Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო მინისტრი ახალ პოლიტიკურ რეალობაში


ნინო ბურჯანაძისა და ავთანდილ ჯორბენაძის დანიშვნა თანამდებობებზე საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა. ნინო ბურჯანაძე ოპოზიციის კანდიდატურა იყო, ავთანდილ ჯორბენაძე კი - ქვეყნის პრეზიდენტის.

ამ ფაქტის მიუხედავად, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ასევე სახელმწიფო მინისტრს პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ერთადერთი რეალური მიზეზით - ისინი პარტიული ლიდერები ან ძლიერი პოლიტიკური ფიგურები არ ყოფილან. დღეს ეს ვითარება საგრძნობლად შეცვლილია.

ახალ პოლიტიკურ რეალობაზე საუბარი პირველად პარლამენტში დაიწყო. საუბარს კი საქმე მოჰყვა. ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაბანაკებული ჟვანიასა და სააკაშვილის თანაგუნდელებს კომიტეტის თავმჯდომარეთა პოსტები 118 ხმით ჩამოართვეს და დანარჩენმა ფრაქციებმა გადაინაწილეს. ეს ფაქტი შეფასდა, როგორც საპარლამენტო ცხოვრების ნორმა, რადგან საკადრო საკითხებს, ჩვეულებრივ, უმრავლესობა წყვეტს - ასე იყო წარსულში და მომავალშიც ასე იქნება. ადგილების გადანაწილება კი უპრობლემოდ მოხერხდა, რასაც ხელი შეუწყო საპარლამენტო თანამდებობების სიმრავლემ.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მას არჩევისას მხოლოდ ნეიტრალიტეტის დაცვა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის კოორდინაცია დაევალა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ პარლამენტს ნეიტრალური თავმჯდომარე სჭირდებოდა და ეყოლებოდა, სულ მცირე, იმ დრომდე, ვიდრე მყარი უმრავლესობა ჩამოყალიბდებოდა და ერთიან კანდიდატზე შეთანხმდებოდა. შესაბამისად, ამ პროცესს ბუნებრივად დააჩქარებდა ნინო ბურჯანაძის დაახლოება რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფთან, განსაკუთრებით, გაერთიანებულ ოპოზიციასთან.

თავის მხრივ, პრობლემები შეექმნებოდა სახელმწიფო მინისტრსაც, თუკი იგი დათმობდა სუსტი პოლიტიკური ფიგურის იმიჯს და რომელიმე გავლენიანი ინტერესთა ჯგუფის თუ პარტიის ლიდერობას გასწევდა.

ორივე შემთხვევაში - როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე სახელმწიფო მინისტრი - პარლამენტმა დაამტკიცა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ მათ უკან, მათ მიღმა მეტ-ნაკლებად ძლიერი პოლიტიკური ძალა არ იგულისხმებოდა. მაშინდელ პარლამენტში საკვანძო თანამდებობაზე დასანიშნად მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა ვერც ერთი პარტიული ლიდერი, განსაკუთრებით, მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენელი, რადგან მეტისმეტად ბევრი ინტერესი იხლართებოდა და უპირისპირდებოდა ერთმანეთს.

მაგრამ ორივე პოსტი მეტისმეტად მძიმე აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მათ მფლობელებს დიდხანს შეენარჩუნებინათ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. ახალი რეალობა შეიქმნა ავთანდილ ჯორბენაძის არჩევით მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარედ. პარლამენტში სერიოზული პრობლემების ასაცილებლად სახელმწიფო მინისტრს სასწრაფოდ დასჭირდა უმრავლესობის შეკოწიწება. ნინო ბურჯანაძე კი ოპოზიციისკენ გადაიხარა.

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ სახელმწიფო მინისტრს პარლამენტში მყიფე საფუძველი აქვს, ისევე, როგორც თავად პარლამენტის თავმჯდომარეს. წონასწორობის შენარჩუნებას ხელს უწყობს ის ფაქტორი, რომ ჯერჯერობით ვერც სახელისუფლო და ვერც ოპოზიციური ფრაქციები 118 ხმას მყარად ვერ აგროვებენ.

სახელისუფლო ფრაქციებმა სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როდესაც კრიზისულ სიტუაციაში პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების პროცედურის გამარტივება მოითხოვეს. შესაბამისი დადგენილების პროექტის გამოქვეყნების მიზანი ნინო ბურჯანაძის დაშინება იყო. მაგრამ შეცდომის არსი მდგომარეობდა ძალაუფლების ერთი უმთავრესი კანონის დარღვევაში: არ შეიძლება წინასწარ, ნაადრევად, გასცე ინფორმაცია სამომავლო გეგმების შესახებ. ამ ფარატინა ფურცელს ნინო ბურჯანაძე არ შეუშინებია, რადგან მან იცის, რომ ძალთა ბალანსი არ იძლევა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არარსებული უმრავლესობის რომელიმე ლიდერის დანიშვნის საშუალებას.

ზუსტად ამავე ვითარების გამო ავთანდილ ჯორბენაძეს არ ეშინია საპარლამენტო ოპოზიციის. თუ ამჟამინდელ მინისტრს თანამდებობის დაკარგვის საფრთხე დაემუქრება, არა პარლამენტის მხრიდან, არამედ - პრეზიდენტისგან. ახალი საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბების შემდეგ კი ჯორბენაძე პრეზიდენტისგან სრულიად საიმედოდ არის დაცული. ბოლოხანს თემატური უმრავლესობის ლიდერები საკითხს იმგვარად წარმოაჩენენ, თითქოს, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლა იმ უმრავლესობის მიერ, რომელიც სახელმწიფო მინისტრის ირგვლივ არის შემოკრებილი. სინამდვილეში, თუკი პარლამენტში, მართლაც, შეიქმნებოდა მყარი უმრავლესობა, გამოკვეთილი ლიდერით, ეს უმრავლესობა მოისურვებდა როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, ისე სახელმწიფო მინისტრის პოსტების დაუფლებას. ამას პოლიტიკური ლოგიკა თავისთავად გულისხმობს. მაგრამ იმის გამო, რომ ამჟამად პარლამენტში კვორუმიც კი ძნელად იკრიბება, თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, პრეზიდენტის მხრიდან ხელოვნური ჩარევის გარეშე, რაც ბოლო დღეების მოვლენებმა მთლიანად გამორიცხა, საპარლამენტო არჩევნებამდე ნინო ბურჯანაძეც და ავთანდილ ჯორბენაძეც საკუთარ თანამდებობებს უპრობლემოდ შეინარჩუნებენ.
XS
SM
MD
LG