Accessibility links

logo-print

ჟურნალისტების ბედი ერაყის ომში


ერაყში ომი ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ მასმედიის საერთაშორისო თანამეგობრობამ უკვე არნახული დანაკლისი განიცადა. დღეისთვის ერაყის ომში 10 ჟურნალისტი იქნა მოკლული.

კიდევ ორი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ამ კვირაში "ნიუ იორკ ტაიმსი" შენიშნავდა, რომ ეს მიმდინარე სამხედრო კამპანიაში დაღუპულ ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროთა 10 პროცენტს უდრის. მაშინ, როცა ვიეტნამის ომში დაღუპულ ჟურნალისტთა რაოდენობა დაღუპულ ამერიკელ სამხედროთა მხოლოდ 0,1 პროცენტს უდრიდა. ამერიკის კიდევ ერთი გაზეთი, "უოლ სტრიტ ჯორნალი" იმოწმებს "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტს", რომელსაც ნიუ იორკში უდევს ბინა. კომიტეტის მესვეურთა აზრით, ჟურნალისტები შეგნებულად იდევნებიან კოალიციის ჯარების მიერ. იგივე ორგანიზაცია ილაშქრებს ერაყის რეჟიმის წინააღმდეგაც, რომელიც "ცოცხალ ფარად" იყენებდა ჟურნალისტებს და სამოქალაქო პირებს.

მიმდინარე ომში ჟურნალისტთათვის ყველაზე ტრაგიკული დღე 8 აპრილი გამოდგა. ამ დღეს ჩვენი სამი კოლეგა დაიღუპა ბაღდადში. ორ მათგანს, რეიტერის სააგენტოს უკრაინელ ფოტოგრაფს და ესპანეთის ტელეოპერატორს ამერიკის საზღვაო ქვეითთა ტანკმა ესროლა, როცა ისინი სასტუმრო "პალესტინის" მე-15 სართულზე, აივნიდან იღებდნენ ქალაქს.

იმავე დღეს დაიღუპა არაბულენოვანი ტელეკომპანია "ალ ჯაზირას" თანამშრომელი, როცა ტელეკომპანიის ბაღდადის ოფისი ამერიკის რაკეტამ გაანადგურა.

შეერთებული შტატების ცენტრალური ხელმძღვანელობა უარყოფს ბრალდებას, რომ ჟურნალისტებს შეგნებულად ესროლეს. მაგრამ ბაღდადის ტრაგედიის შემდეგ არაბულ მასმედიაში გაჩნდა ბრალდება, რომ შეერთებული შტატების ჯარები "ალ ჯაზირას" დევნის. მსგავსმა ბრალდებამ სხვა ქვეყნების მასმედიაშიც გაიჟღერა. გაიხსენეს, რომ ამერიკელებმა ქაბულშიც გაანადგურეს "ალ ჯაზირას" ოფისი. გამოითქმის ვარაუდები, რომ "ალ ჯაზირა" ამერიკელთათვის უხერხულ მასალებს გადასცემს ეთერში.

მომხდართან დაკავშირებით შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ, ვიქტორია კლარკმა განაცხადა:

[კლარკის ხმა] "ჩვენ ომში ვართ. ბაღდადში ბრძოლები მიმდინარეობს. ჩვენი ჯარები ცეცხლში მოყვნენ. მათ საკუთარი თავის დაცვის განუყოფელი უფლება გამოიყენეს."

მაგრამ თვითმხილველები ამბობენ, რომ იმ დროს, როცა ამერიკის ტანკმა ჭურვი ესროლა სასტუმრო "პალესტინას", ახლო-მახლო საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა. ამას მოწმობს საფრანგეთის სატელევიზიო ჯგუფის მიერ გადაღებული ვიდეომასალაც.

კერძო საუბრებში პენტაგონის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ ტანკის ეკიპაჟმა შეცდომა დაუშვა და აივანზე დამონტაჟებული კამერა ნაღმსატყორცნი ეგონა. მაგრამ "ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის" გენერალური მდივნის, ეიდან უაიტის თქმით, წინასწარი განზრახვის უარყოფა საკმარისი არ არის. საჭიროა საგანგებო გამოძიების ჩატარება. მან "სამხედრო დანაშაული" უწოდა ჟურნალისტების მოკვლის ფაქტებს. კიდევ ერთი ორგანიზაციის, "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე"-ს გენერალური მდივნის, რობერ მენარის თქმით, ორივე შენობის, სასტუმროსა და "ალ ჯაზირას" ოფისის შესახებ ცნობილი იყო, რომ იქ ჟურნალისტები მუშაობდნენ.

სხვათა შორის, ამერიკელეთა ერთ-ერთი მოკავშირის, ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა ფედერიკო ტრიიო-ფიგუეროამაც გააკრიტიკა თავისი პარტნიორები და მომხდარს "ძალიან სერიოზული შეცდომა" უწოდა.

მასმედიის უფლებების დამცველი ორგანიზაციები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ აშკრად უარყოფითია ამერიკის ჯარების დამოკიდებულება იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ჯარის ნაწილებს არ არიან მიმაგრებული და, ასე ვთქვათ, ცალმხრივად მოქმედებენ. ანუ, მათ მიმართ ცენზურა ბევრად უფრო ძნელია. ასეთები კი უმრავლესობას წარმოადგენენ ერაყის ომში. ორიათასამდე ჟურნალისტის მხოლოდ ერთი მეოთხედია ჩართული სამხედრო ნაწილებში. ყველა დაღუპული ჟურნალისტი "ცალმხრივად" მოქმედებდა, თუ არ ჩავთვლით ორ მათგანს, რომლებიც ერაყის რაკეტამ იმსხვერპლა, და მესამეს, რომელიც ავტოავარიაში დაიღუპა.

როგორც ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა, სარა დე იონგმა უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ჟან-კრისტოფ პეკს, სხვადასხა ტიპის რისკი, რის წინაშეც უხდებათ დგომა, ერთი მხრივ, სამხედრო შენაერთებში ჩართულ და, მეორე მხრივ, "ცალმხრივად" მოქმედ ჟურნალისტებს, გამომდინარეობს მათი განსხვავებული სამართლებრივი სტატუსიდან.

ჟენევის კონვენციით, ჟურნალისტი სამოქალაქო პირად ითვლება. მაგრამ თუკი იგი ომში მონაწილე რომელიმე მხარის ჯარების შემადგენლობაში ასრულებს თავის მოვალეობას, მაშინ იგი გაიგივდება ამ მხარესთან და ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში სამხედრო ტყვედ ჩაითვლება. სამწუხაროდ, სამხედროები ცალმხრივად მოქმედი ჟურნალისტების უფლებებს ისევე უგულვებელყოფენ, როგორც დანარჩენი სამოქალაქო პირებისას.
XS
SM
MD
LG