Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ იარაღდებიან ქართველი პარლამენტარები?


ქართველ სოციალისტთა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა, რომელიც თავის ისტორიულ მისიად რუსეთთან ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას მიიჩნევს,

დიდ ჩრდილოელ მეზობელთან დაახლოების კიდევ ერთ საშუალებას მიაგნო. თუმცა ამჯერად რჩეულიშვილის გულმოდგინება, შესაძლოა, ახალი სკანდალის საფუძველი გახდეს.

ორიოდ კვირის წინ ქართულ პრესაში დაიბეჭდა წერილების სერია, რომელშიც საზოგადოების ცნობილი პიროვნებები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, როგორც მათ მოიხსენიებენ, პარლამენტარებისთვის იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვდნენ. ხალხის რჩეულები, რომლებიც კანონებს ქმნიან, ისევე თანაბარნი უნდა იყვნენ კანონის წინაშე, როგორც ნებისმიერი მოქალაქე - ასეთი იყო წერილის ავტორთა ძირითადი არგუმენტი.

საგულისხმოა, რომ ამ იდეას ყველაზე უწინ მხარი ე.წ.-მა სახელისუფლებო პარტიებმა და პირადად საქართველოს პრეზიდენტმა დაუჭირა. ედუარდ შევარდნაძემ ისიც კი თქვა, რომ დეპუტატებს თავად მისცემდა მაგალითს და პირველი იტყოდა უარს საპრეზიდენტო ხელშეუხებლობაზე.

მაგრამ საქმე ადგილიდან არ დაძრულა. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თუკი რამ ხიბლი კიდევ შერჩა საპარლამენტო მანდატს, ეს სწორედ სადეპუტატო პრივილეგია და იმუნიტეტია და მათთან გამოთხოვებას უბრძოლველად არავინ აპირებს.

გავიხსენოთ, რა აურზაური მოჰყვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებას, აკრძალვოდათ დეპუტატებსა და მათი დაცვის თანამშრომლებს იარაღით საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. მიუხედვად იმისა, რომ არ არსებობს პრეცედენტი, რომელიმე დეპუტატს სატაბელო იარაღით მომხვდურისგან თავი დაეცვას, როგორც ჩანს, ამ შეღავათის მხოლოდ მცირედით შეზღუდვის მცდელობამაც კი ხალხის რჩეულების საპარლამენტო ამბიციებზე მძიმედ იმოქმედა და ნინო ბურჯანაძის დადგენილებას დეპუტატთა ნაწილმა ცეცხლსასროლი იარაღის ახალი პარტიის შეძენით უპასუხა. მილიტარისტულად განწყობილთა მედროშეობა კი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა ითავა. ორი თვის წინ ქართველ სოცილისტთა ლიდერმა ერთ-ერთ რუსულ კერძო კომპანიას პარლამენტის საჭიროებისთვის 200 ერთეული "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და შესაბამისი საბრძოლო მასალის მოწოდება შეუკვეთა.

თანაც, ძალიან საინტერესოა, რომ წერილი პარლამენტის ჩვეულებრივ ბლანკზე ყოფილა დაბეჭდილი და მას პირადად რჩეულიშვილი აწერს ხელს, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სულ მცირე, საპარლამენტო სუბორდინაციის დარღვევას უდრის.

თუმცა რჩეულიშვილს, რომელსაც მგზნებარე წინასაარჩევნო საქმიანობა აქვს დაწყებული, ჟურნალისტებთან საუბარში არ დაუმალავს, რომ ანგარიშს აღარ უწევს პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებებს და ამ შემთხევაშიც საკუთარი შეხედულებებისამებრ მოქმედებდა.

თანაც, ქართველ სოციალისტთა დაუცხრომელმა ლიდერმა, რომელიც თავის ისტორიულ მისიად რუსეთთან ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას მიიჩნევს, ეს შემთხვევა დიდ ჩრდილოელ მეზობელთან დასაახლოებლადაც გამოიყენა. ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობის გაწყვეტიდან თითქმის 8 წლის შემდეგ ეს პირველი მცდელობაა რუსეთიდან ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანისა, რაც რჩეულიშვილის გაქანების პოლიტიკოსს, ცხადია, არ უნდა გასჭირვებოდა, რომ არა ერთი გარემოება: საკუთარი მოადგილის ასეთი არაკოლეგიალური საქციელით აღშფოთებული პარლამენტის თავმჯდომარე მოითხოვს, რომ უშიშროების სამინისტრომ გაარკვიოს, თუ რა მიზნით აპირებდა რჩეულიშვილი 200 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანას, მაშინ როცა იარაღის შეძენის სურვილი მხოლოდ 50 დეპუტატს გამოუთქვამს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG