Accessibility links

logo-print

აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბულია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სახელისუფლებო კრიზისი სოხუმში გრძელდება. პრეზიდენტ შევარდნაძის ვარაუდით, გამორიცხული არ არის, აფხაზეთში გარკვეულ ძალებს შორის დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს,

რაც, მისი აზრით, აფხაზი ხალხისთვის მომაკვდინებელი იქნება. ამავე დროს, ედუარდ შევარდნაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება არ ერევა აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებში.

უახლოეს მომავალში სოხუმში დაფუძნდება აფხაზეთის ეროვნული თნხმობის ფორუმი, რომლის მიზნადაც სახელდება საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისათვის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა გაერთიანება. ფორუმის დაფუძნების ინიციატორთა სპექტრი ფართოა - ეროვნული თნხმობის ფორუმის დაფუძნების შესახებ განცხადებას ხელს აწერენ, ერთი მხრივ, აფხაზური პარლამენტის თავმჯდომარე ნუგზარ აშუბა, მეორე მხრივ - შემოქმედებითი კავშირებისა და უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელები. საინტერესოა, რომ დამფუძნებელთა შორისაა რუსეთში აფხაზური დიასპორაც, რომლის წევრთა არცთუ თბილი დამოკიდებულების შესახებ სოხუმის პრეზიდენტისადმი აქამდეც არაერთხელ თქმულა.
იმის შესახებ, თუ რა განწყობა აქვს ამ საკმაოდ ფართო სპექტრს პირადად ვლადისლავ არძინბასადმი, გარკვეულ წარმოდგენას ქმნის ინტერნეტულ გამოცემა "აბხაზიაზე" გამოქვეყნებული ინტერვიუ ვეტერანთა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის "ამცახარას" ერთ-ერთ ლიდერთან, რომელმაც ანონიმურობა შეინარჩუნა. ანონიმი რესპონდენტის განცხადებით, არძინბას ავადმყოფობა მისმა გარემოცვამ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენა და ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. იგი ჩამოთვლის უზურპატორთა კონკრეტულ გვარებს: ლევან არძინბა, პაშკა არძინბა, გენადი გაგულია, ვლადისლავ არძინბას დაცვის უფროსი - ასევე არძინბა. "ამცახარას" წევრის განცხადებით, აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები და მთავრობის წევრთა დამტკიცების უფლების პარლამენტისთვის გადაცემა იმ პირობებში, როცა "პრეზიდენტი ლამის საშინაო პატიმრობაშია და ქვეყანას კრიმინალური წარსულის მქონე რამდენიმე ადამიანი მართავს." ჟურნალისტის სიტყვაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალყურს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და არ არის გამორიცხული წესრიგის დასამყარებლად აფხაზეთში ჯარების შემოყვანა, ანონიმი რესპონდენტი პასუხობს, რომ მათ, ანუ ქართველებს, დიახაც, სურთ, რომ აფხაზები ერთმანეთს ხელისუფლების გამო დაუპირისპირდნენ, მაგრამ არსებობს სხვა საშიშროებაც, რომ არძინბას გარემოცვა თავად მოახდენს პროვოკაციას, რომლის შედეგიც ქართველებსა და აფხაზებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება იქნება. ამით აფხაზეთის მოსახლეობის ყურადღება შიდა პრობლემებიდან საგარეო საფრთხეზე იქნება გადატანილი.
გარედან პროვოკაციის საფრთხეზე საუბრობს სოხუმის ხელისუფლების ლიდერი ვლადისლავ არძიბნაც, რომელმაც 12 აპრილს მორიგი მიმართვა გაუგზავნა აფხაზ ხალხს. არძინბას განცხადებით, დაუშვებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე მსჯელობა მიტინგებისა და აქციების მოწყობის გზით. იგი კატეგორიულად არ იზიარებს "ამცახარას" მიერ მთავრობის მუშაობის უარყოფით შეფასებას. მეტიც, მისთვის მიუღებელი ყოფილა რეზერვისტების, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს, - შეგახსენებთ, "ამცახარას" წევრები სწორედ რეზერვისტები არიან - პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვა. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადეობის მხარდაჭერა ცალსახა და უპირობო არ იქნა, ვდალისლავ არძინბა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუძლებლად მიიჩნევს.
სააგენტო "ინტერ-პრესის" ცნობით, "ამცახარა" არ იზიარებს არძინბას ბრალდებებს და აპირებს მისი მოწოდების მკაცრ ტონს ასეთივე ტონით უპასუხოს.
XS
SM
MD
LG