Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1989 წლის 9 აპრილის სისხლიან ღამეს


1989 წლის 9 აპრილის სისხლიან ღამეს

რუსეთის ინტელიგენცია დაგვიანებით გამოეხმაურა. თავდაპირველად ცენტრალური პრესა ყველანაირად მალავდა სიმართლეს და თბილისში მშვიდობიანი მიტინგის ტრაგიკულ შედეგებს "ქართველ ექსტრემისტებს" აბრალებდა. პირველად "სისხლიანი კვირის" ობიექტური სურათი რუსებს ფოტოჟურნალისტმა იური როსტმა წარმოუდგინა. გაზეთ "მოსკოვსკიე ნოვოსტიში დაბეჭდილ მის რეპორტაჟს მოჰყვა საბჭოთა კავშირის 5 დეპუტატის წერილი, რომელიც ამავე გაზეთის 23 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა. წერილის ავტორები - მიხაილ ბელიკოვი, ბორის ვასილიევი, ალექსანდრ გელმანი, დიმიტრი ლუნიაკოვი და ეგორ იაკოვლევი - ელდარ შენგელაიამ ჩამოიყვანა თბილისში. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ დეპუტატებმა კინოს სახლში პრესკონფერენცია გამართეს და, ხელისუფლების ზეწოლის მიუხედავად, ადამიანების წინააღმდეგ ჩადენილი შემზარავი დანაშაულის შესახებ უამბეს. ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, მწერალი ალექსანდრ გელმანი, ადამიანის სიცოცხლეს ყოველთვის "უმაღლეს ფასეულობად" მიიჩნევდა. მას 70 წელი უსრულდება და ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა "ოქროს საუკუნეც" მის შემოქმედებას ეძღვნება. 1989 წლის შემდეგ რუსი მწერლისა და პუბლიცისტის მოქალაქეობრივი პოზიცია არ შეცვლილა.

...არადა, "მოქალაქეობრივი პოზიცია" მას შემდეგ არაერთმა რუსმა ინტელიგენტმა შეიცვალა. ცოტა ხნის წინ, როცა იური ლუჟკოვმა მოსკოვში ძერჟინსკის ძეგლის აღდგენა მოითხოვა, ცნობილი მწერალი, დრამატურგი, პუბლიცისტი ალექსანდრ გელმანი გაკვირვებას ვერ მალავდა, ჩვენს ქვეყანაში სიმბოლოებით თამაში დაიწყეს, ინტელიგენცია კი ხმას არ იღებსო. მაგრამ ინტელიგენცია ალექსანდრ გელმანის აღშფოთებასაც ირონიულად შეხვდა: მოსკოვში იგი ყოველთვის "პერესტროიკის მწერლად", გორბაჩოვის იდეოლოგად ითვლებოდა. სხვათა შორის, პოპულარული, მართლაც, მხოლოდ 80-იანი წლების მიწურულს გახდა. მართალია, აქამდე მისი პიესებიც იდგმებოდა თეატრებში, ხოლო მისი სცენარით გადაღებული ფილმი "პრემია" სახელმწიფო ჯილდოთი ჯერ კიდევ ბრეჟნევის ეპოქაში აღნიშნეს, აქტიური მოღვაწეობა გელმანმა მხოლოდ 80-იანი წლების მიწურულს დაიწყო. ალბათ, იმიტომ რომ საბჭოთა იდეოლოგებთან თანამშრომლობა არასდროს მონდომებია. როცა ფილმი "პრემია" დასავლეთის ეკრანებზე გამოვიდა, ევროპელი კრიტიკოსები გაკვირვებას ვერ მალავდნენ, ნუთუ საბჭოთა ცენზურამ ვერ შენიშნა ამ ფილმის დაფარული პლასტები - რომ "პრემია" საბჭოთა ბიუროკრატიზმის მხილებაა, რომ სურათი პირდაპირ ბუნტისკენ მოუწოდებს რუს მშრომელებსო?
ალექსანდრ გელმანი ბავშვობიდან გახდა ტოტალიტარიზმის მსხვერპლი. იგი 1933 წელს ბესარაბიაში დაიბადა. ომის დროს ებრაელთა გეტოში გაატარა ბავშვობა, ომის მერე კი უკვე საბჭოთა ანტისემიტიზმს შეეჯახა - თავისი გვარის გამო უნივერსიტეტში არ მიიღეს. მერე მწერლებმა გამოუცხადეს ბრძოლა. მისი გვარი არც მწერალთა კავშირში მოეწონათ. მოგვიანებით იგი დაწერს:

[ალექსანდრ გელმანის ციტატა]: "ჩემს ცხოვრებაში არაერთ ანტისემიტს შევხვედრივარ. პირისპირ. საშინელება ის კი არაა, რომ გიყურებს ადამიანი, რომელსაც სძულხარ. საშინელება სხვაა: მისი სიძულვილი იმდენად ძლიერია, რომ საპასუხო სიძულვილს ბადებს შენში. მხეცური გრძნობები გადამდებია. ასეთი შეხვედრების შემდეგ ძალიან ძნელია დაიბრუნო ადამიანის სახე."

ალექსანდრ გელმანი ქარხანაში მუშაობდა ზეინკლად და მერე, როცა კალამი აიღო ხელში, "მუშათა კლასის" შესახებ დაიწყო წერა. ერთი განსხვავებით: გელმანის პიესები სოცრეალიზმის სულისკვეთებას არასდროს გამოხატავდა. მისი გმირები - ჩვეულებრივი, ცოცხალი ადამიანები იყვნენ. ამიტომაც მიაქცია ყურადღება, ალბათ, გელმანის პიესას "პრემია" რობერტ სტურუამ, რომელმაც ეს სპექტაკლი 1974 წელს დადგა, "კავკასიური ცარცის წრის" პრემიერამდე ერთი წლით ადრე, "ყვარყვარესთან" ერთად.

ალექსანდრ გელმანს, ზოგიერთი ცნობილი რუსი პოეტისგან განსხვავებით, საქართველოზე ლექსები არ დაუწერია. 80-იანი წლების მიწურულს ცენტრალური ტელევიზიის სტუდიაში თავმოყრილი რუსი მწერლებისგან განსხვავებით, ტირილი არ დაუწყია, რატომ არ გინდათ, ქართველებო, ჩვენთან ერთად ცხოვრება, ჩვენ ხომ ბევრი რამ გვაკავშირებსო. იგი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც, უბრალოდ, მოსთხოვა გორბაჩოვის ხელისუფლებას, ეღიარებინა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. 1990 წელს ჟურნალ "ისკუსტვო კინოში", სადაც საავტორო რუბრიკა "კითხვები და აზრები" მიჰყავდა, ალექსანდრ გელმანი წერდა:

[ალექსანდრ გელმანის ციტატა]: "ჩვენი რესპუბლიკების წარსული იმდენად შეურაცხმყოფელი, არაადამიანური იყო, რომ ამ ხალხს სრული მორალური უფლება აქვს ოცნებობდეს ჩვენგან გამოყოფაზე. ეს - სიმწრით მიღწეული უფლებაა, რომელსაც მათ ვერავინ წაართმევს. ეს უნდა ვაღიაროთ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე."

საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატად ალექსანდრ გელმანი არა მწერლებმა, არამედ კინემატოგრაფისტებმა აირჩიეს თავიანთ რევოლუციურ ყრილობაზე, რომელსაც ბევრი გორბაჩოვის ეპოქის დასაწყისად მიიჩნევს. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან სულ რამდენიმე დღე იყო გასული, როცა კინემატოგრაფისტთა კიდევ ერთი დელეგატი, ელდარ შენგელაია, მოსკოვში გაფრინდა და ალექსანდრ გელმანი, კინემატოგრაფისტთა ოთხ მოსკოველ დელეგატთან ერთად, თბილისში ჩამოიყვანა. მოსკოვში დაბრუნების შემდეგ გელმანმა კატეგორიულად მოსთხოვა ხელისუფლებას შეეწყვიტა რუსი სამხედროების გამართლება და დაესაჯა დამნაშავეები. თავის წერილებში იგი 9 აპრილს იშვიათად ახსენებდა - საქართველოსადმი კეთილად განწყობილი რუსი ინტელიგენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ხელისუფლების ნაცვლად ბოდიშს უხდიდნენ თავიანთ ქართველ მეგობრებს, გელმანი "შორს წავიდა" - 9 აპრილი მისთვის საბჭოთა კავშირის დანგრევის სიმბოლო გახდა. თითქოს ყველას მიმართავდა - ცენტრალურ ხელისუფლებას, რუსეთის ინტელიგენციას, საერთოდ, რუს ხალხს:

[ალექსანდრ გელმანის ციტატა]: "დაიმახსოვრეთ - ის "საერთო სახლი", რომელიც გვქონდა, აღარ იარსებებს. იქნება "საერთო სახლი", მაგრამ სხვანაირი "საერთო სახლი", რომლის ყველა ბინაში იმოქმედებს განსხვავებული კანონი... და კანონებს პატივი უნდა ვცეთ, იმ შემთხვევაში, როცა ამ ბინაში მოვხვდებით. ეს იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი ხალხის "საერთო სახლი".

საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ დამოუკიდებელი, თავისუფალი ხალხის "საერთო სახლი" მაინც არ აშენებულა - აშენდა მხოლოდ "დსთ", აშენდა საბჭოთა ინჟინრების პროექტით, იმ პროექტით, რომელსაც ჯერ კიდევ 70-იან წლებში დასცინოდა ალექსანდრ გელმანი თავის ეგრეთ წოდებულ "საწარმოო თემაზე" შექმნილ ნაწარმოებებში. საბჭოთა მენტალიტეტის "მეტასტაზებზე" გელმანი მაშინაც ილაპარაკებს, როცა რუსეთი თავისუფალი ქვეყანა გახდება. მას ისევ შეეშინდება შეუწყნარებლობის, "მტრის ხატებით" თამაშისა და დასავლური ფასეულობების მიუღებლობის, რომლისგანაც ყოფილ საბჭოთა კავშირში ისევ ვერ თავისუფლდებიან. ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში იგი წერს:

[ალექსანდრ გელმანის ციტატა]: "კომპრომისის ფილოსოფიის, კომპრომისის მორალის დაგმობა ჩვენში ტრადიციად იქცა. კომპრომისი - სირცხვილად, ღალატად, დანაშაულად ითვლებოდა. სამაგიეროდ, ქება-დიდებას არ აკლებდნენ საბჭოთა, კლასობრივ, პროლეტარულ უკომპრომისობას. კომპრომისის სიძულვილს აღვივებდნენ ბავშვებში და უკომპრომისობის რომანტიკას აღზრდის სისტემაში რთავდნენ. დღეს ჩვენ "ანტიკომპრომისული სტრატეგიის" ნაყოფი უნდა მოვიმკოთ."

ალექსანდრ გელმანი დარწმუნებულია, რომ რუსეთი - და, იქნებ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების აბსოლუტური უმრავლესობა - დღეს "ანტიკომპრომისული სტრატეგიის" ნაყოფს იმკის. თუმცა სხვა რესპუბლიკებს იგი აღარ ეხება. მას თავისი სამშობლოს ბედი აწუხებს. იგი ეჭვობს, რომ რუსეთმა უკვე გაუშვა შანსი ეგრძნო თავისუფლების სიტკბო. საბჭოთა კავშირის ჰიმნის აღდგენა, მერე კი ძერჟინსკის "მონსტრის" რეანიმაციის ცდა, რასაც ალექსანდრ გელმანი დაუყოვნებლივ გამოეხმაურა, რუსი მწერლისთვის თავისუფლებაზე უარის თქმაა. მისი სიტყვებით:

[ალექსანდრ გელმანის ციტატა]: "ჩვენ არა გვაქვს თავისუფლების ნორმის შეგრძნების უნარი, ჩვენს სულს არა აქვს გამოცდილება "გაუზომოს" მოცულობა თავისუფლებას. სისტემური, მყარი თავისუფლების მოსაპოვებლად შრომაა საჭირო...ის, რაც ჩვენ არ გვიყვარს, რასაც არ ვაკეთებთ."

ადამიანს, რომელიც 9 აპრილის ტრაგიკული ღამის შემდეგ კომუნისტურ ხელისუფლებას მიმართავდა, რად გვინდა თქვენი წესრიგი, თუ ბავშვებს დაგვიხოცავთო, ამ მგზნებარე პაციფისტს, ალექსანდრე გელმანს, დღეს ერაყის ომის მიმართ საჯაროდ პროტესტი არ გამოუხატავს. და გასაგებიცაა, რატომ - იგი არ იქნება იმ ხელისუფლებასთან ერთად, რომელმაც საბჭოთა კავშირის ჰიმნი აღადგინა. არ იქნება და მის პოზიციას არ გაიზიარებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG