Accessibility links

1978 წლის 14 აპრილის მოვლენებიდან 25 წლის თავზე სტუდენტები ისევ საპროტესტო აქციას აწყობენ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 14 აპრილი, ქართული ენის დღე, საქართველოში სხვადასხვანაირად აღინიშნა. თუ ხელისუფლების წარმომადგენელთა ნაწილმა დედაენის ძეგლთან მოიყარა თავი და ნაწილი მარნეულში გაემგზავრა ქართული

ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, 200-მდე სტუდენტმა პრეზიდენტის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართა. სტუდენტთა ამ ჯგუფს არ მოსწონს სახელისუფლებო ბლოკის შექმნის ფაქტი, რადგან ეს, მათი აზრით, შევარდნაძის ხელისუფლების სიცოცხლის გახანგძლივებას შეუწყობს ხელს.

14 აპრილს სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქცია მშვიდობიანად მას შემდეგ დასრულდა, რაც აქციის მონაწილეებს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი შეხვდა და ისინი არასანქცირებული მიტინგის გამართვის უკანონობაში დაარწმუნა.
მანამდე სტუდენტებმა რუსთაველის პროსპექტზე მსვლელობა გამართეს. ისინი საბჭოთა საქართველოს დროშებს მოაფრიალებდნენ, რომლებსაც ვახტანგ რჩეულიშვილის, ვანო ზოდელავას, აკაკი ჩხაიძის და სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" სხვა ლიდერების პორტრეტები ამშვენებდა. საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტების განცხადებით, საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება საკმარის ხანს იყო.
შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის აზრით, ამ სტუდენტების უკან გარკვეული პოლიტიკური ძალა დგას. ამ ძალის დაკონკრეტებისგან შინაგან საქმეთა მინისტრი ჯერჯერობით თავს იკავებს. თავად აქციის მონაწილენი კი კატეგორიულად უარყოფენ ზურგს უკან რაიმე პოლიტიკური ძალის არსებობას და თავიანთ პროტესტს საკუთარი უმკაყოფილებით ხსნიან.
სხვათა შორის, ეს ვითარება ძალიან წააგავს 25 წლის წინანდელ მოვლენას, როცა, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციიდან ქართული ენის სტატუსის ამოღების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რუსთაველის პროსპექტზე ხალხმრავალი გამოსვლა მოეწყო. მართალია, იმ მოვლენების მონაწილეთა უმრავლესობა დღეს საღსალამათია, მაგრამ კვლავ გაურკვეველია, 1978 წლის 14 აპრილის გამოსვლები იყო საზოგადოების აღშფოთების იმპულსური გამოვლინება თუ ამ გამოსვლების უკან რაღაც ძალები, მართლაც, იდგნენ. ამ ძალების ვინაობაც, პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, სხვადასხვა სახელდება ხოლმე. თუ ერთნი მაშინ ღრმა იატაკქვეშეთში მოქმედი ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის მცირერიცხოვან წარმომადგენლებს ასახელებენ, სხვათა რწმუნებით, 14 აპრილის მოვლენები მაშინდელი ცეკას პირველი მდივნის ედუარდ შევარდნაძის ფარული ჩარევის შედეგი იყო. იმ მოვლენების ყველაზე დიდ მიღწევად კი ის უნდა ჩითვალოს, რომ, ჯერ ერთი, საქართველოს საზოგადოებამ შეძლო კონსტიტუციაში ქართული ენის სტატუსის შენარჩუნება, რაც უძრაობის პერიოდის საბჭოთა კავშირში ნამდვილად დიდი საქმე იყო, და, მეორეც, 1978 წლის 14 აპრილის გამოსვლების სისხლის დაუღვრელად დასრულებამ საზოგადოების დიდ ნაწილს გარკვეულწილად მოუხსნა სინდრომი 1956 წლის 9 მარტისა, როცა საზოგადოების აღშფოთება სისხლში იქნა ჩახშული.
დღევანდელ სტუდენტებს, საბედნიეროდ, შიშის სინდრომი ნამდვილად არა აქვთ. პირიქითაც კი: სწორედ სტუდენტები აქტიურობდნენ ყველაზე მეტად 2001 წლის ნოემბრის მოვლენებისას, როცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ მთავრობის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ, სტუდენტების განცხადებები, რომ ისინი არ მონაწილეობენ პოლიტიკაში, ცოტა გულუბრყვილოდ გამოიყურება, მაშინ როცა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნას არა მხოლოდ აყენებენ, არამედ ხანდახან აღწევენ კიდეც.
XS
SM
MD
LG