Accessibility links

logo-print

"მიიღებენ თუ არა ქართველები მონაწილეობას ომის შემდგომი ერაყის აღდგენის პროცესში?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი "მიიღებენ თუ არა ქართველები მონაწილეობას ომის შემდგომი ერაყის აღდგენის პროცესში? - ეს კითხვა გასულ კვირას ქართული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა.

მაგალითად, როგორც 11 აპრილის გაზეთი "რეზონანსი" წერს, მას შემდეგ, რაც ერაყის ომში საქართველომ აშშ-ს მხარი ღიად დაუჭირა, ბუნებრივად გაჩნდა კითხვა, მიიღებდნენ თუ არა ქართველი სამხედროები ომში მონაწილეობას. მით უმეტეს, რომ საქართველოში, ამერიკული მხარის დაფინანსებით, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა ხორციელდება და საკმაოდ წარმატებულადაც. ერაყში საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ, ოფიციალური თბილისი არ გამორიცხავს, რომ ერაყში მშვიდობის დამყარებაში ქართველებმაც მიიღონ მონაწილეობა. კერძოდ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა "რეზონანსს" განუცხადა:


"ქართველი რეინჯერების ერაყში გამგზავრებაზე აშშ-ის მხარის მიერ არაფერი თქმულა. თუმცა არც ამის გამორიცხვა შეიძლება. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ. სამშვიდობო პროცესში, გარდა საბრძოლო ასეულებისა, შესაძლოა, მედიკოსების, სამხედრო ინჟინრების და მსგავსი კონტინგენტის გაგზავნის საჭიროება უფრო მეტად დადგეს. რა სახის კონტინგენტი დასჭირდებათ, ამას აშშ-ის შესაბამისი უწყებები გადაწყვეტენ. საქართველოს ამერიკაში, ფლორიდის შტატში, თავისი მოკავშირე ჰყავს. რაიმე გადაწყვეტილებას მისი საშუალებით შეგვატყობინებენ."



12 აპრილის გაზეთ "24 საათის" ცნობით, ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველო ერაყის რეაბილიტაციაში ერთვება, ადასტურებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. 11 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარეობს კონსულტაციები ერაყის პოსტკონფლიქტურ აღდგენაში ქვეყნის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. მისივე განმარტებით, საქართველოს აქვს დიდი ინტელექტუალური და სხვა პოტენციალი, რომლის გამოყენებაც ერაყში შესაძლებელია.
გაზეთების ცნობით, საუბარია ერაყის დახმარებაზე სამშენებლო მასალითა და წყლით. ამავე დროს, ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები იმასაც მოწმობს, თუ რაში შეიძლება გამოიხატოს ერაყის ინტელექტუალური დახმარება. 12 აპრილის გაზეთი "ახალი თაობა" წერს, რომ თუ რუსეთი ვახტანგ რჩეულიშვილისთვის მეზობელია, ხოლო ამერიკა - მეგობარი, ერაყი სოციალისტთა ლიდერისთვის დიდი ტკივილი ყოფილა. კერძოდ:


ახალი საქართველოსთვის მერძოლი სოციალისტების ბელადი ბედნიერია, რომ ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაამხეს. "მას შემდეგ, რაც მე მოქკავშირში გავწევრიანდი, ეს ჩემი და ედუარდის დიდი გამარჯვებაა. ჩვენც დიდი წვლილი მიგვიძღვის ჰუსეინის რეჟიმის დამხობაში," - სრული სერიოზულობით აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი.
მისი თქმით, ერაყში ჰუსეინის რეჟიმის დამხობა საქართველოზე დადებითად იმოქმედებს. რჩეულიშვილის განცხადებით, მე-19 საუკუნის ბოლოს ერაყს სწორედ ქართველები მართავდნენ. რჩეულიშვილი აცხადებს, რომ ამ ტრადიციას ოცდამეერთე საუკუნეშიც უნდა მივმართოთ. "ჩვენ უამრავი მშენებელი გვყავს. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუ მათ ერაყში დავასაქმებთ. დღეს მთელი მსოფლიო იმაზე ფიქრობს, როგორ დაეხმაროს ერაყს. ამერიკას ამაზე მილიონები აქვს გამოყოფილი. კარგი იქნება, თუ ჩვენ მშენებლებს იქ გავაგზავნით," - აცხადებს რჩეულიშვილი.
ის თვადაც მზად არის ერაყში წასასვლელად, მაგრამ სახლების კი არა, მეგობრობის ხიდის ასაშენებლად. რჩეულიშვილმა მთელ საქართველოს ზარ-ზეიმით აუწყა, რომ საქართველოსა და ერაყის პარლამენტარებს შორის მეგობრობის ჯგუფი უნდა შეიქმნას.რჩეულიშვილს უკვე დაკომპლექტებული ჰყავს ის ჯგუფი, რომელმაც ჩვენი სამშობლო ერაყთან უნდა დააძმობილოს. თუ ჩვენ დღეს ერაყს დავუმეგობრდით, რჩეულიშვილის აზრით, ეს ძალიან მალე დიდ ფინანსურ მოგებას მოგვიტანს. სოციალისტების ლიდერის თქმით, 50 წლის შემდეგ წყალი გაცილებით უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე ნავთობი. რადგანაც ჩვენი სამშობლო წყლის რესურსებით ძალიან მდიდარია, ხოლო ერაყი - ნავთობით, რჩეულიშვილი არ გამორიცხავს, რომ 50 წლის შემდეგ ქართველები და ერაყელები ამ ბუნებრივ სიმდიდრეს ერთმანეთში გაცვლიან. ეს კი, მისი აზრით, კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში სრულ მშვიდობას დაამყარებს. რჩეულიშვილი კი იმდენად არის მოხიბლული ერაყით, რომ გამორიცხული არ არის, ერაყში საქართველოს დესპანობა მოისურვოს. დღეს ის პრეზიდენტის გუნდის ერთგული წევრია და, თუ მისი სურვილი იქნა, შევარდნაძე სოციალისტების მამას ამ ნატვრას ნამდვილად აუსრულებს."



"გლობალური" პრობლემების მოგვარების პარალელურად, ქართველი პოლიტიკოსები კვლავაც აქტიურად არიან ჩართულნი წინასაარჩევნო მოსამზადებელ სამუშაოებში. გასული კვირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად იქცა ჩამოყალიბება პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერი ბლოკისა " ახალი საქართველოსთვის". როგორც ჩანს, ამ ბლოკში გაწევრიანება კვლავ გაგრძელდება - თუ კვირის დასაწყისში მის წევრებად, ოფიციალურად, მოქალაქეთა კავშირი, სოციალისტური პარტია და აბრეშუმის გზა სახელდებოდა, კვირის ბოლოს მათ ეროვნულ- დემოკრატიული პარტიაც შეუერთდა. 11-17 აპრილის "ახალი ეპოქა" მკითხველს შეახსენებს, რომ სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი აცხადებდა, რომ აქტიურად აღარ ჩაერთვებოდა თავისი მხარდამჭერების წინასაარჩევნო კამპანიაში. მაგრამ, გაზეთის ვარაუდით, გადამხდელთა კავშირში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება შეცვალა და თავად ჩაუდგა სათავეში სახელისუფლებო ბლოკს. გაზეთი წერს:


ედუარდ შევარდნაძემ, უპირველეს ყოვლისა, ბლოკს "ახალი საქართველოსთვის" მასშტაბურობა შესძინა. "ახალი საქართველოსთვის" არის არა პარტია, არამედ ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანს საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის შენარჩუნება-გაძლიერება წარმოადგენს," - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც წინასაარჩევნო გაერთიანების ძირითად მიზნებად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, დემოკრატიული კურსის შენარჩუნება, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, დასავლეთთან, კერძოდ, აშშ-თან ურთიერთობების გაღრმავების პარალელურად "რუსეთთან თნამშრომლობის ახალი სისტემის შექმნა" დაასახელა.
პრეზიდენტის ინიციატივის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად აუცილებლად უნდა მივიჩნიოთ მისი გარემოცვის სისუსტე. ავთანდილ ჯორბენაძის " მივლინებამ" მოქკავშირის თავმჯდომარის პოსტზე, თემატურ საპარლამენტო უმრავლესობაში სოციალისტთა ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილისა თუ ვიტალი ხაზარაძის თავგამოდებამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
ამ გუნდის ერთადერთ წარმატებად 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება ითვლება; თუმცა, ბიუჯეტის შესრულების კვარტალური გეგმით თუ ვიმსჯელებთ, წარმატებისგან შორს ვართ. საეჭვოა, რომ არჩევნების წელს მთავრობამ შეძლოს რადიკალურად გამოასწოროს ვითარება და ზუსტად შეასრულოს გეგმა.
სახელისუფლებო ძალის "პოლიტიკუს მონაგარს", აშკარად, ვერაფერი შემატა მინიმალური ხელფასის 115 ლარამდე გაზრდის თაობაზე დახარჯულმა ენერგიამ, დრომ და დამსხვრეულმა მახვილებმა - თემატურად წოდებულმა საპარლამენტო ერთობამ ვერაფერი მოუხერხა მცირერიცხოვან ოპოზიციას და პრეზიდენტი იძულებული გახდა, თავად დაებლოკა ოპოზიციის, კანონად ქცეული, ინიციატივა.
სახელისუფლებო ძალის ლიდერთა სისუსტის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს იმის გარდა აღარაფერი დარჩენოდა, რომ თვითონ აეღო სახელმწიფო მინისტრის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთა ტვირთი.
როგორც 1995, 1999 წლების საპარლამენტო არჩევნებისას, ედუარდ შევარდნაძე კიდევ ერთხელ აპირებს, საკუთარი ავტორიტეტით შეუნარჩუნოს სტატუსი სახელისუფლებო ძალას. მაგრამ, თუ წინა საპარლამენტო არჩევნებისას მის გვერდზე პოლიტიკურად მობილური ძალები იდგნენ, დღეს მის გარემოცვაში თვალშისაცემად სუსტი ფიგურები არიან. აქედან გამომდინარე, გამარჯვებაც გაცილებით დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მისგან."



გასული კვირის ქართული პრესა იმის გარკვევას ცდილობდა, თუ რას ნიშნავს ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის განცხადება, რომ იგი არ გამორიცხავს საპარლამენტო არჩევნებისას ახალი მემარჯვენეებისა და გაერთიანებული დემოკრატების მხარდაჭერას. კითხვაზე, როგორ შეიძლება პატარკაციშვილი იყოს შევარდნაძის ერთგული და, ამასთანავე, სიმპათიით გამსჭვალული მისდამი ოპოზიციურად განწყობილი პარტიებისადმი, 11-18 აპრილის გაზეთი "ახალი 7 დღე" შენიშნავს:

"როცა ძებნილიც ხარ და თანაც ბევრი ფულის პატრონი, ალბათ, ყველაზე სწორი გამოსავალია, იმ წინდახედული ებრაელივით მოიქცე, რომელიც ყველა კვერცხს ერთ კალათში კი არ დებს, არამედ რამდენიმეში ანაწილებს, რათა იმ შემთხვევაში, ერთ კალათას თუ რამე დაემართება და შიგ ჩაწყობილი კვერცხები დაიმტვრევა, დანარჩენი კვერცხები მაინც გადარჩეს. პატარკაციშვილს ნამდვილად სჭირდება არა მხოლოდ პრეზიდენტის, არამედ სხვა პოლიტიკური ძალების მხარდაჭერაც. ალბათ, ამიტომაც თითო კვერცხს ყველა მათგანის კალათში დებს. თუმცა, სად, ვის კალათში ჩადებს იგი მთავარ კვერცხს, ეს უფრო ნათლად არჩევნების დროს გამოჩნდება.
როგორც ვხედავთ, არც 2003 წლის არჩევნებზე ელის ქართველ ამომრჩეველს სიახლე: ამ არჩევნებზეც იქნებიან ძველი სახეები, ახალი სახელებით, და, რაც მთავარია, ისევ დღის წესრიგში დარჩება ჩვენი ქართველი ელექტორატის მარადიული დილემა: ვინ ავირჩიოთ - ცუდი თუ უარესი?!"



თუ გასულ კვირას ასე თუ ისე დადგინდა სახელისუფლებო ბლოკის კონტურები, რას აპირებს ოპოზიცია - კვლავაც გაურკვეველია. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს 12 აპრილის გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებული ინტერვიუ ნაციონალური მოძრაობის ლიდერთან მიხეილ სააკაშვილთან, რომლის განცხადებითაც, სახელისუფლებო ბლოკი ვერ გაიმარჯვებს. კითხვაზე, თუ რა სტადიაშია ნაციონალურ მოძრაობასა და გაერთიანებულ დემოკრატებს შორის მიმდინარე კონსულტაციები წინასაარჩევნო ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი ამბობს:


ეს თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ თუ "გაერთიანებული დემოკრატები" პატიაშვილს დაბლოკავენ, ჩვენი გაერთიანება არ შედგება. მეორე მხრივ, თუ პატიაშვილი პრორუსულ ელემენტებთან დარჩება, ჩვენი გაერთიანებაც კითხვის ქვეშ დადგება. უნდა იყოს ფართო ბლოკი და არა მხოლოდ ჩვენი გაერთიანება.
ნაციონალური მოძრაობა ერთიანდება არა იმიტომ, რომ მეტი პროცენტი ერგოს, არამედ იმის გამო, რომ არ უნდა, ვინმე ბორტს მიღმა დარჩეს.
ხშირად დავდივარ რეგიონებში. ორგანიზაციები გახსნილი გვაქვს საქართველოს 50 რეგიონში. დარწმუნებული ვარ, რომ მოძრაობა მზადაა გამარჯვებისთვის და იმისთვის, რომ ამ არჩევნებში პირველ ადგილზე დამაჯერებლად გავიდეს...ჩემს შესაძლებლობებს არასდროს ვაზვიადებ. არა მგონია, რომელიმე ძალამ აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვოს - ეს შეუძლებელია, რადგან ხმების 30 პროცენტი ამომრჩეველთა ჯიბიდან ასლან აბაშიძის მიერ არის მოპარული, მაგრამ დანარჩენ პროცენტებში უმრავლესობის ამღები ჩვენ ვართ. ამას ზოგადად არ ვლაპარაკობ - ყველაზე პატარა რაიონშიც კი 700-800 კაცზე ნაკლები არ შემხვედრია. ეს არის ხალხი, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობა მოენატრა.
ამიტომ ვარ განწყობილი ოპტიმისტურად. მომგებნი ვართ, მაგრამ ჩემი კონცეფცია თავიდანვე გაერთიანება იყო და სხვადასხვა ძალებთან გავერთიანდებით კიდეც. ეს უნდა იყოს ფართო და არა მხოლოდ ჩვენი და დემოკრატების გაერთიანება.
XS
SM
MD
LG