Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო უცნაურობები საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში


2003 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს პოლიტიკური ძალები იმდენად უცნაურ და დამაბნეველ გაერთიანებათა შექმნას იწყებენ, ჩანს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მისული

ადამიანებიც უცნაურ და დამაბნეველ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. იმას, ვისთვისაც სულ ერთი არ არის რომელ პოლიტიკურ ძალას მისცეს ხმა, შესაძლოა, არჩევანი არც კი დარჩეს: პოლიტიკურ ძალთა წინასაარჩევნო გაერთიანებების პროცესი ისე მიდის, ვინ ვისთან, რატომ და რა პრინციპით ერთიანდება, აბსოლუტურად გაუგებარი რჩება. მართლაც რა ნიშნით ერთიანდებიან საქართველოში პოლიტიკური ძალები, ამის გასარკვევად ოპოზიციური პოლიტიკური ძალების რამდენიმე წარმომადგენელს ვესაუბრე.

პოლიტიკოსები არ მალავენ, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მოვლენები უცნაურად ვითარდება. "სახალხო პარტიის" თავმჯდომარის მამუკა გიორგაძის თქმით:

[მამუკა გიორგაძის ხმა] "ახლა ისეთი გაერთიანებები შეიქმნება, მრავლისმნახველ ქართველ ერსაც გაუკვირდება."

რამდენად გააკვირვებს ქართველ ერს თავად "სახალხო პარტია", ამის გაგება ცოტა გაგვირთულდა. მამუკა გიორგაძე არ ამხელს, რომელ პოლიტიკურ ძალასთან ან ძალებთან აწარმოებს მოლაპარაკებას და მხოლოდ იმას ამბობს, რომ "სახალხოს" საარჩევნო პარტნიორი თუ პარტნიორები მაისის დასაწყისში დასახელდებიან.

[მამუკა გიორგაძის ხმა] " გარკვეული კონსულტაციები მიმდინარეობს. დასამალი არაფერია, მაგარამ პარტნიორთან შეთანხმების გარეშე ვერ დავასახელებთ."

"გაერთიანებული დემოკრატები" სავარაუდო პარტნიორებად ნაციონალებს, მემარჯვენეებს და ტრადიციონალისტებს ასახელებენ. ყოველ შემთხვევაში, როგორც ვასიკო მაღლაფერიძე ამბობს, დემოკრატები სწორედ ამ ძალებთან მართავენ წინასაარჩევნო კონსულტაციებს.

[ვასიკო მაღლაფერიძის ხმა] "რაღაცებში განსხვავება არის ჩვენსა და ნაციონალებსა და ახალ მემარჯვენეებს შორის, მაგრამ ძალიან ბევრია საერთო. მთელი რიგი ჩვენი შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს, "ახალი საქართველო" კი იმით არის საინტერესო, რომ შეუთავსებლების შეთავსება ხდება."

მაგრამ შეუთავსებლობის პრობლემა მარტო "ახალ საქართველოში" არ უნდა ვეძებოთ. "ნაციონალებს" ამ ეტაპისთვის გარკვეული აქვთ, რომ, გაერთიანების თვალსაზრისით, ორ ძალასთან არ ექნებათ პრობლემები.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] " მაგალითად, დემოკრატებთან გარკვეული გვაქვს. აქ შეიძლება იყო ჯუმბერ პატიაშვილი, ბატონ ჭაჭიაზე საუბარი არ არის."

დემოკრატებისა და" ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, "ახალი მემარჯვენეები" ჯერჯერობით არ ასახელებენ ძალებს, რომლებთანაც მათი გაერთიანება შეიძლება მოხდეს. ლევან გაჩეჩილაძის თქმით, საარჩევნო გაერთიანებისთვის ახლების ნიშნული სამართლიანი არჩევნები იქნება. ვისთვისაც ეს მოთხოვნა მისაღებია და ვინც შევარდნაძის საბნის ქვეშ არ მოექცევა, ახლები მათთან თანამშრომლობისათვის მზად არიან.
მემარჯვენე, მემარცხენე თუ ცენტრისტული იდეოლოგია უკანა პლანზე რჩება, მაშინ, როცა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და სოციალისტები ერთ ბლოკში მოექცნენ. საარჩევნო პროცესი, ვინ იცის, კიდევ რა სიურპრიზებს შემოგვთავაზებს. საარჩევნო გაერთიანებებზე უარს რამდენიმე ძალა ამბობს, მათ შორის, მრეწველებიც. როგორც ზურაბ ტყემალაძემ გვითხრა, "მრეწველები" საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოვლენ. შეკითხვას, მაინც, რა ნიშნით ერთიანდებიან პოლიტიკური ძალები, მან ასე უპასუხა:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] " გვინდა პარლამენტში მოხვედრა - მთავარი ნიშანი ეს არის მათი გაერთიანების."

მთავარ ამოცანად, მართლაც, პარლამენტში მოხვედრა უნდა მივიჩნიოთ, ეს ამოცანა კი ცოტა შორეულ მომავალში საარჩევნო გაერთიანებების წვრილ-წვრილ ფრაქციებად დაქუცმაცებას და დაახლოებით ისეთსავე პარლამენტს გვპირდება, როგორიც დღეს გვყავს. მომავალ არჩევნებზე ამომრჩეველს, ალბათ, როგორც არასდროს, ისე გაუჭირდება გადაწყვიტოს, რომელ ძალას მისცეს ხმა.
XS
SM
MD
LG