Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13 აპრილს საქართველოში ახალგაზრდობის


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი 13 აპრილს საქართველოში ახალგაზრდობის

მოხალისეობის დღეები ამოიწურა. ჩვენც იმის შესახებ ვისაუბრებთ, თუ როგორი იყო ეს დღეები და გაზაფხულის დადგომის კვალობაზე თვალშისაცემი ხალისიანი განწყობით ამ დღეებში რა კონკრეტული სამუშაოები შეასრულეს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა. ახლაგაზრდობის მოხალისეობის დღეები, გნებავთ, ახალგაზრდობის კეთილი ნების დღეები ქველმოქმედების, მოსწავლეთა შემოქმედების წარმოჩენისა და გარემოზე - და არამარტო გარემოზე - ზრუნვის დღეები იყო. ამ დღეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოს რამდენიმე ქალაქში: მცხეთაში, ქუთაისში, ახალციხეში, ბორჯომში, ყვარელში, თელავსა და რუსთავში გაიშალა. თუ როგორ, ამის შესახებ გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ, მანამდე კი დავით პაიჭაძე განმარტავს, რას წარმოადგენს "ახალგაზრდობის მოხალისეობის აქცია", რომელიც საქართველოში პირველად არ ჩატარებულა, და ვინ და როგორ შეუწყო ხელი ამ აქციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას.


დავით პაიჭაძე

საქართველოში სამოქალაქო მოძრაობით ახალგაზრდობის დაინტერესებაზე არაერთხელ გვისაუბრია. სამოქალაქო სექტორი საქართველოში თავისთავად ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე იმდენი ხანია არსებობს, რომ შეიძლება ლაპარაკი მასში სხვადასხვა თაობის საქმიანობაზე. ბოლო დროს კი ერთი ტენდენციაც ჩანს: შედარებით უფროსი ასაკის მოქალაქეთა სწრაფვა, აღუძრან ინტერესი უმცროსებს, მიიზიდონ და ჩააბან ისინი არასამთავრობო ორგანიზაციათა აქტივობაში.

ამ ტენდენციის თვალსაჩინო მაგალითია ინიციატივა "ახალგაზრდობის მოხალისეობის დღე საქართველოში", რომელსაც ათზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ახორციელებს და რომელშიც სტუდენტები და სკოლის მოწაფეები არიან ჩაბმულნი, თანაც - საქართველოს რეგიონებიდან. ფორმა, რომლითაც ეს ინიციატივა 12 და 13 აპრილს განხორციელდა, სწორედ ახალგაზრდებმა მოიფიქრეს. მათი ხელშემწყობი ერთ-ერთი ორგანიზაციის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის, სამოქალაქო განათლების პროგრამების კოორდინატორმა მაია გოგოლაძემ ჩემთან საუბარში ზოგადად ასე აღწერა საქმეები, რომელთაც, ჩვეულებრივ, აკეთებენ ახალგაზრდები ამ აქციის დროს [გოგოლაძის ხმა]: "პარკების, ქუჩების, ისტორიული ადგილების დასუფთავება, ხეების, ყვავილების დარგვა, სკვერების გაშენება, ასფალტზე პლაკატების ხატვა, მოხუცებისათვის საკვების გადაცემა, ბავშვთა სახლების უფასო სამედიცინო მომსახურება, წიგნებისა და ტანსაცმლის გადაცემა; აგრეთვე, გამოფენები, დისკოთეკები და სპორტული ღონისძიებები, მშობლებისა და ბავშვების მონაწილეობით".

იმედია, აქციის მონაწილენი არ გვიწყენენ, თუ ვიტყვით, რომ სამოქალაქო აქტივობის ეს ფორმები მრავალგზის ნაცადია, ხოლო ზოგი მათგანი, მაგალითად, დასუფთავება და ხეების დარგვა, საბჭოთა პერიოდშიც გავრცელებული პრაქტიკა იყო. ცხადია, არის პრინციპული განსხვავება: საბჭოთა კავშირში ასეთ აქციებს არასოდეს ჰქონდა ნებაყოფლობითი ხასიათი და ხშირად უადგილო ადგილას იძულებით ჩარგული ხეები, წესისამებრ, მალე ხმებოდნენ ხოლმე. დღეს კი ინიციატივა, რომ იტყვიან, "ქვემოდან" მოდის, რაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის არასწორი გამოთქმაა: მესამე სექტორი უფრო ჰორიზონტალური კავშირების სივრცეა და "ქვედა ფენები" აქ არ არსებობენ.

მაია გოგოლაძემ გაიხსენა, რომ შარშან, 27 აპრილს, ასევე ჩატარდა მოხალისეობის აქცია მსოფლიო ახალგაზრდობის კეთილი ნების დღეს, რომელშიც 5 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა [გოგოლაძის ხმა]: "მომავალში ჩვენი მიზანია, ასეთი აქცია და ახალგაზრდობის მოხალისეობის დღე საქართველოში ტრადიციად დავამკვიდროთ და მომავალ წელს მოვუწოდოთ სკოლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თბილისსა და სხვა რაიონებში, შემოუერთდნენ აქციას".

საბჭოთა პერიოდის ფსევდოსაზოგადოებრივი საქმიანობისგან დღევანდელ სამოქალაქო აქტივობას კიდევ ერთი რამ განასხვავებს: ესაა მოქმედების არა ერთჯერადი, არამედ რეგულარული ხასიათი; მაია გოგოლაძემ ასეთი მუშაობის მაგალითად სამოქალაქო განათლების პროგრამის ერთი მიმართულება ახსენა [გოგოლაძის ხმა]: "სამოქალაქო განათლების პროგრამა სათემო და მოხალისეობის აქციებსაც მოიცავს: სათემო აქციათა ფარგლებში თითოეული ჩვენი პარტნიორი სკოლა კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ გარკვეულ სათემო პროექტს ახორციელებს, ვთქვათ, ეხმარება მოხუცებს, სახლს ულაგებს, პროდუქტი და ტანსაცმელი მიაქვს... ამას აკეთებენ მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები, ანუ 12-14 წლისანი, თუმცა მათი მოვალეობა და მიზანი ისიცაა, რომ ყველა პროგრამაში ჩართონ როგორც უფრო მაღალი, ისე დაბალი კლასის მოსწავლეები".

კიდევ ერთი არსებითი დეტალი: სამოქალაქო აქციისა და მუშაობის, ასე ვთქვათ, საქველმოქმედო შემადგენელი მთლიანად მაია გოგოლაძის მიერ ნახსენები ახალგაზრდების დამსახურებაა. ანუ ყველაფერი, რითაც სკოლის მოსწავლეები მოხუცებსა თუ უქონელთ შეეწევიან, მათი ნაყიდი, შეგროვილი ან მოპოვებულია. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში, მართლაც, რაღაც იძრა: მისთვის სულ ერთი აღარ არის, როგორ ცხოვრობენ მისი წევრები და მოქალაქეთა ნაწილი მაინც მზადაა, ბავშვების მეშვეობით, დახმარების ხელი გაუწოდოს ღარიბ თანამოქალაქეებს.



"შემოგვიერთდით და ერთად ვიზეიმოთ ახალგაზრდობის მოხალისეობის დღე საქართველოში!" - ამ ლოზუნგით საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მოსწავლეებმა საკუთარ ღონისძიებებში თანატოლები ჩართეს და, გარკვეულწილად, უფროსებსაც დაანახვეს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა, საერთო პრობლემების მოგვარებისთვის გაერთიანება, ერთმანეთსა და გარემოზე ზრუნვა აუცილებელია. აპრილის მზიან დღეებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოსწავლეებმა, საკუთარი სკოლების მიმდებარე ტერიტორიების გარდა, ამ ქალაქების პარკებიც დაასუფთავეს, ყვავილები და ნერგები დარგეს, დასუფთავებულ ტერიტორიებზე საკუთარი ნახატები გამოფინეს, სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები გამართეს და, რაც მთავარია, არც მზრუნველობას მოკლებული თანატოლები და მოხუცები დაივიწყეს. შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდობის მოხალისეობის აქციას," უშუალოდ, საერთაშორისო ფონდის IFES- ის პარტნიორი სკოლები ახორციელებდნენ: მცხეთაში, ქუთაისში, ახალციხეში, ბორჯომში, თელავში, ყვარელსა და რუსთავში. ამ ქალაქებში ახალგაზრდობის მოხალისეობის დღეები სხვადასხვა მასშტაბებით წარიმართა, თუმცა შეიძლება იმის თქმა, რომ წელს ყველგან უფრო მეტი აქტივობა და ენთუზიაზმი იგრძნობოდა ვიდრე შარშან. მაგალითისთვის ქუთაისს მოვიყვანთ, IFES- ის სამოქალაქო განათლების რეგიონალურმა კოორდინატორმა მადონა ცინცაძემ, რომელსაც შაბათს ვესაუბრე, გვითხრა, რომ აქციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მთელ ქალაქში იყო გაშლილი.

[მადონა ცინცაძის ხმა] "ქუთაისში აქცია დაიწყო 11-ში, იმერეთის რეგიონის მოსწავლეთა და სტუდენტთა ასოციაციის თაოსნობით შეიკრიბა ექიმთა ჯგუფი. არის ქუთაისში შრომის, ჯანმრთელობის და სოცუზრუნველყოფის სამსახური და ის დაგვეხმარა."

ამ სამსახურის დახმარებით, მზრუნველობას მოკლებულ ბავშთა სახლებს მედიკამენტები გადასცეს. ექიმთა ჯგუფმა ამ სახლების ბინადარ ბავშვებს გამოკვლევაც ჩაუტარა. ამ ბავშვებს საკვები პროდუქტი და ტანსაცმელიც მიუტანეს. ქველმოქმედებისთვის სკოლების მოსწავლეებს ქუთაისში მოქმედი კერძო საწარმოები დაეხმარნენ. კიდევ, მოსწავლეებმა კონცერტები გამართეს მერიის შენობის წინ და მოხუცთა სახლშიც. მადონა ცინცაძის თქმით, სკოლების ეზოების გარდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ბოტანიკური ბაღიც გაასუფთავეს, ეკოლოგიურ საკითხებეზე პლაკატები გამოფინეს.

[მადონა ცინცაძის ხმა] " ბავშვებმა წინასწარ შეიმუშავეს ბუკლეტები და დაარიგეს. მოწოდებები არის ასეთი: "ადამიანო, შენ ხარ პირველი მიზეზი ეკოლოგიური პრობლემების! ნუ ჩაყრი საყოფაცხოვრებო და ტექნიკურ ნარჩენებს მდინარეებში, ზღვებსა და ოკიანეებში, თორემ არ გექნება სასმელი წყალი. ნუ დააგდებ ძირს ანთებულ სიგარეტს! ნუ დაყრი პოლიეთილენის ნივთებს, ის პირველი მტერია ეკოლოგიის. მე მგონი, ჩვენი ეკოლოგიური აქციები გახდება მაგალითი სხვებითვის, რადგან მოსახლეობა მოდის და უერთდება ჩვენს ღონისძიებას. "

მაგრამ ამ ღონისძიებებით ადგილობრივი ხელმძღვანელობა დიდად არ დაინტერესებულა. მცხეთის მიმართ კი ამას ვერ ვიტყვით. მცხეთაში "ახალგაზრდობის მოხალისეობის აქციის" ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნათია ვერულაშვილმა გვითხრა, რომ მცხეთელ მოსწავლეებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თანადგომა აგრძნობინეს. სხვათა შორის, მცხეთის პარკის დასუფთავებისა და იქ ყვავილებისა და ნერგების დარგვის პროცესში ქართველ ბავშვებთან ერთად ამერიკელი ბავშვებიც მონაწილეობდნენ.

[ნათია ვერულაშვილის ხმა] " საერთოდ, 150 ბავშვი გვყავდა და უფროსები. მცხეთა ისედაც პატარა ქალაქია და იმდენი ხალხი იყო პარკში, ძლივს ვეტეოდით. ყველა აჟიტირებული და გახარებული იყო. ასევე, მცხეთის პირველი საშუალო სკოლიდან იყო მოსული სასულე ორკესტრი, რომელმაც საოცარი საზეიმო განწყობა შექმნა მცხეთის პარკში. "

ასეთ ატმოსფეროში დარგეს ხეები და ყვავილები ქართველმა და ამერიკელმა ბავშვებმა მცხეთის განახლებულ პარკში. "ახალგაზრდობის მოხალისეობის აქციის" ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში ამერიკელი მოხალისე ბავშვები ბორჯომშიც მონაწილეობდნენ. მტკვრის სანაპიროზე ხეები მათაც დარგეს და საკუთარი სახელები დაარქვეს. ამის შესახებ ბორჯომის მეექვსე საშუალო სკოლის მოსწავლემ თამთა გელაშვილმა გვიამბო.

[თამთა გელაშვილის ხმა]" ჩვენს სკოლაში ყოველთვის იგრძნობოდა ეკოლოგიით დაინტერესება.ეკოლოგიური კვირეულიც იწყება ორშაბათიდან. აქციის სახელი იყო "ჩვენი ეზო, ჩვენი ქალაქი" და სკოლის ეზოც დასუფთავდა. მე მგონია, ასეთ აქციებს უფროსებიც ჩაატარებენ. ყოველ შემთხვევაში, ამის იმედი მაქვს. "


ქუთაისელ, ბორჯომელ თუ მცხეთელ მოსწავლეებს რუსთავში ცოტა მოგვიანებით, კვირას, აუბეს მხარი, იმ მიზეზით, რომ ამ ქალაქში შაბათი სასწავლო დღე იყო. IFES-ის რუსთაველ პარტნიორს პავლე თვალიაშვილს ჩვენ შაბათს, ახალგაზრდული აქციის დაწყებამდე, ვესაუბრეთ:

[პავლე თვალიაშვილის ხმა] " ხეები უნდა დარგონ მოსწალეებმა და რამდენი სკოლაც იქნება, თითოეულ სკოლას მიეცემა თავისი უბანი. გამწვანების სამსახურმა უნდა მოგვაწოდოს ნერგები და ველოდები პასუხს."

იმედია, ქალაქის გამწვანების სამსახური მოსწავლეებს ნერგებს მიაწვდიდა და ეს ნერგები, ალბათ, უკვე დარგულია. კვირას, ახალგაზრდობის მოხალისეობის დღის აღსანიშნავად რუსთავში შინაური ცხოველების გამოფენაც უნდა გაემართად. აი, ასეთი იყო საქართველოში ახალგაზრდობის კეთილი ნების დღეები. ჩვენ კი მომავალ კვირამდე გემშვიდობებით.
XS
SM
MD
LG