდევნა კოალიციის ჯარის მიერ. ამა თუ იმ ქალაქიდან არავინ მისულა კოალიციის ძალებთან და დანებებაზე არ დალაპარაკებია, არ განუმარტავს ამა თუ იმ არეალის ხასიათი და შინაგანი ბუნება. ამან გამოიწვია საყოველთაო ქაოსი და უწესრიგობა".
ასეთია ინგლისში, ქალაქ ექსეტერში, მოქმედი არაბიზმისა და ისლამის უნივერსიტეტის თანამშრომლის იუსუფ ჩაიერის აზრი. სხვა ექსპერტი, ბრიტანელი იან კემპი, "ჯეინს დიფენს უიკლის" გამოცემის წარმომადგენელი, ამბობს, რომ ამერიკელ და ბრიტანელ ჯარისკაცებს აქვთ ომის შემდგომ წესრიგის დამყარების, ანუ პოლიციის ფუნქციის შესრულების, ცოდნა-გამოცდილება, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ბრძოლა უწევთ და პოლიციის ფუნქციის შესრულებისთვის ხალხი არ ეყოფათ : [კემპის ხმა] "წესისა და რიგის კვლავ აღდგენაში, ანგარიშსწორების მიზნით ცემისა და ხოცვის თავიდან აცილების საქმეში, ბრიტანეთის და აშშ-ის ჯარს მრავალდღიანი გამოცდილება აქვს იუგოსლავიიდან. ისინი ბოსნიაში, კოსოვოში და, რა თქმა უნდა, ავღანეთში იყვნენ განთავსებულნი. მაგრამ ამ საქმისთვის ვერ გამოდგებიან, მძიმე შეირაღება აქვთ. ეს ქვეითთა ამოცანას უფრო წარმოადგენს. უფრო უკეთესი იქნებოდა სამხედრო პოლიციის შენაერთები, სამოქალაქო საქმეთა ნაწილები, ვისაც ხალხთან ურთიერთობა შეუძლია. და, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა ენობრივი ბარიერი". დიდ შეშფოთებას იწვევს ერაყის მოსახლეობის ხელში არსებული იარაღი. კემპის აზრით, პირველი, რაც უნდა გააკეთოს კოალიციის ჯარმა, ამ იარაღის შეგროვებაა. ვისაც დანაშაულის ჩადენა სურს, ცხადია, ამ იარაღის შენარჩუნებას შეეცდება. საჭიროა ბაღდადსა თუ ბასრაში, ამბობს კემპი, თითოეული სახლის გაჩხრეკა და იარაღის ამოღება. მოკლედ, თქმა არ უნდა, საჭიროა, ერაყში სასწრაფოდ ახალი პოლიცია გაჩნდეს. თავიდან, როცა ერაყის ომი იგეგმებოდა, მთავარი ამოცანა იყო მმართველი "ბაათის" პარტიის მაღალი რანგის წარმომადგენელთა და, საერთოდ, ხელისუფლების უმაღლესი შრეების ლიკვიდირება. ახლა კი აუცილებლობა წარმოიშვა, ახალი ხელისუფლების შექმნაში ჩართულ იქნენ ამ ხელისუფლების საშუალო და დაბალი რანგის მოხელეები. მაგრამ ჯერჯერობით არ არის აზრთა ერთიანობა იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი ერაყის ხელისუფლება, ვის ჩაბარდება ის და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი.
XS
SM
MD
LG