Accessibility links

logo-print

ვინ უნდა იზრუნოს ერაყის აღმშენებლობაზე?


ვინ უნდა იზრუნოს ერაყის აღმშენებლობაზე? ეს კითხვა, რომელიც ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად გაისმის, პოლიტიკოსთა და ექსპერტთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ვაშინგტონს სურს,

რომ ერაყის ომისშემდგომი აღდგენა და ამ ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება ეგრეთ წოდებულმა "მოსურნეთა კოალიციამ" იკისროს, ანუ ქვეყნებმა, რომლებმაც სადამ ჰუსეინის რეჟიმის ძალისმიერ დამხობას დაუჭირეს მხარი და ეს გეგმა განახორციელეს კიდეც. მაგრამ თავად ამერიკელ პოლიტოლოგთა შორისაც კი ბევრია ისეთი, ვისაც ეჭვი ეპარება, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა გაეროზე უკეთ შეძლონ დემოკრატიული ერაყის აშენება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოლ ვულფოვიცის თქმით, ამა თუ იმ ქვეყნის ომისშემდგომი აღმშენებლობის საქმეში გაერო დიდი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის.

გასულ კვირაში, სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტში გამოსვლისას, ვულფოვიცმა აღნიშნა, რომ ერაყში ვითარების ნორმალიზება სამ ეტაპად უნდა მოხდეს. პირველ ეტაპზე ერაყის მართვას აღდგენისა და ჰუმანიტარული დახმარების უწყება განახორციელებს. მისი ამოცანა იქნება, კოორდინაცია და მეთვალყურეობა გაუწიოს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას და ინფრასტრუქტურის ძირითადი ელემენტების აღდგენას, ვიდრე კოალიციის ძალები საკუთარ კონტროლს დაამყარებდნენ მთელს ქვეყანაზე.

ამავე გეგმის თანახმად, მეორე ეტაპზე, ანუ ინფრასტრუქტურის ძირითადი სამსახურების აღდგენისთანავე, ძალაუფლება ერაყის დროებითი ადმინისტრაციის ხელში გადავა. მასში შევლენ ერაყის ყველა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის ისინიც, ვინც ბოლო ხანს ემიგრაციაში ცხოვრობდა. პოლ ვულფოვიცის თქმით, ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა იქნება პირობების შექმნა ერაყის ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

ბოლო, მესამე ეტაპზე, ერაყელები თავადვე აირჩევენ საკუთარ მთავრობას, რომლის ძალაუფლება მთელს ერაყზე გავრცელდება.

სამეტაპიანი გეგმის გრაფიკზე ვულფოვიცს არაფერი უთქვამს. თუმცა ის კი განაცხადა, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერაყის თვითმმართველობაზე გადასვლის საქმე გაეროს დაევალოს. არგუმენტად ვულფოვიცმა ბოსნიის მაგალითი მოიყვანა:

[პოლ ვულფოვიცის ხმა] "არა მგონია, გვსურდეს ისეთი სიტუაციის მიღება, როგორიც, მაგალითად, ბოსნიაში გვაქვს. იქ, დეიტონის შეთანხმებიდან რვა წლის შემდეგაც, ქვეყანას გაერო მართავს. ჩვენ გვინდა ვიხილოთ სიტუაცია, სადაც ძალაუფლება და პასუხისმგებლობა რაც შეიძლება მალე გადავა თავად ერაყელების ხელში."

ანალიტიკოსთა ერთ ნაწილს ეჭვი ეპარება, ერაყელებმა ბოსნიელებზე უფრო სწრაფად მოისურვონ (და შეძლონ) დემოკრატიაზე გადასვლა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქვეყანას საწყის ეტაპზე გაერო კი არა, შეერთებული შტატები გაუძღვება. ასეთთა შორის არის ვაშინგტონის ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, ნათან ბრაუნი.

[ნათან ბრაუნის ხმა] "საქმე არ ეხება მხოლოდ არჩევანს შეერთებულ შტატებსა და გაეროს შორის. აშკარაა, რომ გარკვეული ფუნქცია ორივეს დაეკისრება, თუმცა შეერთებული შტატების როლი, როგორც ჩანს, უფრო მნიშვნელოვანი იქნება. საკითხავია ისიც, ვინ შეასრულებს ამ როლს: სახელმწიფო დეპარტამენტი, საერთაშორისო განვითარების სააგენტო თუ თავდაცვის სამინისტრო? ყოველი მათგანი ამ ძალისხმევის მნიშვნელოვანი ბიუროკარტიული ელემენტია და ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, როგორ უნდა ითანამშრომლონ ამ უწყებებმა."

რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელ კორესპონდენტთან, ენდრიუ ტალისთან საუბარში ნათან ბრაუნმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების რამდენიმე უწინდელი ცდა, აქტიური წვლილი შეეტანა სხვა ქვეყნების დემოკრატიზაციაში, წარმატებით დასრულდა. მაგრამ წარმატების უმთავრესი მიზეზი, ამერიკელი პროფესორის თქმით, ის იყო, რომ იმ ქვეყნების მოსახლეობა ცვლილებებს მიესალმა ან, სულ ცოტა, მათს მიმართ უარყოფითად არ ყოფილა განწყობილი.

ერაყში კი არავინ უწყის, რა მოხდება. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ქვეყანას დემოკრატიას სთავაზობენ სამხედრო ჩარევისა და რეჟიმის ძალისმიერი დამხობის შემდეგ.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ნათან ბრაუნი და მისი არაერთი სხვა კოლეგა ბუშის ადმინისტრაციას ურჩევენ, ერაყის პრობლემის მოგვარება მხოლოდ ერთ მუჭა მოკავშირეებთან ერთად კი არ სცადოს, არამედ საამისოდ რაც შეიძლება ფართო შესაძლებლობები გამოიყენოს.
XS
SM
MD
LG