Accessibility links

დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ერაყისა და საქართველოს საკითხები განიხილეს


11 აპრილს დუშამბეში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა გაიმართა. მის მუშაობაში მონაწილეობდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე. მინისტრების საბჭოს მსჯელობის საგანს ერაყის პრობლემატიკის შესახებ საერთო პოზიციის შემუშავება და აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების სარდლის დანიშვნა წარმოადგენდა. რით წარდგა ქართული მხარე დუშამბეში გამართულ შეხვედრაზე და რა გავლენას მოახდენს თბილისის ამჟამინდელი პოზიცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე?

ანტიერაყულ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობამ კვლავ გაართულა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა - ჯერჯერობით არა იმ დონეზე, როგორც ეს გასული წლის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიების დაბომბვისას იყო, მაგრამ აშკარაა, რომ მოსკოვში საქართველოს პოზიციით გამოწვეული უკმაყოფილება თანდათან იზრდება. ეს შეიმჩნევა აფხაზეთის კონფლიქტის ირგვლივ მიღწეული შეთანხმებების რეალიზებისას და ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხებშიც. სავარაუდოა რომ ამ მდგომარეობას კიდევ უფრო გაართულებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საგარეო საქმეთა მინისტრების ფორუმზე საქართველოს მხარის პოზიციის კიდევ ერთხელ გამოქვეყნება.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, დუშამბეში მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძესთან დაკავშირება ვერ მოვახერხე. თუმცა ის პოზიცია, რომელიც ანთაძეს თავისი კოლეგებისთვის უნდა გაეცნო, ჩემთან სატელეფონო ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სხვა მოადგილემ კახა სიხარულიძემ განმარტა.

[სიხარულიძის ხმა] „საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება აქ ძალიან ნათელი იყო: ჩვენ ვიყავით და ვართ ანტიერაყული კოალიციის წევრები. აქედან განისაზღვრება კონკრეტული საკითხებისადმი, კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებითაც და, საერთოდაც, ჩვენი ყველანაირი დამოკიდებულება და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ კოალიციის წევრები და ამით ყველაფერია ნათქვამი."

დუშამბეში დსთ-ს სახელმწიფოთა წარმომადგენლები შეეცადნენ საერთო აზრი გამოემუშავებინათ უსაფრთხოების სისტემის მიმართ თანამედროვე გამოწვევებისა და მუქარების საწინააღმდეგო ნაბიჯების შესახებ, თუმცა საქართველო, მის მიერ გაცხადებული პოზიციის გამო, ამ სისტემის მიღმა რჩება. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, თუ აქამდე საქართველოს მიმართ აგრესიული განცხადებები მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმაში ისმოდა, ახლა მსგავსი რიტორიკა რუსეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასაც გადაედო.

11 აპრილს რუსეთის ფედერაციის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა სპეციალური განცხადება მიუძღვნა საქართველოს უსაფრთხოების სულ სხვა სისტემაში ჩართვას, კერძოდ კი, შეერთებულ შტატებთან სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციას. მოსკოვისთვის მიუღებელია ის, რომ თბილისი თავის საგარეო-პოლიტიკურ ქმედებებს მოსკოვს არ უთანხმებს. საქართველოს საგარეო უწყების წარმომადგენლის კახა სიხარულიძის თქმით, თუ ქართული მხარე აქამდე უპასუხოდ ტოვებდა დუმის ანტიქართულ განწყობილებას, რუსეთის მთავრობის პოზიცია რეაქციის გარეშე ვერ დატოვა და ოფიციალური განცხადება რუსულ ენაზე გამოაქვეყნა. მასში განმარტებულია, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოსა და საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიან სუბიექტს, უფლება აქვს დადოს ხელშეკრულებები, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის თაობაზეც. შემდგომ განცხადებაში წერია:

[სიხარულიძის ხმა] „საბედნიეროდ, საქართველოში არავის მოსდის თავში აზრად რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან შეუთანხმებელი მოქმედებების გამო დაადანაშაულოს. აშშ- თან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულების რუსეთის ოფიციალურ სტრუქტურებში განხილვა, ასევე გამონათქვამები მოსკოვის გვერდის ავლით მოქმედებათა მიუღებლობის შესახებ, წარმოადგენს საბჭოთა აზროვნებისკენ დაბრუნების მცდელობას, როდესაც რეგიონები ვალდებულნი იყვნენ ყველა ნაბიჯი ცენტრთან შეეთანხმებინათ."

ასეთი დიპლომატიური წაკინკლავების შემდეგ არ არის გამორიცხული, რომ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდეს. ამის მანიშნებელია ისიც, რომ, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა სოჭში შევარდნაძესა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმებების რეალიზება, კერძოდ კი, აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებისა და რკინიგზის გახსნის სინქრონიზების უზრუნველყოფა. სამუშაო ჯგუფების შექმნის შემდეგ გაირკვა, რომ რუსეთი რკინიგზის აღდგენას მხოლოდ სოჭიდან სოხუმამდე აპირებს. ქართული მხარე კი მხოლოდ სოჭი-თბილისის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენის მომხრეა და, ისიც, მას შემდეგ, რაც ლტოლვილთა დაბრუნებისთვის სათანადო პირობები შეიქმნება. ამ პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებამდე აფხაზეთში სამშვიდობო ძალების სარდლის შეცვლა ნაკლებად იქნება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების მომტანი.
XS
SM
MD
LG