Accessibility links

logo-print

შეიძლება თუ არა პოსტკომუნისტური ევროპის გამოცდილების გამოყენება ერაყში?


სატელევიზიო კადრები, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობასა და მის თანმდევ მოვლენებს ასახავს - გიგანტური პორტრეტებით დაწყებული და ძეგლებისა თუ ქანდაკებების ჩამოგდებით დამთავრებული

- ქართველებს სულ ახლო წარსულის მოგონებებს გვიღვიძებს: მსმენელთა უმრავლესობას, დარწმუნებული ვარ, კარგად ახსოვს, როგორ დაემხო თბილისში ლენინისა და ორჯონიკიძის ძეგლები. მეტ-ნაკლებად მსგავსი ვითარება იყო იმ პერიოდში ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც.

შეიძლება თუ არა პარალელის გავლება იმ მოვლენებსა და დღევანდელ ერაყს შორის? ცხადია, რომ ისტორიული სხვაობა დიდია: სხვა თუ არაფერი, ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა არა თვით ერაყელების, არამედ უცხო სახელმწიფოების დამსახურებაა. და მაინც, აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ბევრი პოსტკომუნისტური სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის ერაყის ამბები ნაცნობ ასოციაციებს აღძრავს.

ამ თემაზე სასაუბროდ რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი მარკ ბეიკერი ტელეფონით დაუკავშირდა ცნობილ ისტორიკოსსა და პოლიტოლოგს, ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ-ენტონის კოლეჯის პროფესორს ტიმოთი გარტონ ეშს და მისგან შეიტყო, რომ ერაყში მომხდარი ამბები მას ორი წლის წინათ, ბელგრადში მომხდარ მოვლენებს აგონებს, როცა სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმი დაეცა.

გარტონ ეშის აზრით, მრავალი განსხვავების მიუხედავად, ომისშემდგომ ერაყში შესაძლებელია (და საჭიროც კია!) ევროპელთა ახლო წარსულის გამოცდილების გამოყენება. მაგალითად იმ საკითხში, თუ როგორ უნდა მოვექცეთ სადამ ჰუსეინის რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირებს.

[ტიმოთი გარტონ ეშის ხმა] "ჩემი აზრით, უნდა გავითვალისწინოთ აღმოსავლეთი ევროპის გამოცდილება და სასამართლო პროცესები ძალიან ფრთხილად უნდა წარვმართოთ. ვფიქრობ, უნდა გაასამართლონ მხოლოდ ყველაზე სასტიკი პოლიტიკური დამნაშავეები, ისინი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაული, ვინც ხალხს აწამებდა, ვისაც ბრალი მიუძღვის კაცობრიობის წინაშე; და სასურველია, ეს მოხდეს გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე, ჰააგაში."

ბრიტანელი მეცნიერის თქმით, აღმოსავლეთი ევროპის ზოგიერთი ქვეყნის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ სწორი არ არის ტოტალიტარულ დანაშაულში მხილებულთა გასამართლება სამშობლოში, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც დანაშაული იქნა ჩადენილი (ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნისტი ლიდერის, ერიხ ჰონეკერის სასამართლო პროცესი გერმანიაში). მთავარი პრობლემა, გარტონ ეშის აზრით, ის არის, რომ მუდამ ძნელია ამა თუ იმ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის მისადაგება სასტიკი დიქტატურის პირობებში ჩადენილ უაღრესად სპეციფიკურ დანაშაულებთან.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის აზრით, საუკეთესო გზაა ყველაზე სასტიკ დამნაშავეთა მცირერიცხოვანი ჯგუფის გასამართლება საერთაშორისო სასამართლოში, და დანარჩენების მოშორება სახელისუფლო სტრუქტურებიდან. ტიმოთი გარტონ ეში აღიარებს, რომ ამგვარ "წმენდას" ხშირად ობიექტურობა აკლია, მაგრამ ეს გზა მაინც უკეთესია ორ სხვა ალტერნატივასთან შედარებით: ერთი გახლავთ მმართველ სტრუქტურებში დამნაშავეთა დატოვება, ხოლო მეორეა მათი გასამართლება ადგილობრივ სასამართლოებში.

ტიმოთი გარტონ ეში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმ საიდუმლო დოსიეების საკითხს, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმს ცალკეულ პირებსა თუ ორგანიზაციებზე ჰქონდა შექმნილი. აღმოსავლეთ ევროპაში ხომ ბევრგან შეინიშნებოდა ამგვარი დოკუმენტების გამოქვეყნების ცდუნება. ოქსფორდელი ისტორიკოსის აზრით, ამ საქმეებს "საიდუმლოს" გრიფი უნდა მოეხსნას, მაგრამ მათზე ხელი უნდა მიუწვდებოდეთ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც შესაბამის უფლებას საგანგებოდ შექმნილი დამოუკიდებელი უწყება მიანიჭებს.

საკითხისადმი ასეთი მიდგომა საჭიროა თუნდაც იმისთვის, რათა ტოტალიტარული მექანიზმის ცალკეულ ელემენტებს საშუალება არ მიეცეთ, ახალ მთავრობაშიც დაიკავონ საკვანძო თანამდებობები. მოგეხსენებათ, ამგვარი "ლუსტრაცია" წარმატებით გამოიყენა ჩეხეთის რესპუბლიკამ და ვერაფრით ვერ გამოიყენა საქართველომ.

შეიძლება თუ არა, ევროპის პოსტკომუნისტური ქვეყნების გამოცდილება ერაყმა გამოიყენოს ყოფილი მმართველი პარტიის - ბაათისადმი დამოკიდებულების საკითხში? ანუ უნდა მიეცეს თუ არა ამ პარტიას უფლება, თავისუფალ ერაყში მოქმედ ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალად დარჩეს?

[ტიმოთი გარტონ ეშის ხმა] "ეს ძალიან რთული საკითხია. აღმოსავლეთი ევროპის გამოცდილება ასეთია: იქ კომუნისტური პარტიები განაგრძობენ არსებობას და ახლა ყვავიან როგორც პოსტკომუნისტური პარტიები. ალღო თუ არ მატყუებს, ბაათის პარტიის შედარება უფრო ნაცისტურ პარტიასთან შეიძლება, ვიდრე, ვთქვათ, პოლონეთის კომუნისტურ პარტიასთან. საფუძველს მოკლებული არ იქნებოდა, თუკი ძალა, რომელიც ახლა ერაყს აკონტროლებს, აკრძალავდა ბაათის პარტიას, მაგრამ, ვფიქრობ არასწორი იქნებოდა ბაათის პარტიის რიგითი წევრებისთვის, დაბალი რანგის ფუნქციონერებისთვის, აეკრძალათ ერაყის ახალ, დემოკრატიულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა."

ტიმოთი გარტონ ეშის თქმით, აღმოსავლეთი ევროპის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ, თუ შესაბამისი პირობები შეიქმნა, საზოგადოება საკმაოდ მალე ივიწყებს თვით ყველაზე ხანგრძლივი დიქტატურისა და რეპრესიის შედეგებს და პირს დემოკრატიისკენ იბრუნებს. ერაყის შემთხვევაში ყველაფერი სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, გახდება თუ არა შესაძლებელი "შესაბამისი პირობების" შექმნა?
XS
SM
MD
LG