Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი პატიმრების თემა კვლავ აქტუალურია. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი მოუწევთ თუ არა მათ რუსეთში ექსტრადირება


უზენაეს სასამართლოში გადაიდო პროცესი, რომელიც გასული წლის ზაფხულში საქართველო-რუსეთის საზღვარზე დაკავებული ჩეჩნების ჯგუფის სამ წევრს უკავშირდება. პროცესი პარასკევს განახლდება.

რა ახალი მტკიცებულებების განხილვა მოუწევს მას?

გასული წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გამო დაკავებულ ჩეჩენთაგან 5 კარგა ხანია ექსტრადირებულია და, გავრცელებული ცნობით, სტავროპოლის ციხეში იმყოფება. მათი ექსტრადირების უკანონობაზე ბევრი ითქვა. შეგახსენებთ, ისინი რუსეთის გზას ისე გაუყენეს, რომ გენერალური პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების საშუალება არ მისცეს. მას შემდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ირწმუნებიან, რომ რუსი სამართალდამცავებისთვის გადაცემული ჩეჩნების მდგომარეობის შესახებ აქვთ ინფორმაცია, რომ ექსტრადირებულები ცოცხლები არიან და მათი მდგომარეობა ნორმალურია. ადამიანის უფლებების დამცველებს ამის არ სჯერათ და აი, რატომ:

[ნანა კაკაბაძის ხმა] " ჩვენ არაერთხელ მივმართეთ გენერალურ პროკურატურას, მოეცათ ინფორმაცია ამ ადამიანების მდგომარეობის შესახებ, მაგრამ, მხოლოდ სიტყვიერად იძახიან, რომ ეს ხალხი ცოცხალია, მაგრამ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატები, ფაქტიურად, არა ჰყავთ და არც ერთ მათი ინტერესების დამცველ პირს არა აქვს საშუალება მოინახულოს ისინი. აქედან გამომდინარე, ჩნდება სერიოზული ეჭვი, რომ ამ ადამიანებს არაჰუმანურად ექცევიან იქ."[სტილი დაცულია]

ნანა კაკაბაძის აზრით, ეს უნდა იყოს სერიოზული არგუმენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის, რომელმაც დანარჩენი ჩეჩნების ბედი უნდა გადაწყვიტოს. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ჰუსეინ ალხანოვის, რუსლან გელოგაევისა და რუსტამ ელიხაჯიევის საქმის განხილვა იქ სამშაბთს განახლდა და საკმაოდ მოულოდნელადაც განვითარდა. ერთ-ერთი პატიმრის, ელიხაჯიევის, ადვოკატმა სასამართლოს პატიმრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა. ამ დოკუმენტის მიხედვით კი, ელიხაჯიევი მოლოკოვია. გამოდის, რომ ელიხაჯიევის სახელზე რუსეთიდან ჩამოსული ბრალდებები, რომლებიც ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილების საბაბი გახდა, მოგონილია, საქართველოს გენერალური პროკურატუტის გადაწყვეტილება კი -გასაუქმებელი. მაგრამ ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ სამშათს უზენაესი სასამართლოსთვის დაცვის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ყალბია. დანარჩენი სასამართლომ უნდა გაარკვიოს. ელიხაჯიევის დაცვას ჰქონდა სურვილი პატიმრის ნამდვილი ვინაობა მხოლოდ მოსამართლისთვის გაემხილა, რათა პროკურატურას რუსი კოლეგებისთვის ინფორმაცია ვერ მიეწოდებინა, მაგრამ ბრალდების მხარეს კანონით აქვს მინიჭებული უფლება, იცნობდეს ყველა მტკიცებულებას, რომელიც დაცვას გააჩნია.
შეგახსენებთ, 13 მარტს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ 3 ჩეჩენ პატიმარს შორის ერთს, ალხანოვს, გაუუქმა პროკურატურის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება იმ მიზეზით, რომ მას დევნილის სტატუსი დაუდასტურა. ალხანოვთან დაკავშირებით რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში პროკურატურამ გაასაჩივრა. გელიგაევის და ელიხაჯიევის შემთხვევაში კი ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება მთაწმინდა-კრწანისის სასამართლომ ძალაში დატოვა. ამის შემდეგ საბოლოო სიტყვა უზენაეს სასმართლოს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG