Accessibility links

logo-print

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისკენ მოუწოდებს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "აშშ-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააკეთოს ყველაფერი, შესაძლებელი, იმისათვის, რომ 2003 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ეუთოს სტანდარტების

შესაბამისად ჩატარდეს" - სააგენტო მედიამაქსის ცნობით, ასეთი განცხადება გააკეთა ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ამ ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩმა სტეფან მინიკესმა. მისი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიის გზაზე წინსვლისა და სტაბილურობის განმტკიცების შესაძლებლობას იძლევა. ვის არ სურს საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარება?

საქართველოში ღია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის შესანარჩუნებლად აუცილებელი ხდება. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ედუარდ შევარდნაძის სახელზე გამოგზავნილ წერილში აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში წერს: "ტერორიზმთან ბრძოლითა და ენერგეტიკის სექტორში რეფორმების განხორციელებით თქვენი მთავრობა გააძლიერებს მისდამი ხალხის რწმენას და რწმენას დემოკრატიისადმი. თქვენ ჩაუყარეთ საფუძველი დემოკრატიულ საქართველოს. ამ მონაპოვარზე დაყრდნობით, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა საქართველო გადავიდეს მომავალ ლიდერთა თაობის ხელში პარლამენტის 2003 წლისა და პრეზიდენტის 2005 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით. ამ გზით საქართველოსათვის დემოკრატიული მომავლის უზრუნველყოფა იქნება თქვენი, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი ლიდერის, ერთ-ერთი უმთავრესი მემკვიდრეობა."
ამ მეგობრული რჩევიდან პრეზიდენტმა შევარდნაძემ ტერორიზმთან ბრძოლის აუცილებლობა ნამდვილად გაითვალისწინა, რასაც ვერ ვიტყვით ენერგეტიკის სფეროს რეფორმებზე. კიდევ უფრო ბუნდოვნად გამოიყურება საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა - ყოველ შემთხვევაში, დღეს აბსოლუტურად ყველა - ოპოზიციაც და სახელისუფლებო პარტიებიც ერთხმად აცხადებენ, რომ წინა არჩევნებისას დარღვევები მრავლად იყო. საინტერესოა, რომ 1999 წლის არჩევნებისას მომხდარ დარღვევებზე მოქალაქეთა კავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ავთანდილ ჯორბენაძე მხოლოდ ახლა ალაპარაკდა ხმამაღლა - როგორც გახსოვთ, მან განაცხადა, რომ აქვს დამამტკიცებელი დოკუმენტები, რომ არჩევნებისას დაახლოებით 300-400 ათასი ხმა გაყალბებული იყო. ახლაც, მოახლოებული არჩევნების წინ, კულუარებში საუბრობენ იმავე რაოდენობის ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებზე, რომელსაც, როგორც ამბობენ, ერთ-ერთი პარტია კვლავ არჩევნების გაყალბებისთვის გამოიყენებს.
რაც შეეხება საარჩევნო კოდექსის პროექტს - გასულ კვირას პარლამენტის სესია ისე დასრულდა, რომ პარლამენტს ამ დოკუმენტის განხილვა არც დაუწყია. პარლამენტიდან გამოსული ხმებით, ბლოკ "აღორძინების" მოთხოვნას, მოწვეულ იქნეს რიგგარეშე სხდომა, ოპოზიცია მხოლოდ იმ პირობით დაუჭერს მხარს, თუ ამ სხდომაზე, სპეციალური ეკონომიკური ზონის კანონპროექტის გარდა, საარჩევნო კოდექსსაც განიხილავენ. სავარაუდოდ, რიგგარეშე სხდომა 17 აპრილს დაინიშნება.

იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების ფართომასშტაბიანი გაყალბების შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააწვება, ის განსაკუთრებით მგრძნობიარედ უნდა რეაგირებდეს არჩევნების თემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
XS
SM
MD
LG