Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შემთხვევაში დაბრუნდებიან აფხაზები საქართველოში


თბილისში ზოგიერთი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ სოხუმში ოპოზიციის გააქტიურებას შეიძლება სეპარატისტთა დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული დაპირისპირებაც კი მოჰყვეს.

იმასაც ვარაუდობენ, რომ, ამ პროცესების შედეგად, შესაძლებელი გახდება აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის დაჩქარება. შესაძლებელია თუ არა ამ გზით აფხაზეთის დანარჩენ საქართველოში დაბრუნება და როგორი საქართველო იზიდავს აფხაზებს?

საქართველოს ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს ერაყის ომის დამთავრებაზე, რის შემდეგაც, თუ პრეზიდენტ შევარდნაძის სიტყვებს ვენდობით, „ამერიკის შეერთებული შტატები აფხაზეთისთვისაც მოიცლის". თუმცა კი შევარდნაძე აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მომხრეა და იმედოვნებს, რომ აფხაზი და ქართველი ხალხი ძმურად უნდა შერიგდეს, თავად აფხაზეთის ლიდერებმა შევარდნაძის მიერ ბუშის წერილის გახმოვანება მუქარად აღიქვეს. ასეთი მუქარის პოლიტიკას მიზანშეუწონლად მიიჩნევს აჭარის წარმომადგენელი ჰამლეტ ჭიპაშვილი, რომელიც „შლეინინგის პროცესად" წოდებული ქართულ-აფხაზური დიალოგის მონაწილეა.

[ჭიპაშვილის ხმა] „ამასთან დაკავშირებით აფხაზებს ჰქონდათ ძალიან მძაფრი რეაქცია და არც შეიძლება არ ჰქონოდათ. ძალიან ხშირად ჩვენ ცუდად ვთარგმნით და ისეთ ინტერპრეტაციას ვაკეთებთ, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გაუხარდება. და არავითარ შემთხვევაში არ ფიქრობს ჩვენი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსები იმაზე, რომ საერთო საქმეს თუ წაადგება."[სტილი დაცულია]

შლეინინგის პროცესის მეათე შეხვედრა ქალაქ ჰამბურგში 12 აპრილს დამთავრდა და იგი, როგორც წინა შეხვედრები, არაოფიციალური დიალოგის ხასიათს ატარებდა. პროცესის ორგანიზატორები კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარეს დაახლოებასა და საერთო ინტერესების გამოძებნაში ეხმარებიან. ამ მიზნის მისაღწევად კი სხვადასხვა თეორიული საკითხების დამუშავება ხდება და მხარეები დიალოგისა და კამათის შემდეგ საკუთარი პოზიციის მიზანშეუწონლობასა თუ სამართლიანობაში რწმუნდებიან.

ასე მაგალითად, წინა შეხვედრაზე აფხაზური მხარე თავად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათთვის დამოუკიდებლობა არც ისე ხელსაყრელია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბოლო შეხვედრაზე კი განხილულ იქნა საკითხი იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ საიმისოდ, რომ აფხაზებისათვის მიმზიდველი გახდეს. ქართული მხარის კოორდინატორის პაატა ზაქარეიშვილის თქმით:

[ზაქარეიშვილის ხმა] „ასეთი სავარჯიშო ჩაატარეს და, აი, რა გამოუვიდათ: განვითარებული დემოკრატია, კანონიერება და მართლწესრიგი, ცხოვრების ევროპული დონე, ადამიანის უფლებათა დაცვის მყარი სისტემა, ქართული ენის თავსმოუხვევლობა, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და აფხაზეთის მოქალაქეებისთვის სამხედრო სამსახურის აფხაზეთში გავლის გარანტიები. პრინციპში შესასრულებელია, არაფერი ამაში მიუღებელი არ არის. აშკარაა, რომ პირველი იმპულსი არის უფრო ლიბერალური და მზად არიან რაღაც-რაღაცები უკეთესი გაიგონ ქართველებისაგან."[სტილი დაცულია]

ამ სურვილების რეალობად ქცევაზე არც დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა იტყოდა უარს, თუმცა ერთი ხელის მოსმით ცხოვრების ევროპული დონის დამკვიდრება ვერ ხერხდება. შესაბამისად, ამ გზით აფხაზეთის დაბრუნება შორეულ პერსპექტივას თუ უტოპიას წააგავს და მწირი შესაძლებლობების მქონე ოფიციალურ თბილისს ისღა რჩება, წერილობითი დაპირებების იმედად იყოს.
XS
SM
MD
LG